ერაყი. სუნიტები მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“ 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 39 მილიონია. ერაყის სამ უმსხვილეს დემოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენენ შიიტი არაბები, სუნიტი არაბები და ქურთები, რომელთა უმეტესობა სუნიტური ისლამის აღმსარებელია. ზუსტი დემოგრაფიული დაყოფა ამჟამად არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ  საკითხის პოლიტიკური მგრძნობიარობის გამო უკანასკნელი მონაცემები უცნობია. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 99% მუსლიმია; მათგან დაახლოებით 60-65% შიიტი, ხოლო 32-37% სუნიტი.[1] ერაყის რამდენიმე პროვინციაში სუნიტები უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი და ასეთ პროვინციებს „სუნიტურს“ უწოდებენ; ესენია: ნინევა, სალაჰადინი, ანბარი, დიალა და კირკუკი. ასევე, ბაღდადის ზოგიერთი ნაწილიც მიიჩნევა სუნიტურად.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ პარამილიტარისტული დაჯგუფებები და სამთავრობო ძალები ჩადიოდნენ ომის დანაშაულს და არღვევდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმებს, ძირითადად სუნიტი არაბების მიმართ. ისინი უსამართლოდ კლავდნენ და აწამებდნენ, იტაცებდნენ ასობით კაცსა და ბიჭს ან ანადგურებდნენ სახლებსა და ქონებას. მუქდადიაში თვითმკვლელი ტერორისტის შეტევის გამო შურისძიების მიზნით, დაჯგუფებები თავს დაესხნენ სუნიტურ საზოგადოებას, დახოცეს ათობით ადამიანი და გაანადგურეს სუნიტური მეჩეთები, მაღაზიები და სხვა ქონება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყის მთავრობა და ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელისუფლება აწესებდა თვითნებურ და დისკრიმინაციულ შეზღუდვებს სუნიტი არაბების გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ათობით ათას სუნიტ არაბს ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებაში ხელს უშლიდნენ სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული მექანიზმებითა და სხვა სახის უფლებების დარღვევის გზით.[3]

„Amnesty International“ თავის 2017/18 წლების ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ერაყის სამთავრობო ძალებმა და შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს სახლები, რომლებიც შემდეგ გაანადგურეს. მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში, სახალხო მობილიზაციის ძალების შემადგენლობაში მყოფმა სუნიტური ტომის დაჯგუფებამ „Hashd al-Ashari“, ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად, 125 ოჯახი სალაჰადინიდან იძულებით განდევნა. მათ ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირება დასდეს ბრალად. ოჯახები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ტიკრიტთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ პოპულარული სამობილიზაციო ძალები და სხვა სამთავრობო ძალები ხანდახან არასათანადოდ ექცეოდნენ სუნიტ მოქალაქეებს ისლამური სახელმწიფოსგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე და სახელმწიფო უძლური იყო ადეკვატურად მოქცეოდა სუნიტ გადაადგილებულ პირებს. ბევრი სუნიტი გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე გახდა უკანონო დაკავებების, ცემის, გაძარცვის, წამების და მკვლელობის მსხვერპლი, ძირითადად, პოპულარული სამობილიზაციო ძალების მხრიდან. ამავე ანგარიშში წერია, რომ სუნიტი არაბები, რომლებიც ქვეყნის უდიდეს უმცირესობას წარმოადგენენ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პოლიტიკურ სისტემაზე შიიტების დომინანტობის პირობებში, ისინი გავლენის მქონე პოზიციებს მიღმა რჩებიან. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ის სუნიტები, რომელთა მიმართაც გაჩნდება ეჭვი, რომ ეხმარებოდნენ ისლამურ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის და ქონების ჩამორთმევის ობიექტები ხდებიან მთავრობის მომხრე ძალების, ძირითადად შიიტური დაჯგუფებების მხრიდან.[5]

„Freedom House“ თავის 2018 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სუნიტი არაბები, რომლებიც ქვეყნის უდიდესი ეთნო-რელიგიური უმცირესობაა, წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, მაგრამ ხშირად დაობენ შიიტ უმრავლესობასთან იმ მოტივით, რომ მათ რეალური გავლენის მქონე პოზიციების მიღმა ტოვებენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შიიტური დაჯგუფებები აფერხებდნენ სუნიტი მუსლიმების გადაადგილებას ისლამური სახელმწიფოსგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე.[6]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ისლამური სახელმწიფო სწორედ სუნიტებით დასახლებულ ტერიტორიაზე აწესებდა ყველაზე მკაცრ შეზღუდვებსა და სადამსჯელო მექანიზმებს, მათ შორის იყო სექსუალურ უმცირესობად მიჩნეული მამაკაცების სიკვდილით დასჯა, გარყვნილების ბრალდებით ჩაქოლვა, ტელეფონის გამოყენებისა და სიგარეტის მოწევის აკრძალვა. დაჯგუფებამ დააწესა მკაცრი შეზღუდვები ქალებისა და გოგოების ჩაცმულობასა და გადაადგილებაზე. სუნიტ ქალსა და გოგოს უნდა ეტარებინა ნიქაბი და გადაადგილების უფლება ჰქონდა მხოლოდ მამაკაცი ნათესავის თანხლებით.[7]

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „The Christian Science Monitor“ 2017 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მაშინ, როცა ერაყი ზეიმობს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დამარცხებას, სუნიტი არაბული საზოგადოება, ოკუპაციის შემდეგ, ებრძვის იდენტობის კრიზისს. შიიტური მთავრობის პირობებში ცხოვრება ზოგიერთ მათგანს ერაყის ახალ ნაციონალიზმს სთავაზობს. ერაყში 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირიდან უმეტესობა სუნიტია. ISIS-ის ჯიჰადისტების მიერ გატაცებული, გაუპატიურებული ან მოკლული ათი ათასობით ერაყელის უმეტესობა სუნიტი იყო. თითქმის ყველა ქალაქი, რომელიც განადგურებული დარჩა ISIS-ის გაძევებისთვის წარმოებული ბრძოლის გამო – დაწყებული ფალუჯადან და რამადიდან, დამთავრებული მოსულით – უმეტესად სუნიტური იყო.

ერაყის სუნიტმა არაბებმა გრძელი და მტკივნეული გზა განვლეს, დაწყებული რკინის კაცად წოდებული სადამ ჰუსეინის ჩამოგდებით, რასაც მალევე მოყვა სუნიტებით დაკომპლექტებული ერაყის არმიის დაშლა, შემდეგ კი, წლების მანძილზე, გრძელდებოდა ბაღდადის შერეული უბნების ეთნიკური წმენდა, რომლის ძირითად სამიზნეებს ბაასისტები და სუნიტები წარმოადგენდნენ. აღნიშნულს მოყვა, ISIS-ის წინამორბედი, სუნიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ალ-ქაიდა“, რომელიც შიიტების და ამერიკელების წინააღმდეგ ახორციელებდა თვითმკვლელ ტერორისტულ თავდასხმებს. და ბოლოს, 2013 წელს შიიტების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აჯანყება, რომელიც მიმართული იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის წინააღმდეგ, ნიშნავდა იმას, რომ თავდაპირველად სუნიტები მიესალმნენ ISIS-ის გამოჩენას. ISIS-ის მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, ერაყელ შიიტებს და სუნიტ ქურთებს, რომელთათვისაც ეთნიკური იდენტობა რელიგიურ კუთვნილებაზე მიუთითებს, მიაჩნიათ, რომ ყველა არაბი სუნიტი ჯიჰადისტი ექსტრემისტია.

სუნიტი ლიდერი, შეიხ ფარეს ალ-დულაიმი, რომელიც მონაწილეობს მთავრობის შერიგების მცდელობაში, აცხადებს, რომ ყველა სუნიტი ISIS-ის წევრად არის მიჩნეული, თუმცა ის ნგრევა და განადგურება, რაც ISIS-მა სუნიტებს მიაყენა, არცერთი სხვა არმიის თუ ოკუპაციის დროს არ მომხდარა. მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მთავრობის მხრიდან ხორციელდება ჩაგვრა, ISIS-ის შესვლის შემთხვევაში, ისინი ყოველთვის იპოვიან მხარდამჭერებს. შესაბამისად, ტყუიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ISIS კეთილგანწყობით არ იქნა მიღებული მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი საწყის პერიოდში. დულაიმის განცხადებით, ISIS-ის გამო ბევრმა სუნიტმა დაკარგა შვილი, რისთვისაც, მათ შურისძიება სურთ. დულაიმის თქმით, ტომის ლიდერები სოფლებისა და ქალაქების მასშტაბით აწყობენ კონფერენციებს, რათა მოხდეს ISIS-ის რეალურ და იძულებით მხარდამჭერებს შორის გარჩევა, რომლებიც, ეკონომიკური საჭიროებების თუ იარაღის ძალით მუქარის გამო, იძულებულები იყვნენ მათ სამსახურში ყოფილიყვნენ. მაგალითისთვის, ერთერთი დიდი ტომის 100-ზე მეტმა გავლენიანმა კაცმა მოაწერა ხელი შეთანხმებას იმის შესახებ, რომ კონკრეტული ოჯახები არ უნდა იყვნენ დასჯილნი სხვების მიერ იმის გამო, რომ ისინი კავშირში იყვნენ ISIS-თან.

დულაიმის თქმით, დღესდღეობით, არმიასა და უსაფრთხოების ძალებს აქვთ რეკრუტირების კომიტეტები, სადაც იწვევენ სუნიტებს და უფრო მეტიც, ყოფილ ოფიცრებს, რომელთაც არ აქვთ სისხლში გასვრილი ხელები. ოქტომბრის ბოლოს, ანბარის შეიხები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ აბადის, რათა 3,150 სუნიტი პოლიციელი ხელახლა შეერთებოდა ეროვნულ ძალებს, რომლებიც 2014 წელს, ISIS-ის მოსვლის შემდეგ, იქნენ გათავისუფლებულები. დულაიმის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებაში აზროვნების კუთხით სერიოზულ ცვლილებას აქვს ადგილი; ამჟამად ყველა ხვდება, რომ ერაყის მართვა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობის მიერ. ხალხი ამის გააზრებას იწყებს, თუმცა მათ დრო სჭირდებათ.[8]

ყოველკვირეული ჟურნალი „The Economist“ 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ მოსულსა და ფალუჯაში სუნიტები ერთსა და იმავე ისტორიებს ყვებიან. მათი თქმით, უმუშევრობის დონე უკიდურესად მაღალია. უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ადამიანი, დღეში 20 დოლარის სანაცვლოდ, გვის ქუჩებს ან ნიჩბით ასუფთავებს ნარჩენებისგან. შეინიშნება დებაასიფიკაციის პოლიტიკის ნიშნები, რამაც ამერიკის ოკუპაციის დროს სუნიტების გაუცხოება გამოიწვია. ფალუჯაში, დაახლოებით 4,600 პოლიციის თანამშრომელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაბრუნდნენ ქალაქში.

ადგილობრივი სუნიტი სამხედროები პატრულირებენ ფალუჯას ცენტრში, ხოლო შიიტური ჯგუფები ქალაქის შემოგარენში რჩებიან. ფალუჯადან ბაღდადისკენ მიმავალ გზაზე, სუქურის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, იმდენად ხანგრძლივი და გართულებული შეზღუდვებია დაწესებული, რომ ბევრი თავს არიდებს მოგზაურობას. მთავრობის მხრიდან ფულის გამოძალვის შესახებ საჩივრებს ჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ფალუჯას ბაზრის ერთერთი ყასბის, იბრაჰიმ ასსადის განცხადებით, თუ სამზე მეტი ცხვრის შეყვანას მოისურვებს ქალაქში, თითო ცხვარზე 10 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. მისი თქმით, ისინი ახრჩობენ ქალაქს. ერაყის ოფიციალური პირები უარყოფენ რაიმე მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სუნიტების გაუცხოებამ შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს პრობლემები.[9]

ახალი ამბების პორტალი „Middle East Eye“ 2017 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ფალუჯაში განხორციელებული დერადიკალიზაციის პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ქვეყნის დანარჩენ ნაწილზეც გავრცელდა.  მუჰამმადი შეიხების საბჭოს (რაბატ ალ-მუჰამმადის საბჭო) – რომელიც ფალუჯაში დაფუძნებული ორგანიზაციაა და ებრძვის ექსტრემისტულ იდეოლოგიას ერაყში – 12 რელიგიური სწავლულიდან ერთერთი, შეიხ ქამელ ალ-ფედავი, განმარტავს თუ როგორ მოხდა ისლამის ულტრა კონსერვატიული ვერსიის გავრცელება ფალუჯაში და როგორ ებრძოდნენ ისინი მას. როდესაც აღნიშნული პროექტი განხორციელების პროცესში იყო, ISIS-მა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია ქალაქი ფალუჯა, 2014 წელს. საბჭოს შეიხებმა, რომლებმაც საკუთარი საქმიანობის გამო, სიცოცხლის ხელყოფის მუქარები მიიღეს, ქალაქის მოსახლეობის 90%-თან ერთად დატოვეს ფალუჯა (2011 წლის მონაცემებით ქ. ფალუჯაში 275,000 მოსახლე იყო). მას შემდეგ რაც, 2016 წლის ივნისში, ერაყის არმიამ გაათავისუფლა ფალუჯა, საბჭო კვლავ დაბრუნდა, ISIS-ის მიერ განადგურებულ, საკუთარი დაწესებულებების ნანგრევებზე და თავიანთ მეჩეთზე ისლამის თეთრი დროშა აღმართეს. საბჭოს განცხადებით, ფალუჯას გათავისუფლებიდან 16 თვის შემდეგ, მათ რადიკალ ვაჰაბისტ იმამებს ჩამოართვეს კონტროლი ქალაქში არსებულ ყველა, 200-ივე მეჩეთზე. ფალუჯას მოსახლეობის განცხადებით, ქალაქი ამჟამად გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ის ოდესმე იყო, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

29 წლის პირადი მცველი, ჰაიდერ ალ-აბბასი, აცხადებს: „ჩვენ უფრო მეტი უსაფრთხოება და თავისუფლება გვაქვს, ვიდრე დაყიშამდე გვქონდა, რადგან მანამდე აქ ალ-ქაიდა იყო. ახლა, ჩვენ მხოლოდ მძინარე ტერორისტული ქსელები გვყავს, რომლებიც შეშინებულები არიან.“ შეიხების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შეიხ მოჰამმედ ალ-ნური, ერაყის ჰაშდ ალ-შააბის ძალების მიერ ორგანიზებულ ანტი-ტერორისტულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მათ კონტროლი მოიპოვეს ქალაქის მეჩეთებზე, ფალუჯა გახდა ერაყის ქალაქი, რომელსაც სჯერა ერთობლივი თანაარსებობის.

საბჭოს მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივ დონეზე, რომ ერაყის მთავრობამ შეიხებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედება სთხოვა. ერაყის სატელევიზიო არხზე მათ უკვე 67 პროგრამული ეთერი აქვთ და აცხადებენ, რომ მათი იდეები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღწევს. 2003 წლამდე, ფალუჯაში ძალიან მცირე რაოდენობით ხდებოდა ადგილობრივ სუნიტებსა და შიიტებს შორის განსხვავება. შერეული ქორწინებები იმდენად ფართო ხასიათის იყო, რომ საბჭოს ერთერთი სუნიტი შეიხის ცოლი, შიიტურ მიმდინარეობას ეკუთვნოდა. ქამელის განცხადებით, „ნამდვილი ერაყული კულტურა ერთმანეთისგან არ ასხვავებს რელიგიებს და პარტიებს. ფალუჯაში სუნიტები, შიიტები, ქრისტიანები და მანდეიზმის მიმდევრები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, შემდეგ კი ალ-ქაიდა და დაყიში მოვიდა, როგორც იარაღი, რათა ქვეყანა რელიგიური ნიშნით დაეყოთ.“ სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ შიიტური დროშა, რომელიც ფრიალებს ქალაქის თავზე, იძლევა შეიხ ალ-ნურის ნათქვამის დადასტურებას, რომ ფალუჯა საბოლოოდ იწყებს 2003 წლამდე არსებული ერთობლივი თანაარსებობის პერიოდთან დაბრუნებას.[10]

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს „Associated Press“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერაყის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, მაჰდი ალ-ალაქის, განცხადებით, მთავრობამ დაახლოებით 19,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო ანბარის პროვინციის სტაბილიზაციის პროექტებისთვის. მისივე თქმით, ბაღდადსა და ფალუჯაში ორი ახალი წყლის სადგური აშენდა, ხოლო დანარჩენი შვიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. ქალაქის გათავისუფლებიდან ცხრა თვის განმავლობაში 370,000 ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელს, თუმცა ქუჩებისა და სახლების დიდი ნაწილი განადგურებულია. გაეროს დახმარებით, ფალუჯაში ხელახლა გაიხსნა ათობით სკოლა, ასევე წყლის ფილტრაციის სადგურები, რომლის საშუალებითაც ქალაქის 60% წყლით მარაგდება.[11]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაეში მასობრივად არღვევდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებით, რომელთა სამიზნეს ძირითადად შიიტები, მაგრამ ასევე ის სუნიტებიც წარმოადგენდნენ, რომლებიც მათ ეწინააღმდეგებოდნენ. ტერორისტები სჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა გატაცება, გაუპატიურება, დამონება, იძულებითი ქორწინება, სექსუალური ძალადობა. ტერორისტები აღნიშნულ ქმედებებს სჩადიოდნენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის მქონე ხალხის, მათ შორის შიიტების, სუნიტების, ქურთების, ქრისტიანების, იეზიდების და სხვათა წინააღმდეგ.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები, უდანაშაულო სუნიტების, დევნილებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებისას, დაბომბვებს იყენებდნენ თავის გასასამართლებელ მიზეზად. გავრცელდა რიგი ანგარიშებისა, სადაც საუბარი იყო სამთავრობო ძალების, პოპულარული სამობილიზაციო ძალებისა და პეშმერგას მხრიდან ძირითადად სუნიტი არაბების დაპატიმრებებისა და დროებითი დაკავებების შესახებ. ხელისუფლება დროდადრო აპატიმრებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ცოლებსა და ოჯახის სხვა წევრებს, ძირითადად სუნიტებს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ძებნილებს და ეიძულებინათ ისინი, ჩაბარებოდნენ პოლიციას.[12]

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ აღნიშნავს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ, რომ ხელისუფლება იყენებდა ანტიტერორისტულ კანონს იმისთვის, რომ პროცედურებზე დროული წვდომის გარეშე დაეპატიმრებინა სუნიტები და სხვები. სუნიტი არაბების ინფორმაციით, მთავრობა იყენებდა რელიგიურ პროფილს დაკავებებისა და დაპატიმრებების დროს და ასევე რელიგიური კუთვნილება იყო განმსაზღვრელი ფაქტორი დასაქმებისას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოპულარული სამობილიზაციო ძალები და პეშმერგა ხელს უშლიდნენ გადაადგილებულ სუნიტ არაბებს ისლამური სახელმწიფოსგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებაში.[13]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ ერაყის კონსტიტუცია ოფიციალურ რელიგიად ისლამს აწესებს. ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის, იეზიდებისა და საბეან-მანდეანებისთვის. ასეთი უფლება არ აქვთ სხვა აღმსარებლობებს და ათეისტებს. კანონი კრძალავს ბაჰაიზმის მიმდევრობას და სუნიტური ისლამის ვაჰაბიტურ მიმართულებას. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე რელიგიურ კუთვნილებად შეიძლება დატანილი იყოს მხოლოდ ქრისტიანი, იეზიდი, საბეან-მანდეანი და მუსლიმი; არ არის განსხვავება შიიზმსა და სუნიზმს, ასევე ქრისტიანობის დენომინაციებს შორის.

სუნიტი არაბები კვლავ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი მთავრობიდან კვლავ იყენებს კონფესიურ მიდგომას დაკავებისა და დაპატიმრებისას და რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას დასაქმებისას. კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და შიიტი დაჯგუფებების მიერ ისლამური სახელმწიფოს წევრებად ან კოლაბორაციონისტებად მიჩნეული ხალხის დაკავება და დახოცვა; ეს ხალხი, სავარაუდოდ, ყველა სუნიტი იყო. არაბების განცხადებით, სახალხო მობილიზაციის ძალების თურქმენთა ჯგუფები იტაცებდნენ, აპატიმრებდნენ ან კლავდნენ სუნიტ თურქმენებსა და არაბებს ტალ-აფარში, ტერიტორიის ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლების შემდეგ.

მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელთან შედარებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესებული იყო 2017 წელს, ვითარება მაინც ძალადობრივი იყო. სოციალურ ძალადობას ძირითადად ადგილი ჰქონდა კონფესიური შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან. შეიარაღებული ჯგუფების სამიზნეს კვლავ წარმოადგენდნენ სუნიტები, რომელთაც უნადგურებდნენ სახლებსა და ბიზნესებს და სიკვდილით სჯიდნენ. ზოგიერთი სუნიტი მუსლიმი კვლავ ამტკიცებს, რომ ისინი შურისძიების კამპანიის მსხვერპლნი არიან, რადგან სადამის დროს იმყოფებოდნენ უპირატეს მდგომარეობაში. სუნიტების თქმით, ისინი დებაასიფიაციის პროცესის გამო, დისკრიმინაციულ პირობებში არიან. სუნიტების თქმით, ისინი დისკრიმინაციას განიცდიან ასევე იმის გამო, რომ საზოგადოება მათ ტერორისტული ელემენტების, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებად მოიაზრებს.[14]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ის ფაქტი, რომ განმცხადებელი არის სუნიტი, არ ქმნის საფრთხეს, რომ იგი შესაძლოა დადგეს სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ.[15] მიუხედავად იმისა, რომ სუნიტები განიცდიან გარკვეულ სახის დისკრიმინაციას ერაყში და პოპულარული სახალხო სამობილიზაციო ძალები და სხვა, მათ შორის, სამთავრობო ძალები, გარკვეულ შემთხვევებში, არასათანადოდ ექცეოდნენ სუნიტ მოქალაქეებს ისლამური სახელმწიფოსგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე,[16] სახელმწიფოს დამოკიდებულება მათდამი არ არის იმ ხარისხის და ინტენსივობის, რომ შეფასდეს დევნად ან ღირსების შემლახველ ან არაადამიანურ მოპყრობად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰაიდერ ალ-აბადის მთავრობა ცდილობს სუნიტ მოსახლეობასთან ურთიერთობის მოგვარებას,[17] რაც აისახა 2017 წლის აპრილში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად სუნიტი არაბები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას პოზიტიურად აფასებენ. გამოკითხულ სუნიტ არაბთა 51 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.[18] პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა, ისლამური სახელმწიფოს მარცხის შემდეგ, აქტიურად მხარს უჭერს რელიგიურ პლურალიზმს და, შედეგად, გათავისუფლებულ რეგიონებში მცხოვრები სუნიტები უბრუნდებიან საკუთარ რელიგიურ მრწამსს და წეს-ჩვეულებებს.[19]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება სუნიტი მოსახლეობის დევნისა და შევიწროების ფაქტები, მაგრამ აღნიშნული, ხშირად, დაკავშირებულია პირის ინდივიდუალურ გარემოებებთან, როგორიცაა: მისი ოჯახი, პროფესია, სოციალური მდგომარეობა და ა.შ. მაგალითად, სუნიტები, რომლებიც წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს ქვეყნის შიგნით, გამომდინარე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან და ოჯახისგან თუ ნათესავების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო,  წარმოადგენენ მოწყვლად კატეგორიას.[20]

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშში ერაყის შესახებ ნათქვამია, რომ კონკრეტულად ბაღდადში, სუნიტები წარმოდგენილნი არიან სახელისუფლებო ორგანოებში და აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, გარკვეული პროვინციების, მაგალითად 2017 წლის 26 ივნისის მონაცემებით ანბარისა და ნინევას გუბერნატორები სუნიტები იყვნენ.[21]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის პარლამენტის სპიკერია სუნიტი არაბი – სელიმ ალ-ჯაბოური. ამას გარდა, პარლამენტში სუნიტების ინტერესებს იცავს სუნიტური პარტია „მუტაჰიიდონი“, რომელიც 31 დეპუტატითაა წარმოდგენილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.[22]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი (UNHCR) 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნინევის პროვინციაში დაბრუნებულთა შესახებ წერს, რომ ერთერთ სატრანზიტო ბანაკში გამოკითხვისას, ძირითადად სუნიტმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სინჯარის, ტალაფარის და ქაირაჰის დასახლებებიდან, განაცხადეს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ დროებითი საცხოვრებლები, იყო მუქარის შემთხვევები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან; გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივების მიერ სუნიტები აღიქმებიან ექსტრემისტებად.[23]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალური მომხსენებლის შემაჯამებელ ანგარიშში წერს ერაყში კანონგარეშე მკვლელობებისა და თვითნებური სიკვდილით დასჯის შემთხვევების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ   უსაფრთხოების ძალებს, როგორც მთავრობის, ასევე ქვეყნის სულიერი ლიდერისგან აიათოლა ალ-სისტანისგან, ჰქონდათ მიღებული აშკარა და კონკრეტული მითითებები, დაეცვათ სამოქალაქო მოსახლეობა და საჯარო წესრიგი, მომხსენებელს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების ძალების მიერ 2014-2017 წლების განმავლობაში ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევის არაერთი შემთხვევის შესახებ. ყველაზე ხშირად საუბარი იყო სუნიტი მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების, დაკავებულებისა და ბავშვების, დაშინების, იძულებითი გაუჩინარების და მკვლელობების ფაქტების, ასევე, სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი ტყვედ ჩავარდნილი პირების სიკვდილით დასჯის  შესახებ.[24]

გაეროს ახალი ამბების სამსახური (UN News Service) 2018 წლის 9 მარტის სტატიაში წერს გაეროს წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ ერაყსა და სუდანში. ნიუ-იორკში გამართული პრეს-კონფერენციისას, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე. იძულებით გადაადგილებულ ქალთა უმრავლესობის აზრით, მათი სახლებში დაბრუნება საკმაოდ საშიშია, რადგან რეგიონში კვლავ ოპერირებენ შეიარაღებული ჯგუფები და ყოფილი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. განსაკუთრებული საშიშროება გამოითქვა სუნიტი ქალების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში ისინი არასწორად არიან აღქმულნი, როგორც ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირები“.[25]

საინფორმაციო სააგენტო „Reuters“ 2018 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ერაყის უზენაესმა სასამართლომ 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულ პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 90-დღიანი ვადა მისცა. ივნისში გახდა ცნობილი, რომ არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიდნენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო პროცესში მასობრივი დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებს 90 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ, შემდეგ პრეზიდენტის და ბოლოს პრემიერ მინისტრისა და მისი კაბინეტის. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 29 საარჩევნო ბლოკი, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[26]

ჯოელ უინგი საკუთარ ბლოგზე „Musings on Iraq“ წერს ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით. თვის განმავლობაში, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ჯამში 58 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 9-ით აღემატება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ცენტრალურ ერაყში ძალადობამ მნიშვნელოვნად იკლო, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების კუთხით შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ბაღდადის რეგიონში დაფიქსირდა. თუმცა, ქალაქის ზომისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თითქმის არაფერია. ინციდენტების უმრავლესობა იყო მცირე მასშტაბის თავდასხმები და სროლები, ასევე, რამდენიმე შემთხვევაში გამოყენებული იქნა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. აგვისტოს თვეში ბაღდადის რეგიონში თავდასხმების შედეგად 32 პირი იქნა მოკლული, ხოლო 54 –  დაშავდა.[27]

სექტემბრის პირველ ნახევარში ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების კუთხით ჯამში 29 ინციდენტი დაფიქსირდა. შედეგად, გარდაიცვალა 10, ხოლო დაშავდა – 22 ადამიანი. ასევე, საჯარო სივრცეში უკანასკნელი გამოჩენიდან 11 თვის შემდეგ, გავრცელდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვა. მიმართვაში, სხვებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მისი მიმდევრები განახორციელებდნენ მიზნობრივ მკვლელობებსა და რეკრუტირებას სუნიტთა თემში.[28] [29]

[1] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Iraq, November 2017, available at:

[accessed 14 August 2018]

[2] Rudaw; Sunni Arabs want to follow in footsteps of Kurdistan’s referendum; By Mahmood Y. Kurdi; 9 October, 2017; available at: http://www.rudaw.net/english/middleeast/iraq/091020171 [accessed 14 August 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iraq, 22 February 2017, available at:

[accessed 20 December 2017]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iraq, 22 February 2018, available at:

[accessed 14 August 2018]

[5] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iraq, 2 June 2017, available at:

[accessed 20 December 2017]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:

[accessed 14 August 2018]

[7] Human Rights Watch, World Report 2018 – Iraq, 18 January 2018, available at:

[accessed 14 August 2018]

[8] The Christian Science monitor – how Sunnis’ post-ISIS crisis is leading some to a new Iraqi nationalism, 27 December 2017, available at: https://www.csmonitor.com/World/Middle-East/2017/1227/How-Sunnis-post-ISIS-crisis-is-leading-some-to-a-new-Iraqi-nationalism  (accessed 12 March 2018)

[9] The Economist – Iraq’s recaptured territory is being neglected, 12 October 2017, available at: https://www.economist.com/news/middle-east-and-africa/21730169-reconstruction-cities-such-fallujah-and-mosul-proceeding-slowly-or-not (accessed 12 March 2018)

[10] MEE – Middle East Eye, The battle of ideas in Iraq’s most dangerous city, 13 November 2017, available at: http://www.middleeasteye.net/news/how-fallujah-iraq-most-dangerous-city-fought-back-after-daesh-islamic-state-supporting-sunni-shia-unity-sheikh-1912522481 (accessed 12 March 2018)

[11] AP News – After liberation from IS, Fallujah struggles to rebuild, 4 January 2017, available at: https://www.apnews.com/6c044247f6284a7d847ec8e846e82dc2 (accessed 12 March 2018)

[12] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iraq, 3 March 2017, available at:

[accessed 20 December 2017]

[13] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iraq, 15 August 2017, available at:

[accessed 20 December 2017]

[14] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Iraq, 29 May 2018

 (accessed on 14 August 2018)

[15] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iraq: Sunni (Arab) Muslims, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 20 June 2018]

[16] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iraq, 2 June 2017, available at:

[accessed 20 June 2018]

[17] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iraq: Sunni (Arab) Muslims, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 20 June 2018]

[18] The Washington Post; A striking positive shift in Sunni opinion in Iraq is underway. Here’s what it means; By Munqith al-dagher and Karl Kaltentheler; 14 September, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/news/monkey-cage/wp/2017/09/14/iraqi-sunnis-are-impressed-by-the-defeat-of-isis-heres-what-that-could-mean/?noredirect=on&utm_term=.b40b738c13e8 [accessed 20 June 2018]

[19] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:

[accessed 20 June 2018]

[20] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iraq: Sunni (Arab) Muslims, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 20 June 2018]

[21] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iraq: Sunni (Arab) Muslims, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 20 June 2018]

[22] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:

[accessed 20 June 2018]

[23] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), Iraq Protection Cluster: Ninewa Returnees Profile, April 2018, available at:

[accessed 5 September 2018]

[24] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on extrajudicial, summary or arbitrary executions on her mission to Iraq, 5 June 2018, A/HRC/38/44/Add.1, available at:

[accessed 5 September 2018]

[25] UN News Service, UN envoy on conflict-related sexual violence reports on visits to Iraq and Sudan, 9 March 2018, available at:

[accessed 5 September 2018]

[26] Reuters; Iraqi Supreme Court ratifies May election results; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-election/iraqi-supreme-court-ratifies-may-election-results-idUSKCN1L40CS?il=0

[27] Blog “Musingsoniraq” by Joel Wing, Security Situation in August 2018, available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/violence-remained-steady-in-iraq-august.html [accessed 24 September 2018]

[28] Blog “Musingsoniraq” by Joel Wing, Security Situation in September 1-7 2018, available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/security-in-iraq-sep-1-7-2018.html [accessed 24 September 2018]

[29] Blog “Musingsoniraq” by Joel Wing, Security Situation in September 8-14 2018, available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/security-in-iraq-sep-8-14-2018.html [accessed 24 September 2018]