ეგვიპტე. სასამართლოსა და სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა. ოქტომბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითრებულ მოვლენებს ასახავს) წერს, რომ 2014 წლის კონსტიტუციის კანონპროექტის შედგენაში მთავარი როლი მოსამართლეებმა შეასრულეს, შესაბამისად, ახალმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. ცვლილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტური ცვლილება, რომლის მიხედვითაც თითოულ მსხვილ სასამართლო ერთეულს ექსკლუზიურად მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ექნება და ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა თავად სასამართლო კოლეგიის მიერ.

თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავაც ინარჩუნებს გავლენას სასამართლოებზე, რომლებიც ხშირად მოქმედებდნენ სამთავრობო და სამხედრო ინტერესების შესაბამისად და, რიგ შემთხვევებში, სამართლიან სასამართლოსა და სხვა ძირითად პროცესუალური უფლებების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებს წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებისას. 2017 წლის აპრილში, მოსამართლეთა კლუბის მხრიდან მკაცრი შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო „კანონი სასამართლო უფლებამოსილებათა შესახებ“, რომელიც ნებას რთავს პრეზიდენტს, ერთპიროვნულად დანიშნოს თანამდებობაზე 4 ძირითადი სასამართლო ორგანოს თავმჯდომარეები. თუ ადრინდელი რეგულაციით, თავმჯდომარეები აირჩეოდნენ პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობით და პრეზიდენტი მათ თანამდებობაზე დანიშვნას უბრალოდ ფორმალურად ადასტურებდა, ახლა პრეზიდენტი, თითოეული ორგანოს შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატიდან აირჩევს მისთვის სასურველ ერთს.

2017 წელს ეგვიპტის პარლამენტმა და პრეზიდენტმა მოახდინეს საუდის არაბეთთან ეგვიპტის საზღვაო საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, მიუხედავად ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო დავისა. ეს ფაქტი აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების სრული უგულვებელყოფა. „Freedom House სასამართლო დამოუკიდებლობის მაჩვენებელს 4 ბალიდან 1-ით აფასებს (0 – ყველაზე დაბალი, 4 – ყველაზე მაღალი).

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის კონსტიტუცია უშვებს სამხედრო ტრიბუნალების მეშვეობით საქმის განხილვას მხოლოდ ისეთი შემთხვევების დროს, როცა საქმე ეხება უშუალოდ სამხედრო პირებს ან საკუთრებას, 2014 წლის საპრეზიდენტო დეკრეტის მიხედვით, ყველა „საჯარო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკუთრება“ გადავიდა სამხედრო იურისდიქციაში. შესაბამისად, ათასობით არსით სამოქალაქო დავა გადამისამართდა სამხედრო სასამართლოებში, სადაც წაყენებული ბრალდებები ხშირად ბუნდოვანი ან გაყალბებული იყო, ხოლო მტკიცებულებებთან და სხვა პროცედურულ უფლებებთან მიმართებით სტანდარტები – შეუსაბამო.

გასულ წელს განხორციელებული მასობრივი სასამართლო პროცესების სერიას შედეგად მოჰყვა მძიმე სასჯელები, მათ შორის – სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა, დაფუძვნებული უმნიშვნელო მტკიცებულებებზე. მსაჯვრდებულთა უმრავლესობას ბრალად ედებოდა ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ წევრობა. თუმცა, თავდაპირველი ვერდიქტების გასაჩივრების შემდეგ, უმეტესწილად ადგილი ჰქონდა საქმის ხელახალი განხილვის, სასჯელის შემცირებისა და სასჯელის გაუქმების შემთხვევებს.

სწორედ ამითაა განპირობებული ამ საკითხთან მიმართებით გასული წლის პირობითი ქულის – 0 ქულის ზრდა 1-მდე (0 – ყველაზე დაბალი, 4 – ყველაზე მაღალი).

რაც შეეხება უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობას, Freedom House-ის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორმა დააფიქსირა პოლიციის და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ პირთა სავარაუდო კანონგარეშე მკვლელობებისა და იძულებითი გაუჩინარებების ასობით შემთხვევა. პრეზიდენტ სისის მიერ აპრილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ანიჭებს უსაფრთხოების ძალებს დაკავებისა და დაპატიმრების უფლებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ფიზიკური ძალადობის ჩადენის შესაძლებლობას.

ძალიან მძიმეა პირობები ციხეში; პატიმრები ექვემდებარებიან წამებას, ადგილი აქვს საკნების გადავსებას, ასევე, მძიმეა მდგომარეობა სანიტარული და ჯანდაცვის კუთხით.  2015 წლის ანტიტორერისტული კანონმა შემოგვთავაზა ტერორიზმის ბუნდოვანი განმარტება და მიანიჭა სამართალდამცავებს ფართო უფლებამოსილება და იმუნიტეტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სიტუაცია 0 ბალით ფასდება (0 – ყველაზე დაბალი, 4 – ყველაზე მაღალი).[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ 2017-2018 წლების ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით კრიზისი გრძელდება. ფიქსირდებოდა წამების, არასათანადო მოპყრობისა და იძულებით გაუჩინარების ასობით შემთხვევა, ხოლო ათობით პირი დაექვემდებარა კანონგარეშე მკვლელობას. თვითნებური დაკავებებისა და დაპატიმრებების შემთხვევები, მთავრობის კრიტიკოსთა უმეტესწილად უსამართლო სასამართლო პროცესები და ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავება იყო რუტინული ხასიათის.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აგრძელებდნენ ასობით ადამიანის დაპატიმრებას „მუსლიმთა საძმოს“ წევრობის ან სავარაუდო წევრობის ბრალდებით. შესაბამისი სამთავრობო ორგანოები იყენებდნენ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივ პერიოდებს, ხშირად – ორ წელზე მეტი ვადით, რათა დაესაჯათ პოლიტიკური დისიდენტები. მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში მოსამართლემ განაახლა უფლებადამცველი – ჰიშამ გააფარის წინასწარი პატიმრობის ვადა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის 2 წელზე მეტი ხნის  განმავლობაში უკვე იმყოფებოდა საპატიმროში. ეგვიპტის კანონმდებლობის მიხედვით, წინასწარი დაკავების მაქსიმალური ვადა 2 წელია.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ აპრილში, 2 მოსამართლის – ჰუშამ რაუფის და ასსამ აბდი ალ-გაბერის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სამართალწარმოება, მათ მიერ წამების აკრძალვის შესახებ კანონის მხარდაჭერისა და ადვოკატირების გამო. შედეგად, მოსამართლეები იმყოფებიან თანამდებობიდან გათავისუფლების რისკის წინაშე, ბრალდების ფორმულირება შემდეგნაირია – „პოლიტიკაში ჩართულობა“.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at:

[accessed 16 October 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Egypt, 22 February 2018, available at:

[accessed 17 October 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Egypt, 18 January 2018, available at:

[accessed 17 October 2018]