ავღანეთი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ნენგაჰარსა და ქაბულში. ოქტომბერი, 2018

უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა ნენგარჰარის პროვინციაში – მედია საშუალება „BBC“ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომლის საანგარიშო პერიოდს 2017 წლის აგვისტო-ნოემბერი წარმოადგენს, წერს, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის აქტივობის მაჩვენებელი არის „მაღალი“ (სულ მცირე 2 თავდასხმა კვირაში) – ნენგარჰარის რეგიონის დასავლეთში მდებარე ჰისარაკის, შერზადის, ხოგიიანისა და ცენტრში მდებარე ბატიკოტის დასახლებებში.

2014 წლიდან მოყოლებული, იზრდებოდა ცნობები ისლამური სახელმწიფოს გახშირებულ მოქმედებებზე პროვინციის განაპირა დასახლებებში, მათ შორის – აჩინის დასახლებაში.  მიუხედავად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და საერთაშორისო მოკავშირეების ერთობლივი სამხედრო ოპერაციებისა, „ერაყისა და ლევანტ-ხორეშანის ისლამური სახელმწიფოს – ISKP“ (რომელიც წარმოადგენს ისლამური სახელმწიფოს ავღანეთში მოქმედ განშტოებას) წევრებმა განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

ნენგარჰარში, თალიბანი და ISKP ერთმანეთს უპირისპირდებიან ადგილობრივი საბადოების და ტერიტორიის კონტროლისთვის, განსაკუთრებით კი, ტორა ბორას რეგიონის ხელში ჩასაგდებად, რომელიც პაკისტანში და პაკისტანიდან კონტრაბანდის ცენტრს წარმოადგენს. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის პერიოდში, ნენგარჰარის რეგიონში დაფიქსირდა ISKP-ის წევრების მიერ განხორციელებული სამოქალაქო მოსახლეობაზე ძალადობის, შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებისა და ზოგადი ძალადობის არაერთი ფაქტი. ამას გარდა, ასევე აღსანიშნავია, რომ თალიბანისა და ISKP მებრძოლების ნაწილი შეუერთდა 2018 წლის იანვარში ნენგაჰრარის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

რეგიონში რეგულარულად მიმდინარეობს სამთავრობო სამხედრო ოპერაციები, რომელიც ზოგჯერ მოიცავს საავიაციო დაბომბვებსაც. მაგალითად, 2018 წლის იანვარში ISKP-ის წინააღმდეგ სპეც-ოპერაციები (მათ შორის, ავია-დარტყმები) განხორციელდა ჰესკა მენასა და დეჰ ბალას დასახლებებში.

2017 წლის განმავლობაში, გაეროს ავღანეთის დახმარების მისიამ (UNAMA) აღრიცხა 862 სამოქალაქო დანაკარგი ნენგარჰარის პროვინციაში, რაც 1 პროცენტით უფრო მაღალი მაჩვენებელია 2016 წელთან შედარებით. ზოგადად, დანაკარგების კუთხით, ქალაქ ქაბულისა და ჰელმანდის პროვინციის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი ავღანეთის მასშტაბით. მსხვერპლის უმრავლესობა შედეგად მოჰყვა შეიარაღებულ დაპირისპირებებს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IED) თავდასხმებსა  და განზრახ მკვლელობებს. ასევე, დაფიქსირდა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ  IED-ების გამოყენებით თავის აფეთქების შემთხვევები.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) ნენგარჰარის პროვინციას მიიჩნევს, როგორც „ერთერთ ყველაზე კონფლიქტურ რეგიონს“ ავღანეთში. 3 ძირითადი ინდიკატორის – უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების; სამოქალაქო დანაკარგების და კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილების შემთხვევების ანალიზით შედგენილი რუკის მიხედვით, პროვინციის ცენტრსა და სამხრეთში მდებარე  დასახლებებს – აჩინი, დეჰ ბალა, ფაჩიერაგამი, ხოგიიანი და ჩაპარჰარი, UNOCHA მიიჩნევს, როგორც ყველაზე საშიშ ლოკაციებს. ნანგარჰარი ასევე მიჩნეულია, როგორც ერთერთი იმ ოთხი რეგიონიდან, სადაც „განსაკუთრებით მაღალი დაცვის საჭიროების მქონე“ პირები იმყოფებიან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები; ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულები; ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრები და ა.შ.

რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკას, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, მედია წყაროების მიხედვით, ნენგარჰარის პროვინციაში, ჯამში, დაფიქსირდა 740 ინციდენტი. თალიბანი და ISKP აგრძელებდნენ ტერიტორიის კონტროლთან დაკავშირებულ დაპირისპირებას, მაგალითად, ოქტომბერსა და ნოემბერში, ხოგიიანის დასახლებაში აღნიშნულ ჯგუფებს შორის შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, იძულებით გადაადგილდა 10 000-მდე ადამიანი, ხოლო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ორმხრივ სროლას შეეწირა. ამას გარდა, ორივე ზემოხსენებული ჯგუფის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა სახმედრო კამპანიები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან.

ტერიტორიაზე კონტროლის ცვლილებისას, ფიქსირდებოდა სამოქალაქო პირების წამების ფაქტები, წინამორბედების დახმარების მოტივით. მაგალითად, 2018 წლის იანვარში ჰესკა მენა/დეჰ ბალას დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ISKP-ს წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს, დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი, მათ შორის – ქალები და ბავშვები. 2018 წლის მარტში, კვლავ გავრცელდა ცნობები ჩაპარჰარის დასახლებაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სამხედრო ოპერაციების შედეგად სამოქალაქო დანაკარგების შესახებ.

ასევე, ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების მკვლელობის ფაქტებს. მაგალითად, 2017 წლის ნოემბერში, მთავრობის მხარდაჭერის ბრალდებით ხოგიიანის პროვინციაში თალიბანის წევრებმა მოკლეს ადგილობრივი იმამი. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ჩაპარჰარის დასახლებაშიც, სადაც  ISKP-ს წევრებმა იმავე ბრალდებით მოლა მოკლეს.

ნენგარჰარის რეგიონი არის იმ პროვინციათა შორის, სადაც მაღალია ომის შემდეგ დატოვებული გამოუყენებელი ბომბებისა თუ სხვა სახის ნაღმების აფეთქების შედეგად გამოწვეული სამოქალაქო დანაკარგები. ასევე, მაღალია იძულებით გადაადგილების მაჩვენებველიც – 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, ჯამში 128 781 პირმა მიატოვა სახლ-კარი.

ამას გარდა, 2018 წლის იანვარში რეგიონის დედაქალაქ – ჯალალაბადში მოხდა მასშტაბური თავდასხმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისზე, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე (მათ შორის  –  4 ოფისის პერსონალი) ემსხვერპლა, ხოლო 21 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISKP-მ აიღო.[1]

უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა ქ. ქაბულში – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის მაისის ანგარიშში წერს, რომ ქალაქ ქაბულში მოქმედებენ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი, ასევე  – ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი დაჯგუფება – „ერაყისა და ლევანტ-ხორეშანის ისლამური სახელმწიფო – ISKP“. მათ გარდა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქალაქში თავდასხმებს ასევე აწყობს დაჯგუფება ჰაქქანის ქსელი (Haqqani Network). 2017 წლის განმავლობაში, ISKP-მ ქაბულში ჯამში 14 მაშტაბურ თვითმკვლელ და სხვა ტიპის კომპლექსურ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

სამთავრობო უსაფრთხოების ძალები რეგულარულად ახორციელებენ სპეც-ოპერაციებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. ახალი უსაფრთხოების გეგმის მიხედვით, ისინი ასევე უფლებამოსილი არიან, გაჩხრიკონ სახლები. სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ქაბულში მოეწყო ე.წ. „მწვანე ზონა“, რომლის გარშემოც განლაგებულია 90-მდე საკონტროლო პუნქტი (Checkpoint). აღნიშნული ზონა ძირითადად ფარავს ქალაქის ცენტრს, სადაც განლაგებულია მნიშვნელოვანი სამთავრობო შენობები და უცხო ქვეყნების საელჩოები.

2017 წლის განმავლობაში, გაეროს ავღანეთის დახმარების მისიამ (UNAMA) ქაბულის პროვინციაში (ქალაქ ქაბულის ჩათვლით) აღრიცხა 1831 სამოქალაქო დანაკარგი, აქედან 479 გარდაიცვალა, ხოლო 1352 –  დაშავდა. სტატისტიკურად, წინა 2016 წელთან შედარებით, ეს 4 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2017 წლის აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჯამური სამოქალაქო დანაკარგების 16 პროცენტს წარმოადგენდა. დანაკარგების უმრავლესობა გამოწვეული იყო ქალაქ ქაბულში კომპლექსური ტერორისტული თავდასხმების, არა-თვითმკვლელი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IED) თავდასხმებისა და განზრახი მკვლელობების შედეგად. ამას გარდა, აღსანიშნავია თავდასხმები შიიტ სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ISKP-მ აიღო. 2018 წლის იანვრის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ ქაბულში თავდასხმებს, კიდევ სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, ხშირი იყო შეიარაღებული თავდასხმები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე, როგორც თალიბანის, ასევე ISKP-ს მხრიდან. მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქაბულის სამხედრო აკადემიის შესასვლელთან იმ დროს, როდესაც იქ  მინი-ავტობუსით კადეტები შედიოდნენ. შედეგად, სულ მცირე 15 კადეტი დაიღუპა. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. იგივე სამხედრო აკადემია მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა 2018 წლის იანვარში, როდესაც შენობაში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინციდენტს 11 კადეტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამჯერად ISKP-მ აიღო.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (UNOCHA) მიერ ქაბულის რეგიონი, მათ შორის – ქალაქი ქაბული, მიჩნეული იყო, როგორც „ერთერთი ყველაზე კონფლიქტური ლოკაცია“.

3 ძირითადი ინდიკატორის – უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების; სამოქალაქო დანაკარგების და კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილების შემთხვევების ანალიზით შედგენილი „კონფლიქტის შედეგად ძალადობის რუკის“ მიხედვით, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) ქაბულის დასახლებათა უმრავლესობას განათავსებს ყველაზე დაბალ კატეგორიაში. მხოლოდ ორი დასახლება – პანგჰმანი დასავლეთში და სურობის პროვინცია დასავლეთში, მიიჩნევა, როგორც საშუალო დონის საფრთხის კატეგორიაში მყოფი. ქაბული ასევე მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხი რეგიონიდან, სადაც „განსაკუთრებით მაღალი დაცვის საჭიროების მქონე“ პირები იმყოფებიან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები; ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულები; ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრები და ა.შ.

რაც შეეხება უსაფრთხოებით კუთხით შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკას, მედია წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით,  ქაბულში სულ 388 ტერორისტული ინციდენტი მოხდა. ამ კუთხით ყველაზე აქტიური სურობის დასახლება იყო, სადაც „BBC“-ის 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, თალიბანის საშუალო აქტიურობა ფიქსირდება (სულ მცირე სამი თავდასხმა თვეში). გაეროს უსაფრთხოების და უშიშროების დეპარტამენტის (UNDSS) მიხედვით, ასევე კჰაკ-ე ჯაბბარის პროვინცია უსაფრთხოების კუთხით იმავე დონეზეა, როგორზეც სურობისა და პანგჰმანის დასახლებები.

ქალაქ ქაბულში ასევე ფიქსირდება მზარდი კრიმინალი, რაც გამოიხატება ჯგუფურ ძალადობაში, გატაცებებში, ქურდობისა და მკვლელობის ფაქტებში. 2017 წლის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებდნენ უკანანო იარაღებისა და მანქანების ჩამორთმევის გზით. 2018 წლის თებერვალში მთავრობის მიერ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კრიმინალის დონე 40 პროცენტით შემცირდა. თუმცა, პრესის მიერ გამოკითხული მოქალაქეები საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდნენ და ამბობდნენ, რომ მთავრობის მიერ განხორციელებლ ღონისძიებებს თითქმის არ ჰქონდა პოზიტიური ეფექტი და კრიმინალი კვლავ განაგრძობდა ზრდას.

რაც შეეხება მიმდინარე კონფლიქტის შედეგად პირების იძულებითი გადაადგილების მაჩვენებელს, UNOCHA-მ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, აღრიცხა 353 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 343 ზემოხსენებული სურობის დასახლებიდან იყო.[2]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), Afghanistan: Security Situation – Update, May 2018, available at:

[accessed 18 October 2018]

[2] European Union: European Asylum Support Office (EASO), Afghanistan: Security Situation – Update, May 2018, available at:

[accessed 19 October 2018]