მსოფლიო. რელიგიური მიმდინარეობა პროტესტანტიზმი. ოქტომბერი, 2018

ონლაინ-ენციკლოპედიის Britannica მიხედვით, პროტესტანტიზმი წარმოადგენს კათოლიკური დოქტრინისა და წეს-ჩვეულებების საწინააღმედეგო მოძრაობას, რომელიც დაიწყო ადრეული მე-16 საუკუნის ევროპაში. დღევანდელი მდგომარეობით,  კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობასთან ერთად, პროტესტანტიზმი წარმოადგენს ქრისტიანობის 3 ძირითად მიმდინარეობას.[1]

ჩიკაგოს თეოლოგიის ლუთერანული სკოლის თეოლოგიის პროფესორი გრედი დეივისი პროტესტანტიზმის შესახებ ამბობს, რომ „ზოგადად, ტერმინი „პროტესტანტი“ საკუთარ თავში მოიაზრებს იმდენად ბევრ თეოლოგიურ საკითხს, რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს და იმდენად ბევრ ლოცვისა და თაყვანისცემის ადგილებსა თუ ბიბლიის გამოყენების წესებს, რომ უბრალოდ შეუძლებელია, დაასახელო თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხი პროტესტანტურ ლიტურგიასა თუ აღმსარებლობაში ბიბლიის როლის შესახებ, რომელიც ერთნაირი იქნება ყველა პროტესტანტისთვის. მაგალითად, ანგლიკანურ მიმდირეობაში, ლიტურგიისას ბიბლიას უმეტესწილად ისეთი დატვირთვა აქვს, როგორიც რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში. მსგავსი სიტუაციაა მე-20 საუკუნის ლუთერანების  უმრავლესობის შემთხვევაში, თუმცა არა ყველა ლუთერანის. მეორეს მხრივ, არსებობს კონრეტული პროტესტანტული მიმდინარეობები, რომლის აღმსარებელები მიიჩნევენ, რომ თაყვანისცემისას და სხვადასხვა რელიგიური რიტუალის შესრულებისას,  მხოლოდ ბიბლია და არაფერი სხვა უნდა იყოს გამოყენებული. პროტესტანტურ ლიტურგიაში ბიბლიის როლიც სწორედ ზემოხსენებულ ორ პოლუსს შორის მერყობს.“ [2]

გამოცემა Deutsche Welle სტატიაში „ძირითადი განსხვავებები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის“ წერს, რომ აღნიშნულ ორ დენომინაციას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს, მაგალითად:

  1. ბიბლიის როლი – პროტესტანტი ქრისტიანებისთვის ბიბლია წარმოადგენს „სოლა სკრიპტურას“ ანუ ღმერთის ერთადერთ წიგნს, მაშინ როდესაც კათოლიკეები გარდა ბიბლიისა, ასევე დამატებით იყენებენ საეკლესიო დოგმებსა და საუკუნეების მანძილზე განვითარებულ კათოლიკური ეკლესიის ტრადიცეიბსა და ადათ-წესებს.
  2. ეკლესიის როლი – კათოლიკური ეკლესია საკუთარ თავს მიიჩნევს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ მიმდინარეობას, რომელსაც პაპი უდგას სათავეში. პროტესტანტიზმი კი, რომლის ათასობით დენომინაცია არსებობს, მის თითოეულ მიმდინარეობას თანაბარუფლებიანად მიიჩნევს და, ასევე, არ აღიარებს პაპის პრიმატს ქრისტიანულ სამყაროზე.
  3. მსახურების გაგება – კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს სასულიერო იერარქია და ე.წ. „წმინდა დეკრეტი“, რომლის მიხედვითაც ინიშნებიან საეკლესიო თანამდებობების (ეპისკოპოსი, მოძღვარი, დიაკვანი) პირები და სიცოცხლის ბოლომდე იღებენ ლეგიტიმურ უფლებას, რომ ჰყავდეთ მრევლი. აღნიშნული კურთხევა მხოლოდ მამრობითი სქესის პირებს ეძლევათ.

რაც შეეხება პროტესტანტულ მიმდინარეობებს, ისინი არ ნიშნავენ კონკრეტულ პირებს სპეციფიკურ თანამდებობებზე. მათი რწმენით, მღვდლობა შეუძლია ნებისმიერ მორწმუნეს, მათ შორის – ქალსაც.

  1. ზიარება – კათოლიკურ ეკლესიაში მიღებულია ზიარების წესი, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც მღვდელი მათ იესოს სახელით აკურთხებს, პური იქცევა ქრისტეს ხორცად, ხოლო ღვინო – ქრისტეს სისხლად. ზემოხსენებული რიტუალი ასახავს „იესოს „უკანაკსნელ ვახშამს“ მოციქულებთან ერთად. არა-კათოლიკე პირებს (თუნდაც ქრისტიანებს) არ შეუძლიათ რიტუალში მონაწილეობა და ზიარების მიღება.

პროტესტანტურ ეკლესიაში ზიარებას განსხვავებული დატვირთვა აქვს. თუ კათოლიკეებისთვის პური ქრისტეს ხორცს განასახიერებს და არის ლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი, პროტესტანტებისთვის მას უბრალოდ სარიტუალო დატვირთვა აქვს. ასევე, პროტესტანტულ ეკლესიაში ნებისმიერ მონათლულ პირს შეუძლია ზიარების მიღება და ცერემონიის წარმართვაც კი.

  1. „წმინდა საიდუმლოები“ – კათოლიკე ეკლესია აღიარებს ახალი აღქმის 7 საიდუმლოს: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ეკლესია მიიჩნევს, რომ ისინი ქრისტემ დააწესა და, შესაბამისად, უფლის კურთხევას გამოხატავენ.

რაც შეეხება პროტესტანტებს, ისინი აღიარებენ მხოლოდ ორ საიდუმლოს – ნათლობა და ზიარება.

  1. დოგმები მარიამ ღვთისმშობლის შესახება და წმინდანების თაყვანისცემა – კათოლიკე ქრისტიანები თაყვანს სცემენ მარიამს, როგორც „ზეციურ დედოფალს“. მათთვის ასევე არსებობს მარიამთან დაკავშირებული კონკრეტული დოგმები – ღმერთის დედობა, უმწიკვლო ჩასახვა, ქალწულობა და ზეცაში ამაღლება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიბლიაში ზემოხსენებული დოგმების გამამყარებელი არგუმენტები მცირეა, პროტესტანტები მათ (დოგმებს) არ იზიარებენ.

ამას გარდა, კათოლიკური ეკლესია ასევე აღიარებს წმინდანებს და მათ თაყვანისცემას. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის მიერ კანონიზაციის ანუ წმინდანად შერაცხვის შემდეგ, ისინი შეიძლება გახდნენ ლოცვის ან თაყვანისცემის ობიექტები. დღეის მდგომარეობით, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში 4.000-მდე წმინდანი არსებობს. მათი სხეულის შემორჩენილი ნაწილები „წმინდა ნაწილებადაა“ მიჩნეული და მათ  თაყვანს სცემენ.

პირის წმინდანად შერაცხვა პროტესტანტული ეკლესიის მიერ კატეგორიულად არაბიბლიურადაა მიჩნეული. მათი შეხედულებით, ყველა ადამიანმა უნდა ილოცოს და თაყვანის სცეს უშუალოდ მხოლოდ ღმერთს.

  1. ქორწინებისგან თავის შეკავება – კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლებს მოეთხოვებათ ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება, მაშინ როდესაც, პროტესტანტები ზემოხსენებულ შეზღუდვას არ აღიარებენ.[3]

ონლაინ-გამოცემა Patheos პროტესტანტული რიტუალებისა და ტრადიციების შესახებ წერს, რომ პროტესტანტების გარკვეული ნაწილი არ აღიარებს დღესასწაულებს, გარდა აღდგომისა და შობისა. თუმცა, ბევრი პროტესტანტისთვის არსებობს ე.წ. „წმინდა დრო“, რომელიც თითოეული წლის განმავლობაში აღნიშნავს იესო ქრისტეს ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთებს. მაგალითად, დღესასწაული „ადვენტი“ აღინიშნება შობამდე 4 კვირა დღეს და სრულდება შობის ღამეს მზის ჩასვლისას; შობა და შობის შემდგომი პერიოდი – გრძელდება 6 იანვრამდე, რომლის დროსაც ზეიმობენ ნათლისღებას; დღესასწაული „ვენტი“ –  აღინიშნება აღდგომამდე 6 კვირა დღეს; „წმინდა კვირა“ – ეძღვნება იესოს უკანაკნელ კვირას ჯვარცმამდე; აღდგომის დღესასწაული; ამაღლება – აღინიშნება აღდგომიდან 50 დღეს.

ასევე, ტრადიციული ქრისტიანული მიმდინარეობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია პროტესტანტთა სალოცავი ადგილები. მათი უმრავლესობა უარყოფს ხატების, ფრესკებისა და ქანდაკებების თაყვანისცემას. მაგალითად, ერთ-ერთმა „რეფორმატორმა მამამ“ – ულრიხ ცვინგლიმ ციურიხის გროსმიუნსტერის ეკლესიის კედლები თეთრად გადააღებინა, რადგან სჯეროდა, რომ ღვთის მიერ მიტევების მეშვეობით სულის გადარჩენა ყველაზე პირდაპირ და ნათლად წერილობითი ფორმით არის გადმოცემული, რომელიც შემდეგ იქადაგება და ისწავლება. დღევანდელი პროტესტანტების ნაწილი იზიარებს ცვინგლის შეხედულებებს, თუმცა არსებობს მეორე ნაწილი (თანამედროვე ანგლიკანები, ზოგიერთი ლუთერანული მიმდინარეობა), რომელიც ამ საკითხში უფრო კათოლიკური მიდგომისკენ იხრება.

რაც შეეხება რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს, თითქმის ყველა პროტესტანტულ მიმდინარეობაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია ნათლობა და ზიარება.[4]

[1] Encyclopedia Britannica – Protestantism, available at https://www.britannica.com/topic/Protestantism [accessed 23 October 2018]

[2] H. Grady Davis – New Testament Apocrypha, available at https://www.britannica.com/topic/biblical-literature/New-Testament-Apocrypha#ref59822 [accessed 23 October 2018]

[3] Deutsche Welle – article “The main differences between Catholics and Protestants” available at https://www.dw.com/en/the-main-differences-between-catholics-and-protestants/a-37888597  [accessed 23 October 2018]

[4] Patheos – Protestantism, Rituals and Worship, available at http://www.patheos.com/library/protestantism/ritual-worship-devotion-symbolism [accessed 23 October 2018]