უკრაინა. გასამხედროებული დაჯგუფება მარჯვენა სექტორი. ოქტომბერი, 2018

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2016 წლის სპეციალური ანგარიშში წერს, რომ „მარჯვენა სექტორი“ (Pravyi Sektor) არის უკრაინაში მოქმედი  მცირე, რადიკალური ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე „გასამხედროებული“ ჯგუფი. ჯგუფი დაფუძნდა 2013 წელს, მომდევნო წელს დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური პარტია და საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა ჯამურ ხმათა 2 პროცენტი, რის შედეგადაც მიიღო ერთი მანდატი პარლამენტში. პარტიის იმდროინდელმა ლიდერმა – დმიტრი იაროშმა ასევე მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხმათა 1 პროცენტი მიიღო. ანგარიშის მიხედვით, „მარჯვენა სექტორის“ იდეოლოგია დაფუძნებულია ულტრანაციონალისტურ ღირებულებებზე.[1]

4 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია: Freedom House, Human Rights Watch, Amnesty International და Front Line Defenders უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართულ, 2018 წლის 13 ივნისით დათარიღებულ ერთობლივ საჯარო წერილში მოუწოდებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, მოახდინონ სათანადო რეაგირება კონკრეტული ჯგუფების მხრიდან რადიკალური ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა დასჯის კუთხით. კერძოდ, ორგანიზაციების განცხადებით, 2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მათ აღრიცხეს ისეთი რადიკალური დაჯგუფებების, როგორიცაა – „C14”; „მარჯვენა სექტორი“; „Traditsii i Poryadok“; „Karpatska Sich“ მხრიდან კონკრეტულ პირებზე ძალადობრივი თავდასხმის, მუქარის და დაშინების 25-მდე ფაქტი. შემთხვევების უმრავლესობა მოხდა კიევში, ვიზიცაში, უჟგოროდსა და ივანო-ფრანკოვსკიში. თავდასხმის ობიექტებს წარმოადგენდნენ ლგბტი აქტივისტები, ქალთა უფლებების აქტივისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები.

უმრავლეს შემთხვევაში, ინციდენტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა სათანადო რეაგირება და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სავარაუდოდ დამნაშავე რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ არ მომხდარა. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დაიწყო სათანადო გამოძიება, ვერ იქნა პოზიტიური შედეგი მიღწეული და ვერ მოხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი, სოციალური მედიის საშუალებით, ღიად და საჯაროდ იღებდნენ პასუხისმგებლობას აღნიშნულ თავდასხმებზე. ქვემოთ აღწერილ, სულ მცირე ორი ასეთი ინციდენტის დროს, დანაშაულის ჩადენისას ადგილზე მყოფი სამართალდამცავების მხრიდან არ დაფიქსირებულა სათანადო რეაგირება დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

უფრო კონკრეტულად, ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს, კიევში, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს. თავდასხმისას მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიციელები უბრალოდ უყურებდნენ ამ ყველაფერს და არაფერი იღონეს დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეების დასაკავებლად. უფრო მეტიც, პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სარჩელი წარუდგინეს ერთერთ დაზარალებულ აქტივისტს, თუმცა, თავდამსხმელების მიმართ არანაირი ბრალი არ წარუდგენიათ. ქალთა უფლებების აქტივისტებს, იმავე დღეს, მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმდინარეობისას, ასევე თავს დაესხნენ უჟგოროდსა და ლვოვში.

20 აპრილს, C14-ის დაახლოებით ხუთი წარმომადგენელი, მოქმედებდნენ რა, როგორც  ჰოლოსეევსკის დასახლების მუნიციპალური პატრულის თანამშრომლები, თავს დაესხა ბოშათა დასახლებას კიევში. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ედევნებიან შენიღბული თავდამსხმელები ქალებსა და ბავშვებს ქვებისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით მას შემდეგ, რაც გადაწვეს მათი კარვები. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის ორი საქმე, თუმცა, ორგანიზაციების განცხადებით, შედეგი მათთვის დღემდე არაა ცნობილი.

10 მაისს, რადიკალური ჯგუფების 30 წარმომადგენელმა ძალადობრივი გზით ხელი შეუშალა Amnesty International-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც უნდა განეხილათ რუსეთსა და უკრაინაში ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. თავდამსხმელებმა გადაკეტეს ქუჩის შესასვლელი და სიკვდილით ემუქრებოდნენ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ადგილზე მყოფმა პაჩერსკის საოლქო პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ჩარევაზე და Amnesty International-ის პერსონალის მიმართ ჰომოფობიური კომენტარებიც გააკეთეს. საბოლოოდ, კიევის საქალაქო საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მოხდა ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია. მას შემდეგ, Amnesty International-მა პოლიციაში აღნიშნული შემთხვევის გამო რამდენიმე საჩივარი შეიტანა, თუმცა მათ რეაგირება არ მოჰყოლია.

19 მაისს, 50-მდე რადიკალური დაჯგუფებების წევრმა პირმა ძალადობრივი გზით ხელი შეუშალა თანასწორობის ფესტივალს ჩერნივიციში. მათგან რამდენიმე მოწმეების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც წინა 8 მარტისა და 10 მაისის ინციდენტებში მონაწილე პირები. პოლიციის წარმომადგენლებმა, იმ წინაპირობით, რომ შენობაში იყო ბომბი, მოახდინეს შეკრებილების ევაკუაცია შენობის გარეთ, სადაც მათ თავდამსხმელებმა დაუშინეს მძიმე ობიექტები, მათ შორის – ჩაქუჩები. დღემდე, არ არის ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე.

ორგანიზაციები მოუწოდებენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე, უკრაინის პოლიციამ უზრუნველყოს რადიკალური ჯგუფების მხრიდან ეთნიკურ უმცირესობებზე, ლგბტი პირებსა და ადამიანის უფლებადამცველებზე ძალადობრივი თავდასხმისა და მუქარის ფაქტების პრევენცია.[2]

მედია გამოცემა The Washington Post 2017 წლის 15 ივნისის სტატიაში წერს უკრაინაში მოქმედი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისა და მათი აქტივობების შესახებ. გაზეთის ინფორმაციით, ბოლო დროის განმავლობაში, ულტრა-მემარჯვენე და ნეო-ნაცისტური ჯგუფები თავს დაესხნენ ან ძალადობრივი გზით ხელი შეუშალეს: ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, ანტი-ფაშისტურ დემონსტრაციებს, ღონისძიებას „უკრაინელები ირჩევენ მშვიდობას“, ლგბტი ღონისძიებებს, მედია ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესებს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღმნიშვნელ „გამარჯვების დღის მარშს“.[3]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Ukraine: Information on the Right Sector, including affiliated groups and activities; involvement in eastern Ukraine; relations with authorities (2013-July 2016), 22 July 2016, UKR105554.E, available at:

[accessed 24 October 2018]

[2] Freedom House – “Joint Letter: Urgent Need for Ukrainian Authorities to End Impunity for Radical Violence”, 13 June 2018, available at https://freedomhouse.org/article/joint-letter-urgent-need-ukrainian-authorities-end-impunity-radical-violence [accessed 25 October 2018]

[3] The Washington Post, article “Ukraine’s ultra-right militias are challenging the government to a showdown” of 15 June 2017, available at https://www.washingtonpost.com/news/democracy-post/wp/2017/06/15/ukraines-ultra-right-militias-are-challenging-the-government-to-a-showdown/?utm_term=.8058d3f18963 [accessed 25 October 2018]