სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სირიის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით არსებული ვითარება ძალიან მძიმეა, რისი განმაპირობებელი ფაქტორებია მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირებები და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მმართველობა. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირია კორუფციის, იძულებითი გაუჩინარებების, წამებისა და სამხედრო ტრიბუნალების მეშვეობით პირთა გასამართლების ფაქტები. რაც შეეხება იმ რეგიონების მცხოვრებებს, რომლებზე კონტროლსაც არა-სახელმწიფო აქტორები ინარჩუნებენ, ისინი ექვემდებარებიან ისეთ  სერიოზულ დარღვევებს, როგორიცაა: განურჩეველი სისხლისღვრა, ალყა, ჰუმანიტარული დახმარებების ჩამორთმევა და მასობრივი იძულებითი გადაადგილება.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Humans Rights Watch სირიის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ  2017 წლის განმვალობაში, სირიაში საომარ მოქმედებებში ჩართული სხვადასხვა მხარეთათვის ძირითადი პრიორიტეტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა აღმოჩნდა.

სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ რუსეთი, ირანი და ჰეზბოლა, ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლა და დაიბრუნა ცენტრალური და აღმოსავლეთ სირიის დიდი ნაწილი; ამავდროულად, აშშ-ის მხარდაჭერით, სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებდნენ ქალაქ რაქას. ტერიტორიებზე კონტროლის დაწესების და რესურსების კონსოლიდაციას მცდელობებს თან ახლდა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები,

2011 წელს სირიაში კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, დაიღუპა 400 ათასზე მეტი ადამიანი; მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტი სირიელი თავშესაფარს ეძებს  საზღვარგარეთ და გაეროს სააგენტოების ცნობით, 6 მილიონზე მეტი პირი ქვეყნის შიგნითაა იძულებით გადაადგილებული; გაეროს ინფორმაციით, 2017 წლის ივნისისთვის, დაახლოებით 540 ათასი ადამიანი  ცხოვრობდა ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე.

სირიის სამთავრობო ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით, სირიის მთავრობამ აწარმოა მიზანმიმართული და განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე; გარდა ამისა, სირიის მთავრობა აკავებდა ჰუმანიტარულ ტვირთს, შიმშილს იყენებდა ომის ტაქტიკად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საწინააღმდეგოდ, აიძულებდა სირიელებს გადაადგილებას. სირიის მთავრობის მიერ გრძელდებოდა დაკავებისას, არასათანადო მოპყრობისა და წამების და ასევე, იძულებითი გაუჩინარებების პრაქტიკა.

არა-სახელმწიფო აქტორები, ასევე, სჩადიოდნენ კონკრეტულ დარღვევებს. ჯგუფებმა წამოიწყეს მიზანმიმართული და განურჩეველი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე; გარდა ამისა, ისინი იტაცებდნენ და თვითნებურად აკავებდნენ აქტივისტებს, იყენებდნენ გადამეტებულ ძალას ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მოთხოვნით პროტესტის ჩასახშობად. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო მშვიდობიან მოსახლეობას იყენებდა როგორც ცოცხალ ფარს და იყენებდნენ მიწაში ჩამონტაჟებულ ნაღმებს და სხვადასხვა ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რაც იწვევდა მნიშვნელოვან ზიანს მშვიდობიან მოსახლეობაში და აზიანებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, რომელიც ადგილობრივმა ჯგუფმა – სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი – გაავრცელა, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ ისლამურ სახელმწიფოზე მიტანილი საჰაერო იერიშების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა; ორგანიზაციის ინფორმაციით იერიშებს 2286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეთი იერიშების რაოდენობის ზრდამ გააჩინა ვარაუდი, რომ კოალიციამ არ გაატარა საკმარისი სიფრთხილის ზომები, რათა აეცილებინა ან მინიმუმამდე დაეყვანა ზიანი მშვიდობიან მოქალაქეებში.[2]

 

ახალი ამბების ქრონიკა (2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი)

თურქეთის არმიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა – თურქეთის არმიას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების გასამხედროებული ფორმირების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. კერძოდ, თურქულმა ძალებმა იერიში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქალაქ აინ-ელ-არაბის რაიონში მიიტანეს. ქურთების ეს ფორმირება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლასში აშშ-ის მოკავშირეა, თუმცა ანკარა მათ ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ფორმირებად მიიჩნევს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. სტამბოლში 27 ოქტომბერს სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტი გაიმართა.[4]

სამ დღეში ISIS-ის მებრძოლებმა 40-მდე სირიელი სამხედრო მოკლეს – 26-28 ოქტომბერს ISIS-ის წევრებმა 41 სირიელი მოწინააღმდეგე მოკლეს. ამის შესახებ CBS News-ი ომის მონიტორინგის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით წერს. ISIS-თან დაკავშირებული ახალი ამბების სააგენტო Aamaq-ი კი იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფება სირიელ მებრძოლთა და სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრების პოზიციებს დაესხა თავს და ბრძოლა სამომავლოდაც გაგრძელდება. დაჯგუფება „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შეერთებული შტატები უჭერს მხარს. მისი წევრები ჯიჰადისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS) ებრძვიან. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და გლობალური ძალები ჩაერთო.[5]

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს  – სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავად განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ის ნოემბრის ბოლოს გადადგება და ამის მიზეზად პირად პრობლემებს ასახელებს. იტალიელი დიპლომატი ამ პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა. მან ალჟირელი ლაჰდარ ბრაჰიმი შეცვალა. მანამდე მისტურა ევროპის მსოფლიო ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო, 2010-11 წლებში კი ის გაეროს სპეცწარმომადგენელი იყო ავღანეთში, მანამდე კი გაეროს მისიას ერაყში ხელმძღვანელობდა.[6]

სირიაში ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ – სირიაში კოალიციის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია 15 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA წერს. გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ერაყის საზღვართან ახლოს, სირიის ქალაქ ხაჯინთან განხორციელდა. უცხოური მედია წერს, რომ დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მანამდე „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეწყვიტეს. მიზეზად კი თურქეთის მიერ ქურთულ პოზიციებზე თავდასხმები დაასახელეს.[7]

სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოსგან“ 19 მძევალი გაათავისუფლა – სახელმწიფო მედია საშუალებების ცნობით, სირიის არმიამ 19 ტყვე ქალი და ბავშვი გაათავისუფლა, რომლებიც ივლისიდან მოყოლებული „ისლამური სახელმწიფოს“  მძევლებად ჰყავდა აყვანილი, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ჯგუფი თავს დაესხა სამხრეთში მდებარე სუვეიდას რეგიონს. აღნიშნულ თავდასხმას 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტყვეები გათავისუფლებულ იქნენ ქალაქ პალმირას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.[8]

ჩრდილოეთ სირიაში ექსტრემისტები ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდაცია ცეცხლის შეწყვეტის დაპატიმრების ტალღას გზით – ორგანიზაცია ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამ-მა, რომლის რიგებშიც ალ-ქაედას ყოფილი წევრები იმყოფებიან, იდლიბის პროვინციაში ათობით მოქალაქე დააპატიმრა მას შემდეგ, რაც რუსეთ-თურქეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული. ამის შესახებ მედია საშუალება Independent წერს.

ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი წარმოადგენს ექტრემისტულ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს იდლიბის პროვინციის დაახლოებით ორ მესამედს და მისი ზოგიერთი წევრი ალ ქაედას ყოფილი მებრძოლია. War Monitor-ის ცნობით, სექტემბრიდან მოყოლებული, ჯგუფმა ჯამში 184 პირი დააპატიმრა.[9]

გაერო: დამასკო ეწინააღმდეგება სამოქალაქო ომის დასრულების მცდელობებს – თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ხვდებიან სტამბულში, რათა იმსჯელონ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე. გაეროს განცხადებით კი, დამასკო უარს ამბობს ახალი კონსტიტუციის მიღებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მედია საშუალება Aljazeera წერს.

გაეროს ელჩი სირიაში – სტეფან დე მისტურა იმედოვნებს, რომ სტამბულში შეხვედრებს  შედეგი ექნება და გამოსავალს იპოვიან, თუმცა, ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ არაერთხელ გააპროტესტა ის პირები, ვინც მისტურამ სიაში შეიყვანა და ახლა აცხადებს, რომ მას საერთოდ არ აქვს უფლებამოსილება, რომ სია შეადგინოს.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Syria, 28 May 2018, available at:

[accessed 8 November 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Syria, 18 January 2018, available at:

[accessed 8 November 2018]

[3] Institute for the Study of War; Syria Situation Report: September 23 – October 10, 2018, available at http://iswresearch.blogspot.com/2018/10/syria-situation-report-september-23.html [accessed 8 November 2018]

[4] იმედის ახალი ამბები; „თურქეთის არმიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა“; 28 ოქტომბერი 2018. ხელმისწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/83094/turqetis-armiam-siriashi-qurtebis-pozitsiebs-tsetskhli-gaukhsna [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[5] იმედის ახალი ამბები;“ სამ დღეში ISIS-ის მებრძოლებმა 40-მდე სირიელი სამხედრო მოკლეს“; 28 ოქტომბერი 2018. ხელმისწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/83057/sam-dgeshi-isisis-mebrdzolebma-40mde-sirieli-samkhedro-mokles [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[6] იმედის ახალი ამბები. „სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს“; 17 ოქტომბერი 2018, ხელმისაწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/81663/siriashi-gaeros-spetsialuri-tsarmomadgeneli-tanamdebobas-tovebs [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[7] იმედის ახალი ამბები „სირიაში ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ“; 4 ნოემბერი 2018; ხელმისაწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/84001/siriashi-aviaierishebs-mshvidobiani-moqalaqeebi-emskhverplnen [ბოლოს ნანახი – 9 ნოემბერი 2018]

[8] BBC News, “Syria war: Army frees 19 IS hostages – state media”, 8 November 2018, available at https://www.bbc.com/news/world-middle-east-46143750 [accessed 9 November 2018]

[9] Independent, “Extremists attempt to consolidate power in northern Syria with wave of arrests during ceasefire” 22 October 2018. Available at https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/syria-civil-war-extremist-tahrir-al-sham-turkey-russia-a8596241.html [accessed 9 November 2018]

[10] Al Jazeera, “UN says Damascus is blocking efforts to end civil war”; 27 October 2018, available at https://www.aljazeera.com/news/2018/10/damascus-blocking-efforts-civil-war-181027181045460.html [accessed 9 November 2018]