სირია. საომარ მოქმედებებში იძულებით ჩართვა / რეკრუტირება. ნოემბერი, 2018

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია. დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება, ხელისუფლების მიერ  პოლიტიკურ და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევა . პირი, რომელიც ეცდება თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციებით დაისჯება, რაც მოიცავს სასტიკ მოპყრობას დაკავების, დაკითხვის, დაპატიმრების ან სამხედრო სამსახურში იძულებით დაბრუნებას. პრაქტიკაში, პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის (პატიმრობის) ნაცვლად, დაკავებიდან რამდენიმე დღეში იგზავნება მოწინავე პოზიციებზე საბრძოლველად. ხშირ შემთხვევაში ასეთ პირებს, მხოლოდ მინიმალური წვრთნა აქვთ გავლილი.

სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდების მსურველთა რაოდენობის, დეზერტირობის და მსხვერპლის რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო, არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა და უფრო ინტენსიური გახადეს თავიანთი მცდელობები სირიელი მამაკაცების გაწვევისა და რეზერვისტების მობილიზებისთვის. გარდა ამისა, როგორც იუწყებიან, გააქტიურდა და გაძლიერდა ძალისხმევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მსურველთა გამოვლენის კუთხით, რაც გულისხმობს მობილურ და ფიქსირებულ საგუშაგოებზე კონტროლის დაწესებას, რეიდების მოწყობას სახლებსა და საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში. არმიაში გაწვევის მიზნით, სამთავრობო ძალების მიერ მთავრობის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებისთვის წართმეულ ტერიტორიებზე მცხოვრები სავალდებულო სამხედრო სამსახურის და სარეზერვო ასაკის მქონე მამაკაცების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული.

სირიაში, პირები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო ვალდებულებას, დაკავების შემთხვევაში წამების და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთანავე, სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება აღიქმება პოლიტიკურ ქმედებად, რამაც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შექმნას ამა თუ იმ პირზე და ის შეიძლება მიჩნეული იყოს ხელისუფლების მოწინააღმდეგედ და ოპოზიციურად განწყობილი ძალების მომხრედ, რაც სასტიკი მოპყრობის რისკის ქვეშ აყენებს პირს და იგი სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის შეიძლება დაექვემდებაროს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სირიაში სამხედრო სამსახურის წესებთან და რეგულაციებთან, კერძოდ კი გამონაკლის პროცედურებთან მიმართებით განუკითხაობა, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ხელისუფლების მხრიდან გახშირდა იმ პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც ადრე ე.წ. „დაცულ მოსახლეობას“ შეადგენენ, აქ იგულისხმებიან უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო მოსამსახურეები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურების კანონით გათვალისწინებული ვადა (18 თვე) ეწურებოდათ, სამხედრო სამსახურს კვლავ უხანგრძლივებდნენ. ანგარიშების მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც სავალდებულო მსახურების ვადას ასრულებდნენ, ავტომატურად ირიცხებოდნენ არმიის რეზერვში. სამხედრო სამსახურში გაწვევის და რეზერვის ასაკის მქონე ბევრ მამაკაცს, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ხშირად უწევს თავი შეიკავოს  თავისუფლად გადაადგილებისგან, დაიმალოს ან სხვა რაიონში გადავიდეს, კერძოდ კი ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბევრი მათგანი, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაჭერის, არაადამიანური მოპყრობის და ჯარში გაწვევის შიშით ტოვებს ქვეყანას. სირიაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მამაკაცებს ხშირად ამოწმებენ საზღვარზე და ადგენენ სამხედრო სავალდებულო სამსახური აქვთ თუ არა გავლილი.

სირიაში კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, შეიარაღებული ძალებიდან დეზერტირობა ფართოდ იყო გავრცელებული. დეზერტირობა ისჯება 1950 წლის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსით, რაც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მოიცავს პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.

კანონით დადგენილი წესების მიუხედავად, ანგარიშების მიხედვით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სროლის ბრძანების შესრულებაზე, ჯარიდან გაიქცნენ ან არსებობდა ეჭვი, რომ გაქცევას გეგმავდნენ, ფორმალურად არ აღძრულა საქმე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად. მათ დაჭერისთანავე სჯიდნენ, თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ ან კლავდნენ, ან მათსავე სამხედრო განყოფილებაში აბრუნებდნენ.

2011 წლიდან მოყოლებული, სირიის პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გამოსცა ამნისტიის ბრძანება მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების, სავალდებულო სამსახურზე უარის მთქმელების და დეზერტირებისთვის. ამ ბრძანების მიხედვით,  ისინი სასჯელისგან გათავისუფლდებოდნენ, თუ გარკვეული დროის მანძილზე დაბრუნდებოდნენ.[1]

მთავრობის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე არსებული ვითარება

სამხედრო სამსახური

დანიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში მთელი კონფლიქტის მანძილზე მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევა კვლავ გრძელდება. გასულ წელს არ მომხდარა გენერალური მობილიზება, თუმცა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო სტატუსის კონტროლი. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ 2016 წლის მანძილზე, ახალწვეულთა და რეზერვისტთა გაწვევისთვის საჯარო ადგილებში რეიდები ტარდებოდა. აღნიშნული რეიდების გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი გამოცხადდა სამხედრო გაწვევის დროს.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მამაკაცთა სირიის არმიაში გაწვევა. აღნიშნულ ტერიტორიებზე კვლავ არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც არასოდეს უმსახურიათ ჯარში და სწორედ ახლა უწევთ სამხედრო ვალდებულების მოხდა. მთავრობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეების შეიარაღებულ არმიაში გაწვევას.

იმ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც ადრე შეეძლოთ თავი აერიდებინათ სამხედრო ვალდებულებისგან, ამჟამად წნეხის ქვეშ იმყოფებიან და თავს ვეღარ არიდებენ სამხედრო სამსახურს. დიპლომატიური წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც სამხედრო ვალდებულების შესრულება სწავლის დამთავრების შემდეგ შეეძლოთ, დაუყოვნებლივ იწვევენ როგორც კი ფინალურ გამოცდას აბარებენ, ხოლო აკადემიური წლის დამთავრებას არ ელოდებიან, როგორც ხდებოდა კონფლიქტის დაწყებამდე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, დაწყებულია საჯარო მოხელეების და ასევე, იმ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების გაწვევა, რომლებიც აქამდე ე.წ. „დაცულთა“ სიაში იყვნენ და არ უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.

ჯანმრთელობის და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომელთაც ადრე არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მოიხსნა შეზღუდვა და  დამატებითი სამედიცინო შეფასების შედეგად, იმ პირთა გაწვევა დაიწყეს, რომელთაც უმნიშვნელო სამედიცინო პრობლემები აქვთ. როგორც წესი, მათ ძირითადად ლოგისტიკურ ან საბრძოლო მოქმედებებში რთავენ.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალებმა დაიწყეს ყველას გაწვევა, მათ შორის ოჯახში არსებული ერთადერთი მამაკაცისაც, რომლებიც ადრე, კანონით გათავისუფლებული იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

რამდენიმე წყარო იუწყება, რომ რეზერვისტები გაწვევის განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს დამოკიდებულია თუ რა კვალიფიკაციის მქონე პირები დასჭირდება სირიის არმიას. როგორც იკვეთება სამხედრო კვალიფიკაციის მქონე რეზერვისტებზე დიდი მოთხოვნაა სირიის არმიაში. იყო შემთხვევები, როდესაც არმიას ექიმები ესაჭიროებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხშირად ხდება 42 წელს გადაცილებული რეზერვისტების გაწვევაც. როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით იკვეთება, სამხედრო სამსახურის ასაკი 42 წლიდან 50 წლამდე გახანგრძლივდა. სირიაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 42 წლამდეა ლიმიტირებული. თუმცა მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, გაწვეული მამაკაცების ასაკი 45 წლამდე აღწევს. ალეპოში ბევრი მამაკაცი გაიწვიეს, მათ შორის  52 წლის მამაკაციც იყო.

ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება

დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ბევრი ოპოზიციური დაჯგუფება მოქმედებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ მებრძოლთა გაწვევის მეთოდები სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაგვარია. როგოც პროფესორი ბასელ ალ-ჰასანი აღნიშნავს, მხარეები მებრძოლთა გაწვევას, ამა თუ იმ ეთნიკური, ან რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილების მიხედვით ახდენენ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ შეიარაღებულ დაჯგუფებებში გაწვევა ნებაყოფლობით ხდება. ეკონომიკური საჭიროება მნიშვნელოვნად უბიძგებს მამაკაცებს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეუერთდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებები, მაგალითად, „ჯაბჰატ ალ ნუსრა“, ძალის გამოყენებით ახდენს მებრძოლთა გაწვევას. სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მხოლოდ იმ მებრძოლებს ენდობა და იწვევს, რომელთა ოჯახებიც დაჯგუფებისთვის კარგად არის ცნობილი. სხვა წყაროს ცნობით, დაჯგუფება „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მებრძოლთა გაწვევას რელიგიური და იდეოლოგიური პროპაგანდით ახორციელებს.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ გენერალური ასანბლეისადმი 10-28 სექტემბრის მოხსენებაში წერს, რომ ჩრდილოეთ ჰომსის პროვინციაში, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ამა წლის 15 მაისს დაიბრუნეს აღნიშნული ტერიტორია, მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სახლები და იძულებით გადაადგილდა. ამის მიზეზად მათ, უპირველეს ყოვლისა, დაასახელეს შიში, რომ 18-დან 42 წლამდე ყველა მამაკაცს იძულებით გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში. ამას გარდა, ალეპოს პროვინციაში გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ მამაკაცთა ნაწილმა გამოთქვა შიში, რომ ისინი დაექვემდებარებოდნენ სამთავრობო ძალების მხრიდან იძულებით გაწვევას.

ასევე, დარას პროვინციაში, სადაც დაახლოებით 270 000 პირი იძულებით გადაადგილდა,  თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ათასობით მოქალაქემ შეგნებულად აარიდა თავი სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავშესაფრის მოთხოვნას, ეშინოდათ რა იძულებითი გაწვევის.[3]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ გენერალური ასანბლეისადმი 18 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდის მოხსენებაში წერს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე აგრძელებდა  საომარ მოქმედებებში ბავშვების იძულებით ჩართვას. 2017 წლის მონაცემებით, 15 წლამდე გაწვეულ ბავშვთა რაოდენობა, მთლიანად გაწვეული გოგონების და ვაჟების რაოდენობის 25 პროცენტი იყო. ყოველი 10 გაწვეული ბავშვიდან, 9 ატარებდა უნიფორმას, ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და მონაწილეობდა სამხედრო წვრთნებში.[4]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის  შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადაღვევათა შორის, სხვებთან ერთად, იყო ბავშვების იძულებითი სამხედრო გაწვევა და შემდგომ, სამხედრო მოქმედებებში ჩართვა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მხარდამჭერი გასამხედროებული ჯგუფები იძულებით იწვევდნენ ბავშვებს 13 წლის ასაკიდან. ასევე, ისინი, სავარაუდოდ, 6-დან 13 წლამდე ბავშვებს უხდიდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რათა მათ ემუშავათ, როგორც ინფორმატორებს. მთავრობა, გარდა იმისა, რომ ვერ ახერხებდა ბავშვების იძულებითი რეკრუტირების პრევენციას,  თვითონვე აგრძელებდა მათ იძულებით გაწვევას და სამხედრო მოქმედებებში ჩართვას.

ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობები „ქურთი ხალხის დამცველი დანაყოფების“ (YPG) მიერ პირთა, იშვიათ შემთხვევაში კი – ბავშვების, იძულებითი სამხედრო გაწვევის შესახებ. ვრცელდებოდა ცნობები სამთავრობო ძალების მიერ სამხედრო ასაკს მიღწეული მამაკაცების იძულებითი რეკრუტირების შესახებაც.

გაეროს ცნობით,  სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხრიდანაც, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რაქას პროვინციაში სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას, ფიქსირდებოდა მამაკაცთა იძულებითი გაწვევისა და სამხედრო მოქმედებებში ჩართვის ფაქტები.[5]

[1] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), International Protection Considerations with regard to people fleeing the Syrian Arab Republic, Update V, 3 November 2017, available at:

 [accessed 12 November 2018]

[2] Danish Immigration Service, Syria: Recruitment Practices in Government-controlled Areas and in Areas under Opposition Control, Involvement of Public Servants and Civilians in the Armed Conflict and Issues Related to Exiting Syria, August 2017, 5/2017, available at:

[accessed 12 November 2018]

[3] UN Human Rights Council, “Report of the Independent International Commission of Inquiry on the Syrian Arab Republic* September 10-28 2018, available at

  [accessed 12 November 2018]

[4] UN Human Rights Council, “Summary report on the high-level panel discussion on violations of the human rights of children in the Syrian Arab Republic” June18 – July 6, available at

[accessed 12 November 2018]

[5] United States Department of State, “Country Report on Human Rights Practices 2017” – Syria 20 April 2018, available at

[accessed 12 November 2018]