კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში სავალდებულო სამსახურის შესახებ 2007 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სირიის 1973 წლის კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად, „სამხედრო სამსახური სავალდებულოა და ეს საკითხი რეგულირდება კანონით“. კანონის მიხედვით, ყველა სირიელმა მამაკაცმა, ებრაელების გარდა, უნდა იმსახუროს სამხედრო სამსახურში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახში ერთადერთი ვაჟები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები და სტუდენტები.
კონკრეტული სირიელი მამაკაცები შესაძლოა, გამორიცხული იყვნენ სამხედრო სამსახურისგან, იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიან გარკვეული რაოდენობის თანხას. ავსტრალიაში სირიის საელჩოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულ ჯგუფებს განეკუთვნება:
- სირიის საზღვრებს გარეთ დაბადებული სირიელები, 18 წლის ასაკამდე განგრძობადი ბინადრობის პირობით… გადაიხდიან 2.000 ა.შ.შ. დოლარს;
- სირიის მოქალაქეები, რომლებმაც 12 წლის ასაკამდე დატოვეს სირია, 18 წლის ასაკამდე განგრძობადი ბინადრობის პირობით… გადაიხდიან 5.000 ა.შ.შ. დოლარს;
და ა.შ.
რაც შეეხება სამსახურის ვადას, ა.შ.შ. სახელმწიფოს დეპარტამენტის ინფორმაციით, 2005 წელს ის შემცირდა 24 თვემდე (მანამდე – 30 თვე). ყველა სირიელი მამაკაცი ვალდებულია დადგეს სამხედრო აღრიცხვაზე, როცა მისი ასაკი მიაღწევს 18 წელს. გაწვევა სავალდებულოა 40 წლამდე მამაკაცებისთვის. სხვადასხვა ინფორმაციიით, სარეზერვო სამსახურისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი არის 45-დან 50 წლამდე.
ანგარიშის მიხედვით, სირიის საზღვრებს გარეთ მცხოვრები პირები სირიაში დაბრუნებისას ხშირად ექვემდებარებიან დაკითხვას და, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით, გამოძიება დაიწყოს. კანადის საელჩომ კვლევით დირექტორატს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:
„სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი კომისია წვევამდელის საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში აგზავნის გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელიც წვევამდელს ბარდება გაწვევამდე 2-3 კვირით ადრე. თუ გაწვევის დღეს წვევამდელი არ გამოცხადდება, მისი სახელი და გვარი გადაეცემა ყველა სასაზღვრო პუნქტს და ადგილობრივი პოლიცია მასზე გამოაცხადებს ძებნას.
სამხედრო სამსასახურისგან თავის ამრიდებელი პირი ვერ აიღებს პასპორტს და ვერ გაემგზავრება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ის ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში და თუ კი მას იპოვნიან, დაუყოვნებლივ გააგზავნიან წვრთნებზე.“
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2005 წლის ანგარიშში წერდა, რომ ზოგიერთი სირიელი ემიგრანტი, რომლებიც სტუმრობდნენ სამშობლოს, დააპატიმრეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონდათ გადახდილი სამხედრო სამსახურიდან გამორიცხვის შესაბამისი გადასახადი.[1]
უფრო დეტალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესახებ, კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში სავალდებულო სამსახურის შესახებ 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც თავს არიდებენ გაწვევას, ექვემდებარებიან პატიმრობას ან იძულებით გაწვევას. ერთ-ერთი აქტივისტის ინფორმაციით, დეზერტირს შესაძლოა დაემუქროს პატიმრობა 260 დღის ვადით და ჯარიმა, თუმცა, როგორც წესი, ჯარიმის სასჯელს აუქმებენ და ხანდახან, პირს უბრალოდ აბრუნებენ ქვედანაყოფში. თუმცა, იმ შემთვევაში, თუ დეზერტირი არის ოფიცერი ან „მაღალი რანგის“ ჯარისკაცი, მისი ქმედება აღქმულია, როგორც „მოღალატეობრივი და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული“, შესაბამისად, ის შეიძლება დაექვემდებაროს პატიმრობასა და წამებას.[2]
კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში მცხოვრები პალესტინელების უფლება-მოვალეობების შესახებ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მოქალაქეობის შესახებ 1969 წლის კანონის მიხედვით, პალესტინელები, მიუხედავად იმისა აკმაყოფილებენ თუ არა ნატურალიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვერ გახდებიან სირიის მოქალაქეები, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ შეინარჩუნონ საკუტარი იდენტობა. წყაროები ადასტურებენ, რომ სირიაში პალესტინელი ლტოლვილები არ არიან სირიის მოქალაქეები და არ ფლობენ სირიულ პასპორტებს.
რაც შეეხება სამხედრო სამსახურის მოხდის კუთხით ვალდებულებებს, 1956 წლის N 260 კანონის მიხედვით, „ამ კანონის გამოქვეყნების დღისთვის სირიაში მცხოვრები ყველა პალესტინელი, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნულ სამსახურთან დაკავშირებული ყველა ტიპის უფლებისა და მოვალეობის კონტექსტში, მიიჩნევა სირიელად“. შესაბამისად, პალესტინელები ვალდებულნი არიან, მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ისინი, ასევე, ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურისგან გამომრიცხავ იმავე წესებსა და გადასახადებს, როგორც ყველა სირიელი და საზღვარგარეთ მცხოვრები რეზიდენტი.
UNRWA-ს ინფორმაციით, ყველა პალესტინელი, რომელიც სირიაში შევიდა 1948 წელს და, ასევე, მათი მამრობითი სქესის შთამომავლები, ექვემდებარებიან სამხედრო გაწვევას ისე, როგორც ნებისმიერი სხვა სირიის მოქალაქე.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 1956 წელს შემოსული პალესტინელები არ არიან ვალდებულნი, მოიხადონ სამხედრო სამსახური. [3]
[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: Compulsory military service, including age limit for performing service; penalties for evasion; occasions where proof of military service status is required; whether the government can recall individuals who have already completed their compulsory military service, 8 March 2007, SYR102395.E, available at:
[accessed 13 November 2018][2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: Compulsory military service, including age of recruitment, length of service; occasions where proof of military service status is required; whether the government can recall individuals who have already completed their compulsory military service; penalties for evasion (2008-July 2014), 13 August 2014, SYR104921.E , available at:
[accessed 13 November 2018][3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: The legal rights and obligations of a Palestinian who has been issued a Syrian travel document, including whether they must report for military service; whether the rights and obligations apply to Palestinians that have resided outside of the country for the majority of their life and only visited it briefly (2009-November 2013), 22 November 2013, SYR104658.E , available at:
[accessed 13 November 2018]