სერბეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ნოემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) სერბეთის შესახებ წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას კანონი კრძალავს, პოლიცია დრო და დრო ცემს დაკავებულებს; როგორც წესი, წინასწარი მოთავსების დაწესებულებაში დაპატიმრების დროს. აღნიშნული ქმედების მიზანი აღიარების მოპოვებაა; თუმცა, ასეთი წესით მიღებული ნებისმიერი მტკიცებულება არ დაიშვება სასამართლოში. მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, ასევე, წარმოადგენს პრობლემას.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრი ციხე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს – მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეებში მძიმე პირობებია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არა ადექვატური სანიტარული და ჯანდაცვის პირობებით და ფიზიკური ძალადობით. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებების ტევადობა 9,800-მდე გაიზარდა; თუმცა საანგარიშო პერიოდში პატიმართა რაოდენობა 10,600 იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთულობა მაინც პრობლემად დარჩა, ახალი ციხეების აშენებამ და ალტერნატიული სასჯელის ზომების ფართოდ გამოყენებამ, შეამცირა გადატვირთულობის დონე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში სტაციონარული ჰოსპიტალის რეკონსტრუქციისა და ახალი ოთახების მშენებლობის დასრულებას. ასევე, დასრულდა ახალი მისაღები დეპარტამენტის მშენებლობა სერბეთის სიდიდით მესამე ქალაქ ნისის პრობაციის დაწესებულებაში.

კანონმდებლობით აკრძალულია თვითნებური დაპატიმრება და დაკავება და მთავრობა ძირითადად იცავს აღნიშნულ დადგენილებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, გააპროტესტონ სამართალდამცავების ქმედება და მიიღონ კომპენსაცია თუ დადგინდება გადაცდომა პოლიციის მხრიდან.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ სერბები, ზოგადად, დაცულები არიან ფიზიკური უსაფრთხოების მხრივ; საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ჯანდაცვის სერვისი არა ადექვატურია.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს ბოშების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, ჟურნალისტების შევიწროვება, ციხეების გადატვირთულობა და მუქარები ლგბტ თემის მიმართ.[3]

[1] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 15 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 15 November 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Serbia, 18 January 2018, available at:

[accessed 15 November 2018]