დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ნოემბერი, 2018

იდლიბის ბუფერულ ზონაში ასადის სამთავრობო ძალებმა ოპოზიციური ძალების 22 მებრძოლი მოკლეს – ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის რეჟიმის მხარდამჭერები ჰამას პროვინციის ჩრდილოეთით შეიჭრნენ. ამ ტერიტორიას აქამდე დაჯგუფება ჯაიშ ალ-იზა მართავდა.[1]

თურქეთში ჟურნალისტი ერდოღანის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს – ჰუსნი მაჰალის 4 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჟურნალისტმა თურქეთი სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რისთვისაც მას 1 წელი და 8 თვე მიუსაჯეს. სასჯელის დანარჩენი ჟურნალისტს ქვეყნის ლიდერის კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს.[2]

ტერაქტი სომალიში – მოგადიშუში სამი ავტომობილის აფეთქებას 52 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე პირი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. აფეთქება სასტუმროსთან „Sahafi“ ახლოს მოხდა, რომელიც სომალის საგამოძიებო დეპარტამენტთან ახლოს მდებარეობს. თავდასხმისას პოლიციელებმა ხუთი ტერორისტი მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-შაბააბმა აიღო.[3]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას უკვე 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ვაქცინაციის პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ 25 ათას ადამიანს შეეხო. სამედიცინო ჯგუფები, რომელთაც ვაქცინაცია უნდა ჩაატარონ, ხშირად ამბოხებულთა თავდასხმის სამიზნეები ხდებიან.[4]

ვითარება ავღანეთში – აფეთქების შედეგად კოჰსანის ოლქის გუბერნატორი ჰაჯი ამირ ჰაფბალა დაიღუპა. აფეთქება მისივე ოფისში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სულ მცირე ექვსი ადამიანი შეეწირა, რვა კი დაშავდა. შემთხვევა აქციის დროს მოხდა. ადამიანები ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს არ არსებობას და თალიბების მიერ შიიტებზე თავდასხმებს აპროტესტებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელი ხალხმრავალ ადგილამდე არ მიუშვეს, თორემ მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფო აიღო.[6]

თალიბანის თავდასხმებმა ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში, მთლიანობაში, სულ მცირე 30 ავღანელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. ინფორმაცია ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურამ გაავრცელა.[7]

თვითაღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნები გაიმართა – უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნებში ლიდერობენ დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით. უკრაინის მიერ უკანონოდ გამოცხადებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პუშილინს ხმა მისცა 61,5%-მა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პასეჩნიკს 63%-მა. უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა.

ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო. მხარეებს შორის, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, 2017 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის განახლებაში. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანი აქცია დევნილებად.[8]

[1] Daily Sabah; Assad regime attack kills 23 opposition forces in Syria’s Idlib buffer zone; 09 November, 2018; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2018/11/09/assad-regime-attack-kills-23-opposition-forces-in-syrias-idlib-buffer-zone-monitor

[2] SANA – Syrian Arab News Agency; Turkish court hands down prison sentences for SANA correspondents in Turkey; 08 November, 2018; available at: https://www.sana.sy/en/?p=150621

[3] CNN; Death toll in Mogadishu car bombing rises to 52; By Omar Nor and Bukola Adebayo; 12 November, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/11/12/africa/mogadishu-bomb-death-toll-intl/index.html

[4] BBC; DR Congo Ebola outbreak worst in country’s history; 11 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-46167340

[5] იმედის ახალია ამბები; ავღანეთში აფეთქებისას გუბერნატორი დაიღუპა; 10 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/84915/avganetshi-apetqebisas-gubernatori-daigupa

[6] Fox News; ISIS claims responsibility for suicide attack in Afghanistan; By Kitty Logan; 13 November, 2018; available at: https://www.foxnews.com/world/isis-claims-responsibility-for-bomb-attack-in-afghanistan

[7] Reuters; Taliban attacks in western Afghanistan kill at least 30 security forces; 15 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-attacks-in-western-afghanistan-kill-at-least-30-security-forces-idUSKCN1NK10E?il=0

[8] იმედის ახალია ამბები; დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა; 12 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/85101/donbasisa-da-luganskis-tvitgamotskhadebul-respublikebshi-ets-archevnebis-tsinastsari-shedegebi-gamoqveknda