ეგვიპტე. რელიგიათშორისი ქორწინება – კანონმდებლობა და პრაქტიკა. ნოემბერი, 2018

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ეგვიპტეში ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ პირადი სტატუსის შესახებ კანონის მიხედვით, ეგვიპტეში რელიგია ამოსავალია იდენტობისთვის. სამი აღიარებული რელიგიური ინსტიტუცია განსაზღვრავს პირადი სტატუსის საკითხებს, როგორიცაა მათ შორის ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა. მუსლიმების შემთხვევაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები შარიათის კანონებით რეგულირდება და ეს კანონები აღიარებულია სასამართლოს მიერ. ქრისტიანებსა და იუდეველებთან მიმართებაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მათი რელიგიური დოქტრინების შესაბამისად, რაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შესაბამის ძალას ატარებს ეგვიპტის სასამართლოში.

ეგვიპტე კონსერვატული ქვეყანაა და ქორწინების გარეშე ურთიერთობა არაა მიღებული არც ურბანულ სივრცეში და არც პერიფერიებზე. სახელმწიფო მუსლიმების ქორწინების ადმინისტრირებას შარიათის კანონების შესაბამისად ახდენს; ქრისტიანებისა და მუსლიმების შემთხვევაში, შესაბამისი რელიგიური ინსტიტუციების ნებართვაა საჭირო, ვიდრე სახელმწიფო ქორწინებას დაარეგისტრირებს. საბოლოოდ, ყველა ქორწინება უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში, რომელიც ქორწინების ოფიციალურ მოწმობას გასცემს.

შარიათის კანონის თანახმად, მუსლიმ კაცს არა-მუსლიმი ქალი შეუძლია ისე შეირთოს ცოლად, რომ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდეს ისლამზე; მუსლიმი ქალი კი ვერ გაჰყვება ცოლად არა-მუსლიმ კაცს თუ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდება ისლამზე. ზოგიერთი ქრისტიანული დენომინაცია არ ითხოვს კონვერტაციას ქრისტიანული დენომინაციის მიმდევრებს შორის ქორწინებისას; მაგრამ, უმეტესობა, მათ შორის კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია, ძირითადად, აქორწინებს ერთიდაიგივე დენომინაციის მიმდევარ წყვილებს. ეგვიპტეში სამოქალაქო ქორწინება არ არსებობს და ყველა რელიგიური ინსტიტუცია ამის წინააღმდეგია. საზღვარგარეთ დაქორწინების შემთხვევაში, წყვილი ეგვიპტეში აღიარებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქორწინება იქნება პერსონალური სტატუსის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტების შესაბამისი. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი ცოლად გაჰყვება არა-მუსლიმ კაცს საზღვარგარეთ, ეგვიპტეში ქორწინების აღიარება არ მოხდება; ისევე როგორც, ეგვიპტე არ აღიარებს ერთი სქესის პირთა ქორწინებას.[1]

ეგვიპტეში არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიათაშორის ქორწინებას აკრძალავს; თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტეში ისლამი წარმოადგენს კანონმდებლობის ძირითად საფუძველს, ქვეყნის 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს, რომ ოჯახთან დაკავშირებული საკითხები ისლამური კანონების მიხედვით წყდება. დარ ალ იფტა ალ მასრიას (ეგვიპტის ოფიციალური რელიგიური უწყება, რომელსაც შეუძლია რელიგიური დადგენილებების – ფატვას გამოცემა) ფატვა ადგენს, რომ მუსლიმი მამაკაცისთვის, გარკვეულ პირობებში, დასაშვებია არა მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა. ამავე ფატვის მიხედვით, არა მუსლიმ კაცს ეკრძალება მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა, რადგან არა მუსლიმი კაცი პატივს არ სცემს მუსლიმი ქალის რწმენას. ისლამური კანონები უკრძალავს მულიმ კაცს ცოლად შეირთოს ათეისტი ან ისეთი ქალი, რომელსაც აბრაამისეული რელიგიების არ სწამს. აღნიშნული აკრძალვა ეფუძნება ყურანის 2:221 სურას, სადაც წერია, რომ „მუსლიმმა კაცმა ცოლად არ უნდა შეირთოს პოლითეისტი ქალი, ვიდრე ის არ გახდება მორწმუნე“. იგივე სურა იგივე შინაარსის აკრძალვას უწესებს ქალებსაც.[2]

მედია საშუალება BBC 2014 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რელიგიათაშორისი ქორწინება ეგვიპტეში მიუღებელია; წყვილები მზად უნდა იყვნენ, რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. რელიგია უკიდურესად მგრძნობიარე თემაა და ბევრი ქრისტიანი და მუსლიმი უარს აცხადებს მიიღოს ის ხალხი, ვინც ტოვებს თავიანთ კონგრეგაციას. რელიგიური ლიდერები რელიგიათაშორის ქორწინებას აღიქვამენ სხვა რელიგიის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობად. მათი მტკიცებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის ქორწინება კულტურულად მიუღებელია ეგვიპტის სოფლებში. 2013 წელს ერთი მუსლიმი კაცი დაიღუპა და 5 დაშავდა მენიას პროვინციის სოფლად მომხდარი ინციდენტისას. ამავე ინციდენტისას, 5 ქრისტიანის სახლი დაწვეს. ჩხუბის მიზეზი გახდა მუსლიმ ქალსა და მის ქრისტიან მეზობელ კაცს შორის ურთიერთობა.[3]

ეგვიპტელი მწერალი აჰმედ ატალაჰი, რომელიც რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებს იკვლევს, ამბობს, რომ „როდესაც ქრისტიანი ქალი მუსლიმ კაცთან ქორწინების დარეგისტრირებას ცდილობს, ოფიციალური პირები მას სთხოვენ ეკლესიის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას. ეგვიპტის ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულ მიმდინარეობს შორის ქორწინებაზე თანხმობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთობაზე“.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების ქორწინებას. შარიათის მიხედვით, არა მუსლიმი კაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე რათა შეირთოს მუსლიმი ქალი. არა მუსლიმ ქალს (ქრისტიანს ან იუდეველს) არ მოეთხოვება კონვერტაცია იმისთვის, რომ მუსლიმ კაცზე გათხოვდეს. თუ არა მუსლიმი ქალი კონვერტირდება ისლამზე და მისი ქმარი (თუ ის არა მუსლიმია) უარს იტყვის კონვერტაციაზე, ქალი უნდა გაშორდეს მას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას ერგება.

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქორწინებისა და პირადი სტატუსის სხვა საკითხებს, ძირითადად, ესადაგება პირის რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ დაქორწინდება არა მუსლიმ კაცზე. თუ ის ასე მოიქცევა არაოფიციალურად, საზოგადოების მხრიდან სერიოზული შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდება. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები მუსლიმი მამაკაცის მეურვეობის ქვეშ განთავსდებიან.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტეში, 2015 წლის 18 ნოემბერს, მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა მოკლეს 26 წლის გოგო, რომელიც ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცზე დაქორწინდა. მოკლული გოგოს მამამ, რომელიც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო შვილის დაცვა, პოლიციას მიმართა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებს, მსხვერპლის ოჯახსა და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახს შორის შესარიგებელი შეხვედრა შედგა, რათა აეცილებინათ შემდგომი კონფესიათაშორისი ძალადობა სოფელში. მსხვერპლის ოჯახმა ქრისტიან ქმარსა და მის ოჯახს სოფლის სამუდამოდ დატოვება მოსთხოვა.[5]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2016 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ მინიას პროვინციაში მუსლიმთა ბრბომ დაწვა ქრისტიანთა სახლები და ქრისტიანი ქალი გაშიშვლებული ატარა ქუჩებში. მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორი, რომ ქრისტიანი ქალის შვილს ჰქონდა ურთიერთობა მუსლიმ ქალთან. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და შემთხვევის ადგილას თავდასხმის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივიდა. საბოლოოდ, მომხდარის გამო 5 პირი დააკავეს და პროკურატურამ კიდევ 18 პირის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, ათმა პარლამენტარმა ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა მოითხოვა. ქრისტიანმა სასულიერო პირმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი ძალადობრივი თუ ურთიერთობა მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის იქნებოდა.[6]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 3 April 2018]

[2] The Law Library of Congress; Prohibition of Interfaith Marriage; September, 2015; available at:

[accessed 16 November 2018]

[3] BBC; Egypt: The forbidden love of interfaith romances; By Ali Gamal; 24 November, 2014; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-29932094 [accessed 16 November 2018]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 16 November 2018]

[5] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 16 November 2018]

[6] Deutsche Welle; Muslim mob burns Christian homes in Egypt over interfaith relationship; By Darko Janevic; 26 May, 2016; available at: https://www.dw.com/en/muslim-mob-burns-christian-homes-in-egypt-over-interfaith-relationship/a-19284932 [accessed 16 November 2018]