ეგვიპტე. მუსლიმთა საძმოს წევრთა მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები რუტინულად აწამებდნენ და აუჩინარებდნენ რამდენიმე ნიშნით ეჭვმიტანილებს. ასეთი მოპყრობის მსხვერპლი დაკავებულების დიდი ნაწილის მიმართ ბრალდება მუსლიმი საძმოს წევრობა იყო. მუსლიმთა საძმო 2013 წელს მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მაგრამ ის რჩებოდა ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ მოძრაობად.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მთავრობა სისტემატურად დევნის ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკურ მოძრაობებს. მუსლიმთა საძმოს წევრთა და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, მათ შორის მაღალი რანგის პირები თითქმის სრული შემადგენლობით, დააპატიმრეს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ; დაკავებები გაგრძელდა 2016 წელსაც. საძმოს ზოგიერთი წევრი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს პოლიციასთან შეტაკებისას. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაცემებით, 2016 წლისთვის 40 ათასამდე ადამიანი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით; მათი უმრავლესობა მუსლიმ საძმოსთან დადასტურებული ან სავარაუდო კავშირის გამო.[2]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას უსაფრთხოების ძალების მიერ რეიდებისას ეჭვმიტანილების, მათ შორის მუსლიმთა საძმოს წევრების და შეიარაღებული დაჯგუფებების სავარაუდო წევრების, მოკვლის შესახებ. მთავრობის კრიტიკოსები და ოპონენტები ხშირად ხდებიან თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი მუსლიმთა საძმოს ან 6 აპრილის მოძრაობისადმი კუთვნილების ბრალდებით.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მუსლიმთა საძმო ეგვიპტის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული და მისი წევრები შესაძლოა გასამართლდნენ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ბევრი მაღალი და საშუალო რგოლის ლიდერები და წევრები დააპატიმრეს და მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა და რიგ შემთხვევებში სიკვდილით დასჯაც. უსაფრთხოების სამსახურმა ათასობით წევრი და მხარდამჭერი დააპატიმრა, ძირითადად დემონსტრაციებისას. ზოგიერთი წევრი და მხარდამჭერი დემონსტრაციების მსვლელობისას დაშავდა და ზოგიერთი დაიღუპა კიდეც.

მაღალი პროფილის პირები, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ ან იქცევდნენ ხელისუფლების ყურადღებას, ძირითადად დემონსტრაციებისას, სავარაუდოდ, იქნებიან დაკავებულნი ან დაპატიმრებულნი, რა დროსაც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის და არაპროპორციული სასჯელის რისკი არსებობს, რაც უტოლდება დევნას ან სერიოზულ ზიანს. ასევე, დევნის ან სერიოზული რისკის ქვეშ არიან ის პირები, ვინც არ არიან წევრები, მაგრამ არიან მაღალი პროფილის მქონე მხარდამჭერები, მაგალითად ჟურნალისტები.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუსლიმთა საძმოს დაბალი რანგის, აპოლიტიკური ან არა აქტიური წევრები და მხარდამჭერები, ასევე, მხარდამჭერებად მიჩნეული პირები, ძირითადად არ არიან სამიზნეები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დევნის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ პრეზიდენტმა სისიმ, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მეთაური იყო, სამხედრო გადატრიალების გზით, 2013 წელს ძალაუფლება ხელში აიღო და არჩეული პრეზიდენტი, მუსლიმთა საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის წევრი მოჰამედ მორსი თანამდებობიდან გადააყენა. სამხედროებმა დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს და 2014 წლის იანვარში, მკაცრად კონტროლირებად გარემოში, რეფერენდუმის გზით მიიღეს ახალი კონსტიტუცია და იმავე წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარეს. ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის მუსლიმთა საძმომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. 2013 წელს მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. მომდევნო წლებში ორგანიზაციის ბევრი წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ძირითად სამიზნეებს მუსლიმთა საძმოს სავარაუდო წევრები იყვნენ. გამოტანილი განაჩენები მძიმე იყო, ხშირ შემთხვევაში სამუდამო პატიმრობები. თუმცა მოგვიანებით ბევრი საქმე გადაიხედა და სასჯელები შემცირდა, რიგ შემთხვევებში დადგა გამამართლებელი განაჩენები.[5]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ ასობით პირის დაკავებას მათი მუსლიმთა საძმოს სავარაუდო წევრობის საფუძველზე. ისინი აჰყავდათ სახლებში, სამუშაო ადგილებიდან და იყო შემთხვევა, როდესაც პირი კურორტზე ყოფნისას დაიჭირეს. ციხის ადმინისტრაცია სჯიდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირებს კარცერში მოთავსებით და გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობით. მუსლიმთა საძმოს სპიკერი ჯეჰად ელ-ჰადადი რჩება მკაცრი რეჟიმის ციხეში წინასწარ პატიმრობაში 2013 წლის 17 სექტემბერს მისი დაკავების მომენტიდან. ბევრი პატიმარი დაიღუპა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მათი ჰოსპიტალებში გადაყვანა არ ისურვა. მუსლიმთა საძმოს ყოფილი ლიდერი მაჰდი აკეფი ციხეში გარდაიცვალა სიმსივნით.[6]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების ძალები აპატიმრებდნენ ასობით დისიდენტს და მათ ძირითად სამიზნეს კანონგარეშედ გამოცხადებული მუსლიმთა საძმოს წევრები წარმოადგენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო თვითნებურად აკავებდა, აუჩინარებდა და აწამებდა ხალხს. იყო კანონგარეშე მკვლელობების ფაქტები. ხელისუფლებამ ასობით პირი შეიყვანა ტერორისტთა სიაში და შესაბამისი პროცესის გარეშე ჩამოართვა მათ აქტივები.[7]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები მთავრობის ქმედებების შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული მუსლიმთა საძმოს და მასთან ასოცირებული პირების წინააღმდეგ. 2017 წლის სექტემბერს მთავრობამ განაცხადა 78 ეკლესიის აღდგენის შესახებ – ეკლესიები 2013 წლებს მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერების მიერ იქნა დაზიანებული. სახელმწიფო დაფინანსებით, ლიბიაში ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფების მიერ მოკლული 20 კოპტის სახელობის ეკლესია აშენდა  ეგვიპტეში, პროვინცია მინიას ერთერთ სოფელში.[8]

მედია საშუალება „Al Jazeera“ 2018 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს 75 წევრს სიკვდილით დასჯიან; სტატიის მიხედვით, მათ შორის არიან საძმოს ლიდერები, ესამ ელ ერიანი და მუჰამედ ბელთაგი. ისინი 2013 წელს დააპატიმრეს. მუსლიმთა საძმოს წევრებს ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. ცნობილ ფოტოგრაფს მაჰმუდ აბოუ ზეიდს (მეტსახელად Shawkan) ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2013 წელს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გაშუქების გამო დააკავეს. ერთი თვის წინ ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.[9]

იგივე წყარო 2018 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ შესაძლოა, მუსლიმთა საძმოს ლიდერს მუჰამედ ბადის სამუდამო პატიმრობა სხვა სასჯელით შეუცვალონ; ეგვიპტის სასამართლო თანახმაა, განმეორებით განიხილოს მუსლიმთა საძმოს ლიდერის, მუჰამედ ბადის საქმე და შესაძლოა, მას სამუდამო პატიმრობა სხვა სასჯელით შეუცვალონ. სასამართლო ბადისა და საძმოს სხვა წევრების საქმეებს 7 ოქტომბრიდან განიხილავს. უცნობია, რატომ გადაწყვიტეს საქმეების ხელახალი გამოძიება, თუმცა ეგვიპტის კანონმდებლობით, სასჯელი შეიძლება შეიცვალოს, თუ ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთება. აგვისტოში ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. საძმოს ყველაზე ცნობილი სულიერი ლიდერი, მუჰამედ ბადი 2013 წლის აგვისტოში, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს.[10]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 29 December 2017]

[5] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at:

[accessed 19 November 2018]

[6] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Egypt, 22 February 2018, available at:

[accessed 19 November 2018]

[7] Human Rights Watch, World Report 2018 – Egypt, 18 January 2018, available at:

[accessed 19 November 2018]

[8] US Department of State; Bureau of Democracy, Human Rights and labor; 2017 Report in International Religious Freedom; May 29, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/irf/2017/nea/280980.htm [accessed 19 November , 2018]

[9] Aljazeera; Egypt sentences 75 to death over Rabaa protests; 9 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/egypt-sentences-75-death-rabaa-protests-180908092058638.html

[10] Al Jazeera; Egypt court orders retrial of Muslim Brotherhood’s Mohamed Badie; 30 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/egypt-court-orders-retrial-muslim-brotherhood-mohamed-badie-180930144849347.html