სირია. სუნიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ  სირიაში არ არსებობს სახელმწიფო რელიგია, ხოლო თავად სახელმწიფო პატივს სცემს რელიგიის თავისუფლებას და  ყველას აძლევს საშუალებას, შეასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის საჯარო წესრიგს.  „ისლამური საძმოს“ და სხვა „სალაფისტური“ (სუნიზმის ფუნდამენტალური ინტერპრეტაცია) ჯგუფების წევრობა კანონით აკრძალულია და სხვადასხვა სახის სასჯელს  ითვალისწინებს (მათ შორის, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა). რელიგიური დემოგრაფიის კუთხით მდგომარეობა შემდეგია: ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის დაახლოებით 74 % არის სუნიტი მუსლიმი,  სხვა მუსლიმური ჯგუფები – ალავიტები, ისმაილიტები და შიიტები შეადგენენ მოსახლეობის 13 პროცენტს, ხოლო დრუზეები – 3 პროცენტს. ამას გარდა, ქვეყნის გარეთ იძულებით გადაადგილებულია 5.48 მილიონი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა არის სუნიტი მუსლიმი. ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, სირიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ ქრისტიანები, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე, მათმა დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა.

მრავალი მედია წყაროს ცნობით, სირიაში მთავრობისა და მასზე დაქვემდებარებული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, ძირითადად სუნიტური ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხორციელდებოდა მკვლელობის, დაპატიმრებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ სირიის მთავრობის მიერ ფუნდამენტალურ ისლამთან ასოცირებული ტერორიზმი გაიგივებულია სუნიტ მოსახლეობასთან, მთავრობა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქებისა და ტერიტორიების წინააღმდეგ ბრძოლისას, იყენებდა ალყის, დაბომბვებისა და, მათ შორის, ქიმიური იარაღით თავდასხმის მეთოდებს, რასაც მძიმე დანაკარგები მოჰყვა ძირითადად სუნიტ მოსახლეობაში.

სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ტერორისტული ჯგუფების (ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდასთან ასოცირებული ადგილობრივი ორგანიზაცია „hayat tahrir al-sham“ (HTS) ) სამიზნეებს წარმოადგენდნენ როგორც ალავიტები, შიიტები და ქრისტიანები, ასევე – გარკვეული შემთხვევების დროს – სხვა სუნიტი მუსლიმები. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა მკვლელობების, გატაცებების, დაპატიმრებებისა და ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს.

ქალაქებში, სოფლებსა და სხვადასხვა დასახლებებში, მოსახლეობა სეგრეგირებულია რელიგიური ნიშნით. თუ ადრე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად სახლობდნენ, ახლა უბნები დაყოფილია ერთის მხრივ, სუნიტური უმრავლესობის უბნებად, ხოლო მეორეს მხრივ – სხვა რელიგიური უმცირესეობების (ალავიტები, შიიტები,…) დასახლებებად.

გავრცელებული ცნობებით, ალავიტებით დაკომპლექტებული მთავრობის მიერ ოპოციზიური თუ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ომს ყველაზე მძიმე დანაკარგები სუნიტ მოსახლეობაში მოჰყვა. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტისა და თუ ჟურნალისტის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებდა კანონგარეშე მკვლელობებსა და დაკავებებს. ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობები სამთავრობო ძალების მიერ სუნიტი პირების იძულებით გაუჩინარებების, ასევე, სამთავრობო ციხეებში მათი მასობრივი და სისტემიზებური მკვლელობების შესახებ. ასევე, მთავრობასთან ასოცირებეული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები იძულებით ასახლებდნენ სუნიტ მოსახლეობას და შემდგომ, იკავებდნენ მათ საცხოვრებელს. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმი ამ გზით ცდილობდა, შეეცვალა დემოგრაფიული მდგომარება და სუნიტურ დასახლებებში ჩაესახლებინა არა-სუნიტი მოსახლეობა, რომელიც მათ მიერ აღქმული იყო, როგორც რეჟიმის მხარდამჭერი.

დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის მიხედვით, სამოქალაქო დანაკარგებისა და დაკავებულთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი სუნიტ მოსახლეობაზე მოდის. გაეროს და პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობამ განაახლა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ამ კუთხით, აღსანიშნავია აპრილში, ძირითადად სუნიტებით დასახლებული იდლიბის დაბომბვა, რასაც სულ მცირე 83 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

ასევე, მძიმეა სიტუაცია ციხეებში. გავრცელებული ცნობებით, წამებას დაქვემდებარებული და სიკვდილით დასჯილი პატიმრების უმრავლესობა იყო სუნიტი მუსლიმი. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მთავრობას სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციური ჯგუფების წევრები ან მხარდამჭერები.

ზოგიერთი ოპოზიციური და ტერორისტული ჯგუფი ღიად აცხადებდა, რომ იყო სუნიტური და ამ გზით ცდილობდა სუნიტურ მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებას, რითაც მთავრობის მიერ ოპოზიციის წინაღმდეგ ბრძოლას რელიგიური ნიშნის ელემენტს უმატებდა. ამის საპასუხოდ, მთავრობამ საკუთარი თავი „მოინათლა“, როგორც სუნიტი ტერორისტებისგან რელიგიური უმცირესობების დამცველი და ამ გზით ცდილობდა მათი მხარდამჭერის მოპოვება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებების სულ მცირე 6500 ფაქტს. უმრავლეს შემთვევაში, დაკავებულ პირებს სუნიტი არაბები წარმოადგენდნენ.

მთავრობა აგძელებდა სუნიტების მიმართ საჯაროდ დამუქრებას, აფრთხილებდა რა მათ, რომ თავი შეეკავებინათ უცხოელ თანამორწმუნეებთან კომუნიკაციისგან და ამგვარ ქმედებას აიგივებდა, როგორც ოპოზიციის პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებად.[1]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია სირიის შესახებ 2018 წლის 25 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ მთავრობა აგრძელებდა სუნიტური დასახლებების დეპოპულიზაციას (მოსახლეობისგან დაცლა). მიმდინარე წელს, ასევე, მკვეთრად გაიზარდა სუნიტების მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო „სირიის ადგილობრივი თავდაცვის ძალების“ მიერ ჩადენილი ქმედებებით. აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფი ფინანსდება ირანის მიერ და ინტეგრირებულია სირიის შეიარაღებულ ძალებში.

ანგარიშის მიხედვით, ალავიტებით დაკომპლექტებული მთავრობა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აგრძელებდა სუნიტურ მოსახლეობაზე თავდასხმებს. გაეროს მიერ შექმნილი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამსახურის (COI) მიხედვით, სირიაში მთლიანი სამოქალაქო დანაკარგების უმრავლესობა სუნიტებზე მოდიოდა. ასევე, სამთავრობო ძალების ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქალაქებისთვის ბრძოლისას იყენებდნენ ალყას, როგორც ომის მეთოდს. ამას გარდა, სუნიტ მოსახლეობას უკრძალავდნენ  იგივე რელიგიის წარმომადგენელ უცხოელებთან კომუნიკაციას.[2]

[1] United States Department of State – “SYRIA 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT”, available at

[accessed 19 November 2018]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Syria, 25 April 2018, available at:

[accessed 19 November 2018]