პაკისტანი. შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Minority Rights Group International პაკისტანში შიიტთა და ჰაზარას უმცირესებათა შესახებ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ შიიტები პაკისტანის მთლიანი მუსლიმური პოპულაციის 15 პროცენტს შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ შიიტები, როგორც მუსლიმები არ არიან შებოჭილი იმ კონკრეტული შეზღუდვებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებობს, ისინი სუნიტი ექსტრემისტების მიერ მაინც „მწვალებლებად“ არიან აღქმულნი. შედეგად, მათი მხრიდან  შიიტური უმცირესობის წარმომადგენლები შეიძლება დაექვემდებარონ ზოგადად მტრულ დამოკიდებულებასა და საჯარო მოწოდებებს  მათი მკვლელობის შესახებ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიარაღებული ჯგუფების მიერ შიიტ მუსლიმებზე თავდასხმები განსაკუთრებით სისხლიანი გახდა. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული დაბომბვების სამიზნეს, ხშირად, წარმოადგენდა სოციალური შეკრებები და შიიტებით გადატვირტული ლოკაციები. თავდასხმის ობიექტს, ასევე, წარმოადგენდა შიიტთა სალოცავი ადგილები.

მიუხედავად იმისა, რომ შიიტებზე ძალადობრივი თავდასხმები ქვეყანაში ზოგადი უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების ფონზე გაიზარდა, კონკრეტულად შიიტებზე თავდასხმები, როგორც წესი, გამორჩეულია და მოტივირებულია პოლიტიკური ან სამხედრო მიზეზით, ან უბრალოდ განურჩეველი თავდასხმით სამოქალაქო პირებზე. თავდასხმები, ასევე, ხორციელდება შიიტი მომლოცველების მიმართ, მაშინ როდესაც ისინი წმინდა ადგილების მოსალოცად მიემართებიან ირანში და როდესაც უკან ბრუნდებიან ირანიდან პაკისტანში, პაკისტანი-ირანის დამაკავშირებელი 700 კმ სიგრძის ავტობანის გავლით.

შიიტები ასევე, ექვემდებარებიან სიძულვილის ენას სხვადასხვა ფორმის გამოვლინებით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მეჩეთებში, სკოლებსა თუ სოციალურ ქსელებში განხორციელებული კამპანიები. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მათ ღიად უწოდებენ „მწვალებლებს“ ან „ერეტიკოსებს“ და სუნიტებს მოუწოდებენ მათ მოსაკლავად.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House პაკისტანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2017 წელს რელიგიური ნიშნის მიხედვით ძალადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნული ნიშნის გამო თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა 231 პირი, რომელთა უმრავლესობაც შიიტი მუსლიმი იყო. ზემოხსენებული მაჩვენებელი 2016 წელს 137-ს უდრიდა.

ორგანიზაცია პაკისტანში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას შესაბამის შკალაზე მაქსიმუმი 4 ბალიდან 2 ბალით აფასებს. ზოგადად, პაკისტანელებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი მრავალ საკითხზე, მათ შორის – ონლაინ საშუალებებით. თუმცა, ბოლოხანს სამართალდამცავმა ორგანოებმა წამოიწყეს კამპანია ინტერნეტ სივრცეში განთავსებული „ღვთისმგმობი“ მასალის წინააღმდეგ. მაგალითად, 2017 წლის ივნისში კონკრეტული შიიტი მამაკაცი გახდა პირველი პირი, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული „ღვთისმგმობი“ პოსტის გამო, სიკვდილით დასჯა მიესაჯა.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობის ინციდენტებმა 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად იკლო. „პაკისტანის მშვიდობის კვლევათა ინსტიტუტის“ (PIPS) ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობა 41 %-ით, ხოლო დაშავებულ პირთა რაოდენობა კი – 29 %-ით შემცირდა. უმრავლეს შემთხვევებში, დამნაშავეებს წარმოადგენდნენ სუნიტური შეიარაღებული ჯგუფები, ხოლო რაც შეეხება ძალადობის ობიექტს, ყველაზე ხშირად მსხვერპლს შიიტი მუსლიმები წარმოადგენდნენ.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ პოლიციის წარმომადგენლები, ხშირად, ვერ ახერხებდნენ დაეცვათ უმცირესობის (აჰმადიები, შიიტები, ქრისტიანები, ა.შ.) წარმომადგენლები შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმისგან. შიიტური ორგანიზაციები, ასევე, აცხადებდნენ, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ირანში და ბალოჩისტანში მიმავალი მომლოცველების ადეკვატურ დაცვას. ამას გარდა, სასამართლოები დისკრიმინაციული მიდგომით იყენებდნენ „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს ქრისტიანებთან, აჰმადიებთან, შიიტებთან და სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით.

საზოგადოების მხრიდან მომავალი ძალადობა კვლავ რჩებოდა პრობლემად, რაც ძირითადად განპირობებული იყო რელიგიური შეუწყნარებლობით. ვრცელდებოდა ცნობები ხალხის ბრბოს მიერ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე (მათ შორის, შიიტები) თავდასხმის შესახებ.[4]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივი, ისე – ა.შ.შ. მთავრობების მიერ აკრძალული ექსტრემისტული ჯგუფები, ასევე, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები, სავარაუდოდ რელიგიური მოტივით, თავს ესხმოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს (შიიტებს, ქრიტიანებს, ჰაზარა მუსლიმებს და ა.შ.).

სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმაზე, რომ მთავრობა ხშირად სათანადოდ არ ერეოდა და ვერ იცავდა რელიგიურ უმცირესობებს საზოგადოებისგან მომავალი ძალადობისგან, ასევე, იმ საკითხზე, რომ პოლიცია ხშირ შემთვევებში ვერ ახერხებდა დამნაშავეთა დაპატიმრებას. ამის საპირისპიროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები წერდნენ, რომ ზოგიერთი შემთხვევის დროს, პოლიციის ჩარევამ უზრუნველყო რელიგიურად მოტივირებული ძალადობის თავიდან აცილება.

პრესის ინფორმაციით, ოქტომბერში სინდჰის პროვინციაში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შიიტურმა ორგანიზაციამ ქალაქ კარაჩიში წამოიწყო საპროტესტო კამპანია, რათა გაეპროტესტებინა შიიტი აქტივისტების მთავრობის მიერ დაკავებისა და „გაუჩინარებების“ ფაქტები. საპასუხოდ, სინჰის პროვინციის მთავარმა მინისტრმა უარყო ყველანაირი ბრალდება.

შიიტებისთვის რელიგიურად უმნიშვნელოვანესი ისლამური თვის – მუჰარანის დროს, ფედერალურმა და მუნიციპალურმა მთავრობებმა გადაადგილება შეუზღუდეს დაუდგენელი რაოდენობის მოძღვარს. გავრცელებული ცნობით, მთავრობის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ რელიგიური შუღლის გაღვივების შემთხვევებით და ამ ნაბიჯით, მთავრობა ცდილობდა, არ დაეშვა სიტუაციის ესკალაცია. პროვინციულმა მთავრობებმა, შიიტური „აშურა“ დღესასწაულის დროს, შიიტი მომლოცველების დასაცავად ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი პოლიციელი გამოყვეს. დამკვირვებელთა ცნობით, დღესასწაულმა წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდობიანად ჩაიარა.

ექსტრემისტული ჯგუფები განაგრძობდნენ რელიგიური ნიშნით მოტივირებულ თავდასხმებს შიიტურ სალოცავ ადგილებზე, შეკრებებსა თუ შიიტ რელიგიურ ლიდერებზე, რასაც წლის განმავლობაში 112 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[5]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო პაკისტანში შიიტი მუსლიმების მდგომარეობის შესახებ 2014 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2010-2013 წლები) წერს, რომ შიიტები განიცდიან შეიარაღებული ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე წყაროს ცნობით, სამთავრობო ქმედებები, რომ თავიდან აერიდებინათ აღნიშნული შემთხვევები და სათანადოდ დაეცვათ უმცირესობის წარმომადგენლები, არ იყო საკმარისი. ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზია პოლიტიკური ნების არარსებობა. „პაკისტანის მთავრობას ზოგადად არ გაუკეთებია ბევრი, არ იღებს პასუხისმგებლობას და არც სურს, რომ იმოქმედოს აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით“ – განაცხადა „ჯინას ინსტიტუტის“ წარმომადგენლმა. “ადამიანის უფლებათა აზიური კომისიის” (AHRC) მიხედვით, პაკისტანის მთავრობამ, უმრავლეს შემთხვევებში „ან უარი განაცხადა მათ დაცვაზე ან ვერ უზრუნველყო შიიტური მუსლიმების დაცვა“.

ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებები წერდნენ, რომ რიგ შემთხვევებში, რელიგიური დაძაბულობის დროს, მთავრობამ პოლიციის მხარდაჭერით უზრუნველყო პირთა უსაფრთხოება.

რაც შეეხება სიტუაციას პოლიციისა და სასამართლოს ქმედებების კუთხით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობა არ მოქმედებს ძლიერი სექტანტური ორგანიზაციების წინააღმდეგ, შესაბამისად, ვერც სასამართლო და პოლიციის წარმომადგენლები ბედავენ მათ წინააღმდეგ მოქმედებას. „ჯინას ინსტიტუტის“ წარმომადგენლის განცხადებით „არანაირი კონრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, რომ გამოეძიებიანთ შიიტებზე განხორციელებული თავდასხმები“. AHRC მიხედვით, „არ არსებობს შიიტების მკვლელობის ერთი კონრეტული საქმე, რომელიც სათანადოდ იქნა გამოძიებული. არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რადგან პროკურორებსა და მოსამართლეებს ეშინიათ ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების დასჯის“. ჯინას ინსიტუტის წარმომადგენლის ინფორმაციით, „არავინ არ დაუპატიმრებიათ ან გაუსამართლებით შიიტების კანონგარეშე მკვლელობისთვის. არსებობს სპეციალური ანტი-ტერორისტული სასამართლოები, თუმცა ისინი რელიგიურად მოტივირებული მკვლელობის საქმეებს იშვიათად განიხილავენ“.[6]

[1] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Pakistan : Shi’a and Hazaras, June 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Pakistan, 28 May 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[3] EASO, “Country of Origin Information Report Pakistan Security Situation” October 2018, available at

[accessed 21 November 2018]

[4] United States Department of State, “PAKISTAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT”, available at

[accessed 21 November 2018]

[5] United States Department of State, “PAKISTAN 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT”, available at 

[accessed 21 November 2018]

[6] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Pakistan: How Shia Muslims differ from Sunnis; treatment of Shias, particularly in Lahore and Multan; government response to violence against Shia Muslims (2010-December 2013), 9 January 2014, PAK104713.E , available at:

[accessed 21 November 2018]