ირანი. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება. ნოემბერი, 2018

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ 2014 წლის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა 18-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის. წყაროები მიუთითებენ, რომ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 18-დან 24 თვემდე და განსხვავდება გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით. მედია საშუალება BBC-ის ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ – გენერალმა მუსა კამალიმ განაცხადა, რომ „სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს საომარ და უსაფრთოების კუთხით არასტაბილურ რეგიონებში, 19 თვეს ცუდი ამინდისა და არასათანადო პირობების მქონე რეგიონებში, 21 თვეს სხვა ლოკაციებზე, ხოლო 24 თვეს – სამთავრობო ოფისებში“.

სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან პირი გამოირიცხება, თუ:

  1. ის არის ოჯახში ერთადერთი ვაჟი და მისი მამა არის 65 წელს გადაცილებული;
  2. ის არის მშობლის, არასრულწლოვნის, ავადმყოფი ბებია-ბაბუის ან ავადმყოფი დედ-მამიშვილის ერთადერთი მეურვე;
  3. თუ მან თავი გამოიჩინა „განსაკუთრებული მეცნიერული მიღწევებით“

ამას გარდა, არსებობს გამორიცხვა სამედიცინო ჩვენების საფუძელზე, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებიც ფიზიკური თუ გონებრივი დაავადების ან კონდიციის გამო ვერ იმსახურებენ სამხედრო ძალებში, დროებით ან მუდმივად გამორიცხული არიან სამხედრო სამსახურიდან. აღსანიშნავია, რომ პირებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი, თუმცა მისაღებია ოფისებში სამუშაოდ, ევალდებულებათ, რომ  სავალდებულო სამხედრო სამსახური არა-საბრძოლო პირობებში, სამხედრო ოფისებში მოიხადონ.

წყაროების მიხედვით, ხშირად ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები გამორიცხულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. შესაბამისი კანონი „მორალურ ან სექსუალურ გადახვევას, მაგალითად, ტრანსსექსუალიზმს“ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სამხედრო სამსახურისგან გამორიცხვის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს.

ქვეყნის კანონმდებლობა არ ითავლისწინებს ალტერნატიულ სავალდებულო სამსახურს.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისი ირანში სამხედრო სამსახურის შესახებ 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ არ არსებობს საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ირანის მთავრობის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დაუმორჩილებლობა. იმ შემთვევაში, თუ ირანში დაბრუნებული პირი დაექვემდებარება სასჯელს, ეს სავარაუდოდ იქნება სისხლისსამართლებრივი სასჯელი დეზერტირობის ან სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის. სასჯელის ზომა განპირობებული იქნება პირის საქმის კონკრეტული გარემოებებით.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ირანში ახალწვეულთა პირობები საკმაოდ ცუდია, მათ აქვთ დაბალი ანაზღაურება, ცუდი საცხოვრებელი პირობები და არასაკმარისი კვებითი უზრუნველყოფა. არის შემთხვევები, როდესაც ახალწვეულზე ძალადობენ და შეურაცხყოფას აყენებენ რელიგიის გამო, რაც ზოგჯერ თვითდასახიჩრებით ან სუიციდით სრულდება. თუმცა, ზოგადად, ის პირობები და მოპყრობა, რომელსაც ირანში ახალწვეული ექვემდებარება, არ არის იმდენად მკაცრი, რომ ის გაუტოლდეს სერიოზული ზიანის რეალურ რისკს.

რაც შეეხება სასჯელს, რომელიც პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის შეიძლება დაეკისროს, ანგარიშის მიხედვით, თავის არიდება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. „შეირაღებული ძალების სისხლისამართლებრივი კანონი“ -ის 40-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება ისჯება 6 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სამხედრო სამსახურის გაგრძელებით.

2009 წელს დანიის იმიგრაციის სამსახურის და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფაქტების მოძიების მისიამ შესაბამის ანგარიშში დაწერა, რომ

„პირს, რომელმაც თავი აარიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ქვეყანაში დაბრუნების შემთვევაში, მოუწევს მისი გაგრძელება, თუ ის 40 წლამდეა. 40 წელს ზემოთ პირებს არ მოეთხოვებათ სამხედრო სამსახურის მოხდა. თუ პირმა ჩაიდინა დეზერტირობა ან თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და ირანში 40 წელს მიღწევის შემდეგ დაბრუნდა, მას დააკისრებენ ფულად ჯარიმას ან/და, შესაძლებელია, რომ დააპატიმრონ კიდეც. ამ საკითხს მოსამართლე წყვეტს. ადგილობრივი ადვოკატის ინფორმაციით, სამხედრო სამართლის მიხედვით, პირს, რომელსაც ევალდებულებოდა 20 თვით სამხედრო სამსახური და მან თავი აარიდა მას, სამსახურის ხანრგძლივობა გაეზრდება 24-26 თვემდე.“

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო 2013 წლის ზოგად ანგარიშში უთითებს, რომ „პირებს, რომლებიც თავს აარიდებენ სამხედრო სამსახურს 3 თვით მშვიდობიანობის პერიოდში ან 15 დღით ომისას, მოუწევთ რეგულარული ვადის გარდა, კიდევ 3 დამატებითი თვით იმსახურონ. თუ ახალწვეული 3 თვეზე მეტია, რაც არ ჩანს (15 დღეზე მეტი ომიანობის დროს), ზემოხსენებული 3 დამატებითი თვე ორმაგდება და ხდება 6 თვე. უფრო ხანრგძილივი პერიოდით თავის არიდების შემთვევაში (1 წელი და ზემოთ მშვიდობიანობის პერიოდში, ან 2 თვე და ზემოთ ომისას), შესაძლებელია, პირის წინააღმდეგ სამხედრო სასამართლოში სისხლისსამართლებრივი საქმე აღიძრას. სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლები რისკის ქვეშ დგებიან, რომ დაკარგონ სოციალური და სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, უფლება მიიღონ განათლება, მუშაობის უფლება და საკუთარი ბიზნესის ფლობის უფლება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, „უცნობია, თუ რამდენად ახორციელებს ირანის მთავრობა დეზერტირებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების აქტიური ძებნისა და გასამართლების პოლიტიკას პრაქტიკაში“.

IHRDC-ის ცნობით, „იმ შემთვევაში, თუ პირი არ მოიხდის სამხედრო სამსახურს და არ არსებობს მისი სამსახურისგან გამორიცხვის პირობები, მასზე არ გაიცემა მართვის მოწმობა, მისი პასპორტი გაუქმდება და სპეციალური ნებართვის გარეშე, მას აეკრძალება ქვეყნის დატოვება“.

Iran Pulse-ის მიხედვით, „სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, ასევე, გამორიცხულ პირებს, არ აქვთ საშუალება, დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურში და, როგორც წესი, მათ არც სხვა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე აიყვნენ. [2]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Military service, including recruitment age, length of service, reasons for exemption, the possibility of performing a replacement service and the treatment of people who refuse military service by authorities; whether there are sanctions against conscientious objectors, 28 March 2014, IRN104809.E, available at:

[accessed 26 November 2018]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Military service, 24 October 2016, Version 1.0, available at:

[accessed 26 November 2018]