დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ნოემბერი, 2018

ნიგერის რესპუბლიკაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 15 გოგო გაიტაცა – ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნიგერიის საზღვართან ახლოს, დიფას რეგიონის ქალაქ ტოუმოურში მოხდა. ერთერთი ვერსიით, გოგოები დაახლოებით 50-კაციანმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა და ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში გადამალა. 22 ნოემბერს, სავარაუდოდ ბოკო ჰარამის მებრძოლებმა ფრანგულ კომპანიაში დასაქმებული 8 ადამიანი მოკლეს.[1]

სირიის კრიზისი – სირიის ქალაქ ალეპოში მომწამვლელი ქლორის ჭურვებით 100 ადამიანზე მეტი დაზარალდა. აკრძალული იარაღის გამოყენების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიამ და რუსეთმა ამბოხებულები დაადანაშაულეს. გაეროს ცნობით, სირიაში ომის დაწყებიდან დღემდე ქიმიური იარაღი 30-ჯერ გამოიყენეს.[2]

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თანამდებობიდან 9 მინისტრი გადააყენა. თანამდებობები დატოვეს შსს, განათლების, უმაღლესი განათლების, წყლის რესურსების, ვაჭრობის, მშენებლობის, მრეწველობის, კავშირგაბმულობისა და ტურიზმის მინისტრებმა. ცნობილია, რომ შს მინისტრის პოსტს ბრიგადის გენერალი მუჰამედ ჰალედ რაჰმონი დაიკავებს. როტაციის მიზეზები უცნობია.[3]

ვითარება ავღანეთში – აშშ-ში ავღანეთის ელჩად ქალი დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებულ შტატებში ავღანეთის ელჩად ქალი დაინიშნა. როია რაჰმანი ავღანეთში გამოცდილ დიპლომატად ითვლება. ის ადრე დიპლომატიურ მისიას ინდონეზიაში ასრულებდა. მისი წინამორბედი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დანიშნეს.[4]

ფაჰარის პროვინციაში თალიბანი პოლიციელთა კოლონას დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად 20 სამართალდამცველი დაიღუპა. პროვინციის საბჭოს წევრის თქმით, ოთხი პოლიციელი, მათ შორის ფაჰარის პოლიციის უფროსის მოადგილე დაიჭრა.[5]

ქაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ღაზნისთან მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ინციდენტის შედეგად ასევე დაშავდა სამი ამერიკელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო კონტრაქტით მყოფი ამერიკელი.[6]

ჰელმანდის პროვინციაში თალიბების პოზიციებზე ავია იერიში განხორციელდა. იერიშის შედეგად 16 თალიბი მებრძოლი დაიღუპა. ინციდენტს 16 მშვიდობიანი მოქალაქეც ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.[7]

ქაბულში შეიარაღებული პირები ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის კერძო კომპანიას დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. შეიარაღებულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქება მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი უსაფრთხოების სამსახურის ბრიტანული კომპანიის „G4S“ შენობასთან მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები და ქარხნები დააზიანა. ამის შემდეგ კი კომპანიის შენობაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.[8]

სომალიში ტერორისტულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მუდუგის რეგიონის ქალაქ გალკაიოში მოხდა. ალ-შაბაბის წევრებმა დანაღმული ავტომობილი სუფიზმის მიმდევართა ბანაკთან ააფეთქეს. დაღუპულთა შორის არიან სასულიერო პირები, მოზარდები და ქალები. ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი სომალიში თავდასხმებს ხშირად აწყობს; თუმცა, 2010 წლის შემდეგ დაჯგუფებამ ქვეყნის ძირითად ქალაქებზე კონტროლი დაკარგა. ალ-შაბაბის კონტროლი ამჟამად ვრცელდება მუდუგის რეგიონის მცირე დასახლებებზე, მაგრამ არა ქალაქ გალკაიოზე.[9]

იემენის კრიზისი – გაეროს მხარდაჭერილი იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები სავარაუდოდ მომავალ კვირას შვედეთში გაიმართება. გაერო ცდილობს მხარეებს შორის მოლაპარაკებების რეჟიმი აღადგინოს. მოლაპარაკებები ამ თემაზე ბოლოს ჟენევაში სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პროცესი ჩაიშალა. იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს.[10]

ვითარება უკრაინაში – უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. უკრაინის რადამ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. კერძოდ, საუბარია იმ ოლქებზე, რომლებიც რუსეთსა და დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკებს ესაზღვრება. სამხედრო მდგომარეობა 30 დღით გამოცხადდა. პარლამენტის მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება და 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.

25 ნოემბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის კატარღებმა  ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა ერთი ადამიანი. უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ დილით გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გავიდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატერები – „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირე გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებაც წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა. უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია. ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.[11]

[1] Reuters; Armed men kidnap 15 girls in southeastern Niger; 24 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-niger-kidnapping/armed-men-kidnap-15-girls-in-southeastern-niger-mayor-idUSKCN1NT09O?il=0

[2] Reuters; Scores poisoned in Aleppo gas attack, Syria and Russian blames rebels; By Ellen Francis; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-aleppo/more-than-100-injured-in-aleppo-in-insurgent-gas-attack-syrian-state-media-idUSKCN1NU0AM?il=0

[3] Syrian Arab News Agency; President al-Asad issues decree on Cabinet reshuffle; 26 November, 2018; available at: https://sana.sy/en/?p=152109&fbclid=IwAR2wp0mA2I2bdMxNjRp7mUT4TS60RcRo7GhCCYEBEpGBLg7yT4EQVozj-eY

[4] 1 TV News; Afghanistan appoints first female ambassador to US; 24 November, 2018; available at: http://www.1tvnews.af/en/news/afghanistan/36541-afghanistan-appoints-first-female-ambassador-to-us

[5] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმას სულ ცოტა 20 პოლიციელი ემსხვერპლა; 26 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/86975/avganetshi-talibanis-tavdaskhmas-sul-tsota-20-politsieli-emskhverpla

[6] Fox News; 3 US service members killed in Afghanistan roadside bomb blast; deadliest incident this year; By Lucas Tomlinson, Ryan Gaydos; 28 November, 2018; available at: https://www.foxnews.com/world/3-us-service-members-killed-in-afghanistan-roadside-bomb-blast-officials-say

[7] Pajhwor Afghan News; 32 killed, half of them civilians, in Helmand airstrike; By Zainullah Stanikzai; 28 November, 2018; available at: https://www.pajhwok.com/en/2018/11/28/32-killed-half-them-civilians-helmand-airstrike

[8] Euronews; Kabul: Taliban attack on British security compound kills at least 10; By Darin Graham; 29 November, 2018; available at: https://www.euronews.com/2018/11/29/kabul-taliban-attack-on-british-security-compound-kills-at-least-10

[9] Al Jazeera; Somalia: Sufi scholar, followers killed in al-Shabab attack; 26 November, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/11/somalia-sufi-scholar-followers-killed-al-shabab-attack-181126053348923.html

[10] Reuters; Prospects grow for Yemen talks in Sweden next week; By Mohammed Ghobari; 29 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/yemens-peace-talks-to-start-in-sweden-next-week-british-envoy-idUSKCN1NY0UB?il=0

[11] იმედის ახალი ამბები; პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა; 26 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/86954/poroshenkom-saomari-mdgomareobis-gamotskhadebas-mkhari-dauchira

უკრაინაში არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა; 26 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/86965/ukrainashi-armiis-sruli-samkhedro-mzadkopna-gamotskhadda

უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; 26 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/87113/ukrainis-radam-rusettan-mosazgvre-regionebshi-saomari-mdgomareoba-gamoatskhada