კონგო დრ. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა; 25 თებერვლის მარში. დეკემბერი, 2018

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მთავრობაში, უსაფრთხოების ძალებსა და მინერალების მოპოვების მრეწველობაში არსებული ფართომასშტაბიანი კორუფცია კვლავ ახდენს მთავრობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალიზებას. სამთავრობო თანამდებობებზე დანიშვნა ხშირად ნეპოტიზმის პრინციპებით ხდება. ანგარიშვალდებულების მექანიზმი სუსტია და დაუსჯელობა კვლავ წარმოადგენს პრობლემას. ციხეებში არსებული პირობები სიცოცხლისთვის საშიშია და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადა დამკვიდრებული პრაქტიკაა. უსაფრთხოების ძალები აწამებენ პატიმრებს. სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტიან კონტროლს.[1]

პრეზიდენტმა კაბილამ, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე, რასაც 2016 წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2016 წლის 19-22 დეკემბრის პერიოდში, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა ჯამში მინიმუმ 62 ადამიანი მოკლეს. საერთო ჯამში, საპროტესტო აქციებზე 2015-2016 წლებში უსაფრთხოების ძალებმა 171 ადამიანი მოკლეს. 2017 წლის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები და უსაფრთხოების ძალები სისტემატურად კრძალავდნენ ოპოზიციის დემონსტრაციებს, ხურავდნენ მედია საშუალებებს და ზღუდავდნენ ოპოზიციის ლიდერების თავისუფალ გადაადგილებას. დააპატიმრეს 300-ზე მეტი ოპოზიციური ლიდერი და მხარდამჭერი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი. მათი უმრავლესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ბევრი მათგანი განთავსებული ჰყავდათ საიდუმლო დაკავების დაწესებულებაში ყოველგვარი ბრალდების გარეშე და მათ აკრძალული ჰქონდათ ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტი.

2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდში 5 ათასამდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ მდებარე კასაის რეგიონში მიმდინარე ძალადობის შედეგად, რომელშიც ჩართულნი იყვნენ კონგოს უსაფრთხოების ძალები, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. იერიში მიიტანეს და დაანგრიეს დაახლოებით 600 სკოლა და თითქმის მილიონნახევარი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მათ შორის 30 ათასი ანგოლაში გაიქცა. აღმოაჩინეს დაახლოებით 90 მასობრივი საფლავი, სადაც ძირითადად სამოქალაქო პირებისა და მეომრების გვამები იყო, რომლებიც სამთავრობო ძალების მიერ სავარაუდო მეომრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად დაიხოცნენ.[2]

კონგოს ეროვნული პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედებს და მისი მთავარი პასუხისმგებლობაა საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა და კანონის აღსრულება. ეროვნული პოლიციის შემადგენლობაშია სწრაფი რეაგირების პოლიცია და ინტეგრირებული ჯგუფი. დაზვერვის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი შიგა და გარე დაზვერვაზე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და სამხედრო სადაზვერვო სამსახური მოქმედებს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და პასუხისმგებელია გარე უსაფრთხოებაზე, მაგრამ, ასევე, მონაწილეობს შიგა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები არა დისციპლინირებული და კორუმპირებულია. ეროვნული პოლიცია და შეიარაღებული ძალები სისტემატურად ეწევიან მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვას და აკისრებენ მათ სხვადასხვა სახის სახდელებს. ისინი აწესებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს „გადასახადების“ ამოსაღებად და ხშირად ართმევენ ხალხს საკვებს და ფულს და აპატიმრებენ მათ, ვინც ვერ ახერხებს ქრთამის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს სასჯელი დააკისრა, დაუსჯელობა მაინც რჩება სერიოზულ პრობლემად. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში მთავრობამ პასუხისგებაში მისცა 77 სამხედრო 28 პოლიციელი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. მაისში სამხედრო სასამართლომ დააპატიმრა და დაიწო სისხლის სამართლებრივი დევნა 4 პოლიციელის მიმართ. ისინი ქრთამის სანაცვლოდ, გაეროს ექსპერტის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ პირებს, გაქცევაში დახმარებას სთავაზობდნენ.[3]

2018 წლის 25 თებერვლის მარში – კონგოს კათოლიკური ეკლესიას წამყვანი როლი აქვს იმ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილამ, რომელმაც ორივე საპრეზიდენტო ვადა ამოწურა, დათმოს ძალაუფლება და ჩაატაროს არჩევნები. კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების მიერ მოეწყო არაერთი დემონსტრაცია, რომელთაც საბოლოოდ ძალადობა და მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დემონსტრანტების თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.[4]

კათოლიკური ეკლესიის ორგანიზებით 2018 წლის 25 თებერვალს, დედაქალაქ კინშასაში მოეწყო მთავრობის საწინააღმდეგო მარში. საპროტესტო აქცია გაიმართა კინშასას ხელისუფლების ნებართვის არ ქონის მიუხედავად. დემონსტრანტების მიზანს წარმოადგენდა კაბილას იძულება, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. ეკლესიის პროტესტს მხარი დაუჭირა ასევე მუსლიმურმა საზოგადოებამ. ეკლესიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე 2017 წლის 31 დეკემბერს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ეკიპირება დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათ სცემეს აქციის მონაწილეებს. საბოლოოდ 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მსხვერპლით დასრულდა 25 თებერვლის მარშიც. უსაფრთხოების ძალებმა სასიკვდილოდ დაჭრეს ერთერთი დემონსტრანტი; ასევე, დაშავდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ეკლესიის მიერ ორგანიზებული მარშის კიდევ ორი მონაწილე. კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრები მთელი ქვეყნიდან აპირებდნენ კვირის ლოცვის შემდეგ ქუჩებში გამოსვლას, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს კინშასას ძირითად ეკლესიებს და გადაკეტეს ქუჩები, რითიც დემონსტრანტებს შეკრების საშუალება არ მისცეს.[5] [6]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Congo, Democratic Republic of (Kinshasa), 28 March 2018, available at:

[accessed 4 December 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Democratic Republic of Congo, 18 January 2018, available at:

[accessed 4 December 2018]

[3] US Department of State; Bureau of Democracy, Human Rights and Labor; 2017 Country Reports on Human Rights Practices; 20 April, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/af/276987.htm [accessed 4 December 2018]

[4] Voice of America; Catholic church plays leading role in Congo protests; By Anita Powell; 27 March, 2018; available at: https://www.voanews.com/a/4317704.html [accessed 4 December 2018]

[5] Africa News; DRC: Catholic church presses on with planned Sunday march; By Victor Muisyo; 20 January, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/01/20/drc-catholic-church-presses-on-with-planned-sunday-march// [accessed 4 December 2018]

[6] Africa News; DR Congo police kill protester in church-led march against Kabila; 25 February, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/02/25/dr-congo-pollice-kill-protester-in-church-led-march-against-kabila// [accessed 4 December 2018]