ვითარება ავღანეთში – ჩრდილოეთ ავღანეთში, დარესუფის რაიონის სოფელ სამანგანიდან თალიბანის წევრებმა სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გზას, სადაც მოქალაქეები მძევლებად აიყვანეს, მოქალაქეებს სატვირთო ავტომობილებით ადგილობრივი საბადოებიდან ქვანახშირი გადააქვთ და სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივ ბაზრებზე ყიდიან. სწორედ ამ ადამიანების ნაწილი აიყვანეს თალიბებმა მძევლად და მძღოლებს მოქალაქეების უსაფრთხოების სანაცვლოდ საფასურის გადახდა მოსთხოვეს. ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.[1]
აშშ-ის საჰაერო იერიშებს თალიბანის ერთერთი მეთაური მულაჰ აბდულ მანა ახუნდი ემსხვერპლა. ის ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის ხელმძღვანელი იყო. დაჯგუფების წევრების თქმით, მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მათ ვერ შეაჩერებს. ავღანეთის შს მინისტრის თქმით, ახუნდის დაღუპვა თალიბებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს.[2]
დასავლეთ ჰერათის პროვინციაში თალიბანის მებრძოლებმა 14 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს და 21 ტყვედ აიყვანეს. თალიბანის წევრებსა და ავღანელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა 6 საათს გრძელდებოდა. თალიბანის ერთერთმა წარმომადგენელმა დატყვევებული სამხედროების ვიდეო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.[3]
ნოემბერში ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის მთავარი სამიზნეები დედაქალაქი ქაბული, ჰელმანდისა და ღაზნის პროვინციები იყო.[4]
ირანის სასამართლომ ჟურნალისტ ქალს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა – ირანის რევოლუციურმა სასმართლომ 12 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ქალ ჰენგამეჰ შაჰიდის უშიშროებასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. რეფორმების მომხრე ჟურნალისტს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. პატიმრობის შეფარდების გარდა, მას აუკრძალეს პოლიტიკური ჯგუფების წევრობა, მედიაში მუშაობა და ქვეყნიდან გამგზავრება. 43 წლის შაჰიდი ივნისში დააკავეს. მანამდე ის დაპატიმრებული იყო 2009 და 2017 წლებში. ბოლო წლებში ირანში ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს უშიშროებასთან დაკავშირებული აბსტრაქტული ბრალდებების საფუძველზე. მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ შეფასებით, ირანს 164-ე ადგილი ერგო მსოფლიოში პრესის თავისუფლების 2018 წლის რეიტინგით.[5]
სამხრეთ სუდანში 12 დღეში 150-ზე მეტი ქალი გააუპატიურეს – სამხრეთ სუდანში, ქალაქ ბენტიუში 12 დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ქალი და გოგო გააუპატიურეს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში, შეიარაღებული კაცები გადაადგილდებიან. ადგილობრივები ძალადობაში სწორედ მათ ადანაშაულებენ. მათივე მტკიცებით, დამნაშავეთა ნაწილს უნიფორმები ეცვა. გაერო მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრების გარეშე“ ინფორმაციით, ქალებისა და გოგოების დიდი ნაწილი მაშინ გააუპატიურეს, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებისკენ მიდიოდნენ. სამხრეთ სუდანში 2013 წლიდან ომია. ხუთი წლის განმავლობაში გაერომ გაუპატიურების ასობით შემთხვევა აღრიცხა. მხოლოდ 2018 წლის პირველ ნახევარში ორგანიზაციას 2 300-ზე მეტი შემთხვევის შესახებ აცნობეს. მათგან საქმეთა 20% ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.[6]
რუსეთმა აზოვის ზღვისპირა უკრაინულ პორტებს ბლოკადა მოუხსნა – ოფიციალურმა მოსკოვმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ სავაჭრო გემებს გავლის უფლება მისცა. 25 ნოემბრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქერჩის სრუტეში უკრაინულმა გემებმა ცურვა შეძლეს. ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.[7]
იემენში 5 000 ტყვეს გაათავისუფლებენ – იემენის სამოქალაქო ომის მონაწილეები გაეროს შუამავლობით დაწყებულ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე ტყვეების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები შვედეთის დედაქალაქში გაიმართა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, არანაკლებ 5000 სამხედრო გათავისუფლდება. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.[8]
[1] TOLO News; Taliban abducts 40 passengers in Samangan; By Sayed Arif Musavi; 02 December, 2018; available at: https://www.tolonews.com/index.php/afghanistan/taliban-abducts-40-passengers-samangan
[2] BBC; Jey Afghanistan Taliban commander killed in US air strike; 02 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46418776
[3] Al Jazeera; Afghan soldiers killed in coordinated Taliban attack in Herat; 07 December, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/12/afghan-soldiers-killed-coordinated-taliban-attack-herat-181207082508638.html
[4] Daily Sabah; Hundreds killed in November attacks in Afghanistan; 02 December, 2018; available at: https://www.dailysabah.com/asia/2018/12/03/hundreds-killed-in-november-attacks-in-afghanistan
[5] იმედის ახალი ამბები; ირანელ ჟურნალისტ ქალს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; 3 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/87945/iranel-jurnalist-qals-13tsliani-patimroba-miusajes
[6] Al Jazeera; South Sudan: UN says over 150 women, girls raped in 12 days; 4 December, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/12/south-sudan-150-women-girls-raped-12-days-181204074727376.html
[7] იმედის ახალი ამბები; უკრაინელი მინისტრი: რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ სავაჭრო გემებს გასვლის უფლება მისცა; 4 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/88244/ukraineli-ministri-rusetma-qerchis-sruteshi-ukrainul-savachro-gemebs-gasvlis-upleba-mistsa
[8] იმედის ახალი ამბები; იემენში 5000 ტყვეს გაათავისუფლებენ; 6 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/88528/iemenshi-5-000-tkves-gaatavisupleben