სომხეთი. 2018 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დეკემბერი, 2018

2018 წლის 9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ერთგვარი პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა სომხეთის პოლიტიკურ რეალობაში. 2018 წლის აპრილსა და მაისში საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთში მშვიდობიანი გზით შეიცვალა მმართველობა და ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ყოფილი მართველი რესპუბლიკური პარტია ფლობდა. 2018 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლ პაშინიანმა პრემიერის პოსტი დატოვა, რადგან წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს ახალი პრემიერის არჩევას კანონით დადგენილი 2 კვირის ვადაში. აღნიშნული შეთანხმება მემორანდუმითაც იქნა გამყარებული, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან „აყვავებული სომხეთი“ დაიდო. ნიკოლ პაშინიანს გადადგომამდე იმის პირობაც ჰქონდა მიღებული, რომ არცერთი პარტია პრემიერობის კანდიდატს არ წამოაყენებდა. პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება შეასრულეს და სომხეთის პარლამენტმა ორი კვირის განმავლობაში ახალი პრემიერი არ აირჩია, რაც გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველი. სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. გადადგომის შემდეგ პაშინიანის პრემიერის პოსტზე წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რათა ფორმალური პროცედურის დაცვა მომხდარიყო.[1] [2] [3]

სომხეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, არჩევნები ნიკოლ პაშინიანის ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო. პრემიერის კოალიციამ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო და 101-ადგილიან პარლამენტში 88 მანდატი დაისაკუთრა. პაშინიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი ბლოკი დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. მეორე ადგილზე ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 8%-ზე მეტი მიიღო და 26 მანდატი დაისაკუთრა. პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით, 5 მანდატით ნაკლები მიიღო. მესამე ადგილზე პრო-დასავლური „ნათელი სომხეთი“ გავიდა – პაშინიანის ყოფილი მოკავშირის ედმონ მარუკიანის პარტიამ ხმების 6%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში 18 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მათ შორის პარლამენტს მიღმა დარჩა წლების განმავლობაში მმართველი რესპუბლიკური პარტია და პაშინიანის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე „დაშნაკების“ პარტია.[4] [5]

არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 49%-მა მიიღო მონაწილეობა. დამკვირვებლებმა სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და არჩევნები ხასიათდებოდა საზოგადოების მაღალი ნდობით. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნების ჩატარდა ფართოდ კონკურენტულ გარემოში. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ხალხის ნდობის გამართლებისა და შემდგომი საარჩევნო რეფორმებისკენ.[6]

„ნათელი სომხეთის“ ლიდერმა არჩევნების დღესვე გამართა ბრიფინგი და აღიარა არჩევნების შედეგები. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თქვა, რომ რევოლუცია დასრულდა და ახლა იწყება სისტემური და ინსტიტუციური რეფორმები, რა დროსაც პარლამენტს სჭირდება ძალა თავისი კონცეპტუალური მიდგომების განსახორციელებლად. მარუკიანმა „აყვავებული სომხეთის“ შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე სომხეთში ხელისუფლება და ბიზნესი არ არის განცალკევებული. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ძალა [პარტია „აყვავებული სომხეთი“] არ იქნება რეალური ოპოზიცია. მე ვამტკიცებ, რომ „ნათელ სომხეთს“ აქვს იმის რესურსი, რომ იყოს რეალური ოპოზიცია პარლამენტში. ჩვენ წინააღმდეგ დიდი რესურსი დაიხარჯა და დიდ პროპაგანდას ჰქონდა ადგილი და ამან დიდი გავლენა იქონია შედეგებზე; თუმცა ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარიყო ბიზნესისა და პოლიტიკის განცალკევება, რა დაპირებაც გაცემულიც იყო, პარლამენტში მეორე ძალა ჩვენ ვიქნებოდით“, – განაცხადა ედმონ მარუკიანმა.[7]

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ ის და მისი პარტია დარჩება ხალხის დამცველად და გააკეთებს ყველაფერს, რომ პარლამენტმა ხალხის ინტერესების შესაბამისად იმუშაოს. მისი თქმით, ახლა მისი პარტია ოფიციალურად მეორე ძალაა პარლამენტში და ის დარჩება თავისი იდეოლოგიის ერთგული. ცარუკიანმა მიულოცა არჩევნების სხვა გამარჯვებულებს – პაშინიანსა და მარუკიანს და პირობა დადო, რომ მათთან ერთად იმუშავებს სომხეთის ინტერესებისთვის.[8]

[1] France 24; Armenian PM Pashinyan to resign for early election; 10 October, 2018; available at: https://www.france24.com/en/20181010-exclusive-armenia-pm-pashinyan-resign-early-election [accessed 14 December 2018]

[2] Republic Radio of Armenia; Armenia to hold snap parliamentary elections in December; By Siranush Ghazanchyan; 02 October, 2018; available at: http://old.armradio.am/en/2018/10/02/armenia-to-hold-snap-parliamentary-elections-in-december/ [accessed 14 December 2018]

[3] News AM; Armenian PM announces resignation; 16 October, 2018; available at: https://news.am/eng/news/476064.html [accessed 14 December 2018]

[4] Radio Free Europe / Radio Liberty; Armenian Election Commission confirms landslide victory for Pashinian’s Bloc; 16 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-election-commission-confirms-landslide-victory-for-pashinian-s-bloc/29658943.html [accessed 14 December 2018]

[5] Radio Free Europe / Radio Liberty; Pashinian alliance scores “Revolutionary Majority” in landslide Armenian win; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-elections-pashinian-my-step-sarkisian-hhk/29645721.html [accessed 14 December 2018]

[6] Radio Free Europe / Radio Liberty; Monitors hail Armenian vote, call for further electoral reforms; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/monitors-hail-armenia-s-snap-polls-call-for-further-electoral-reforms/29647816.html [14 December 2018]

[7] EVN Report; Parliamentary election 2018: Live updates; 9 December, 2018; available at: https://www.evnreport.com/elections/parliamentary-election-2018-live-updates [14 December 2018]

[8] HECT; Gagik Tsarukyan declares his party remains the “people’s defender”; 10 December, 2018; available at: https://hetq.am/en/article/99133 [accessed 14 December 2018]