ინდოეთი. სიკჰების მდგომარეობა პენჯაბის შტატში. დეკემბერი, 2018

სიქჰიზმის მიმდევარი პირების მდგომარეობა პენჯაბის შტატში – კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „ინდოეთი : სიკჰების მიმართ დამოკიდებულება პენჯაბში (2013-2015)“ წერს, რომ სიკჰები ინდოეთის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენენ, რაც დაახლოებით 16 მილიონი ადამიანია. მათი 80 % ცხოვრობს პენჯაბის შტატში და, შესაბამისად, წარმოადგენენ შტატის უმრავლესობას.[1] ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სიკჰები შეადგენენ პენჯაბის მთლიანი მოსახლეობის 54 პროცენტს.[2]

რაც შეეხება უშუალოდ სიკჰიზმის მიმდევარი პირების მდგომარეობას, კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭოს ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, სიკჰი პირები, რომლებიც „მხარს უჭერენ სიკჰების დამოუკიდებელ სახელმწიფოს ან ხალისტანს“; უპირისპირდებიან რელიგიურ საკითხებში მთავრობას ან „დერას“-ის (ჰინდუს, სიკჰ, მუსლიმ ან ქრისტიან მორწმუნეთა ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული სულიერი გურუს სწავლებებით ხელმძღვანელობენ) წევრებს, ასევე, სიკჰი პირები, რომლების მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ „სიმპათიით არიან განწყობილები შეიარაღებული პირების მიმართ“ (“militant sympathizers”), ექვემდებარებიან თვალთვალს, მონიტორინგს და, ზოგიერთ შემთხვევაში – დაკავებებსა და წამებას.  კვლევითი დირექტორატი გაესაუბრა კანადაში „მსოფლიოს სიკჰთა ორგანიზაციის“ (WSO) წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ „მართალია, პენჯაბში ფართოდ გავრცელებული ძალადობა  აღარ არის  იმ მასშტაბის, როგორიც ფიქსირდებოდა 1980-1995 წლებში, მაგრამ ინდოეთის სიკჰი მოსახლეობა კვლავ განიცდის ზეწოლას, დევნას, დაპატიმრებებსა და წამებას, რაც გამოწვეულია მათი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებით“.

კვლევით დირექტორატთან საუბრისას, ოჰაიოს შტატის ქალაქ ჰირამის კოლეჯის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორმა, რომელსაც მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია აქვს დაწერილი ინდოეთში სიკჰიზმის შესახებ, განაცხადა, რომ „2013-2015 წლების მდგომარეობით, არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ პენჯაბში ადგილი აქვს სიკჰი პირების მიმართ სისტემატური ან ფართოდ გავრცელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.

„მსოფლიოს სიკჰთა ორგანიზაციის“ (WSO) წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სიკჰები საფრთხეს განიცდიან „დერას“-ის ან  ფანატიკოსთა სხვა რელიგიური კულტების მხრიდან. წყაროთა ცნობით, დერასის წევრებს გააჩნიათ ძლიერი კავშირები და გავლენა პენჯაბში მოქმედ პოლიტიკოსთა რიგებსა და პოლიტიკურ პარტიებში, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც კულტის ხელმძღვანელობას შეუძლია საკუთარ მიმდევართა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ მობილიზება. WSO წარმომადგენლის განცხადებით, „ის სიკჰები, რომლებიც დაუპირისპირდნენ „დერასის“ წევრთა აქტივობებს, დაექვემდებარნენ ზეწოლასა და კანონის მიღმა მოპყრობას პოლიტიკური გავლენის   ქვეშ მყოფი პოლიციელების მხრიდან.“ იმავე წყაროს მტკიცებით, „იმ სიკჰებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან „დერასს“, უთვალთვალებენ და  ხშირად, როდესაც არსებობს საპროტესტო დემონსტრაციების გამართვის ეჭვი, პრევენციული მიზნით დროებით აკავებენ “. ამას გარდა, იყო შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ტიპის სიკჰი პირები კონტრ-ტერორისტული ბრალდებებით იყვნენ დაკავაბულნი.

რაც შეეხება სიკჰთა მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად მასობრივი დემონსტრაციებისა, რომელთა მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო დამნაშავეების დასჯა, 1984 წელს განხორციელებული სიკჰთა მკველობების ასობით სისხლისამართლებრივი საქმე დღემდე დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობმა რამდენჯერმა დააკომპლექტა სპეციალური კომისიები, რომელთა მიზანიც 1984 წლის მოვლენების გამოძიება იყო, „არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, რომ დაესაჯათ დამნაშავეები ან   მათ მიმართსისხლისამართლებრივი დევნა მაინც დაეწყოთ“. WSO წარმომადგენლის განცხადებით ადგილი აქვს „სავარაუდოდ ტერორისტი“ სიკჰი პირების „რეგულარული“ დაკავების ფაქტებს და, რომ აღნიშნული ქმედება გამოიყენება, როგორც „მეთოდი, რათა იძალადონ პოლიტიკურ ოპონენტებზე“.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 14 აპრილს პენჯაბის მთავრობამ დააკომპლექტა საგამოძიებო კომისია, რომელსაც დაევალა გამოეძიებინა 2015 წელს პოლიციის მიერ სიკჰების მასობრივი დემონსტრაციისას ცეცლსასროლი იარაღის გამოყენება, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80 – დაშავდა. სიკჰები აპროტესტებდნენ უცნობი პირის მიერ მათი წმინდა წიგნის შეურაცხყოფის ფაქტს. 28 ივნისს ახალმა კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ პოლიციის იმ წარმომადგენელთა მიმართ, რომლებმაც განახორციელეს გასროლები ბრძანების გარეშე და, ასევე, 2 დაღუპული პირის ოჯახების 2.5 მილიონი რუპიით კომპენსაცია.

პრესის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რათა გამოეძიებინა დელისა და პენჯაბში 1984 წელს მომხდარი, ანტი-სიკჰური მასობრივი არეულობების 186 შემთხვევა.[4]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია ინდოეთის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ინდოეთში რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაუარესდა, რაც განპირობებული არის ჰინდუსი ნაცტიონალისუტური ჯგუფების ქმედებებით, გაემიჯნათ არა-ჰინდუსი და დაბალ კასტაში მყოფი ჰინდუსი პირები. შედეგად, აღნიშნული ქმედებების მსხვერპლს წარმოადგენდნენ მუსლიმები, ქრისტიანები, სიკჰები, ჯაინები და დალიტი ჰინდუსები.

ანგარიშის მიხედვით, ორმა სამთავრობო ორგანომ – უმცირესობათა ეროვნულმა კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადო ქმედებები გადადგეს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უსაფრთხოების, განათლების და დასაქმების კუთხით. მათ, ასევე, ნაბიჯები გადადგეს, რათა გამოეძიებინათ მუსლიმ, ქრისტიან, სიკჰ და ბუდისტ უმცირესობებზე განხორციელებული მუქარის შემთხვევები.[5]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ სხვა დამატებითი ინფორმაცია, ინდოეთის პენჯაბის შტატში სიკჰიზმის მიმდევარი პირების ზოგადი მდგომარეობის შესახებ, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, ასევე, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის წყაროდ აღიარებული სახელმწიფო უწყებების უკანასკნელი წლების ანგარიშებში არ მოიძებნა.

სიქჰიზმის მიმდევარ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ მოძრაობა “ხალისტანს”, ექმნებათ თუ არა საფრთხე ჰინდუს მიმდევრებისგან?

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „ინდოეთი : სიკჰების მიმართ დამოკიდებულება პენჯაბში (2013-2015)“ წერს, რომ კვლევითი დირექტორატი აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრა კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის დირექტორს, რომელსაც სამხრეთ აზიაში რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე 300-მდე სტატია და 20 წიგნი აქვს დაწერილი. მან განაცხადა, რომ „წარსულში, ნებისმიერი სიკჰი, რომელიც მხარს უჭერდა ხალისტანის სეპარატისტულ მოძრაობას, ექვემდებარებოდა თვალთვალსა და დაკავებებს. ბევრი მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ მიმართ ძალადობასაც მიმართავდა“. WSO წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სიკჰი პირები, რომლებიც „მხარს უჭერენ სიკჰების დამოუკიდებელ სახელმწიფოს ან ხალისტანს, ექვემდებარებიან სერიოზულ უფლებადარღვევებს“.

ასისტენტ პროფესორმა კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ „თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ სიკჰი ეთნონაციონალისტების კონკრეტულმა დაგეგმილმა დემონსტრაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჯარო წესრიგს, მან შეიძლება „პრევენციულ დაკავებას“ დაუქვემდებაროს პარტიების ლიდერები და აქტივისტები“. იმავე წყარომ განაცხადა, რომ აღნიშნული პრევენციული დაკავების დროს აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, არ გამოიყენება ფიზიკური ძალადობა. თუმცა, ზოგიერთ შემთვევაში, მათ წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას სისხლისსამართლებრივი საქმე „სეპარატისტული იდეების მოწოდების ან პროვოკაციული სიტყვით გამოსვლებისთვის“. WSO წარმომადგენელმაც ასევე განაცხადა, რომ ხალისტანის მხარდამჭერების „ხშირად“ აკავებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს „პრევენციული“ მიზნით. ხოლო სიკჰი ნაციონალისტური პარტიების ლიდერები და მუშაკები „რუტინულად“ ექვემდებარებიან დაკავებას პრევენციული მიზნით.

ასისტენტ პროფესორის ინფორმაციით, „ის სიკჰი ეთნონაციონალისტები, რომელნიც მთავრობის მიერ აღქმულნი არიან, როგორც საფრთხე ხელისუფლების სტაბილურობისთვის, ექვემდებარებიან არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან ან სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენის გზით. ხოლო, ისინი, ვინც ღიად უპირისპირდებიან მმართველ აკალი დალის პარტიას, ექვემდებარებიან პირადი შეურაცხყოფის სხვადასხვანაირფორმას“.

ასისტენტ პროფესორმა დამატებით განაცხადა, რომ „2012 წლის სექტემბერში დააკავეს პოლიტიკური –  „პარტია აკალი დალ (Panch Pardhani)“ პრეზიდენტი – კულვირ სინგჰ ბარაპინდი. მას ბრალი დასდეს ამბოხისკენ მოწოდებისა და იარაღის უკანონი ფლობისთვის. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, დაკავების პერიოდში აღნიშნული პირი დაექვემდებარა „წამებას“ ელექტრული შოკის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ბარაპინდის ადვოკატმა მოითხოვა სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სასამართლომ მართალია გასცა ბრძანება, ჩაეტარებინათ შესაბამისი შემოწმებები, თუმცა აღნიშნული პროცედურები არ ჩატარებულა. წყაროთა ინფორმაციით, საბოლოოდ ბარაპინდის ყველა ბრალდება მოეხსნა და ის 2 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ასისტენტ პროფესორმა განაცხადა, რომ საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღქმული, თუმცა არა ფაქტებით დადასტურებული, რომ ბარაპინდის დაკავების რეალური მიზეზი იყო მის მიერ სიკჰურ მედია საშუალებების მეშვეობით მმართველი „აკალი დალ (Badali)“ პარტიის კრიტიკა.[6]

 

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: Treatment of Sikhs in Punjab (2013-April 2015), 12 May 2015, IND105132.E, available at: https://www.refworld.org/docid/556465344.html [accessed 13 December 2018]

[2] United States Department of State, “2017 Report on International Religious Freedom – India”; available at

[accessed 14 December 2018]

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: Treatment of Sikhs in Punjab (2013-April 2015), 12 May 2015, IND105132.E, available at: https://www.refworld.org/docid/556465344.html [accessed 17 December 2018]

[4] United States Department of State, “2017 Report on International Religious Freedom – India”; available at

[accessed 17 December 2018]

[5] United States Commission on International Religious Freedom – India 2018, available at

[accessed 17 December 2018]

[6] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: Treatment of Sikhs in Punjab (2013-April 2015), 12 May 2015, IND105132.E, available at: https://www.refworld.org/docid/556465344.html [accessed 13 December 2018]