ერაყი. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2018

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – 2017 წლის ბოლოს ერაყის მთავრობამ, გასამხედროებულმა შენაერთებმა, ქურთულმა და კოალიციურმა ძალებმა ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, მათ შორის მოსული, ტალ-აფარი და ჰავიჯა დაიბრუნეს და ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს.[1] 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა. 2018 წლის 10 დეკემბერს ერაყში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების ერთი წლისთავი აღნიშნეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.[2]

ისლამური სახელმწიფოს კონტროლისგან ერაყის გათავისუფლების შემდეგ ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დაჯგუფებამ მაინც შეძლო და რამდენი ფართო მასშტაბის იერიში მიიტანა კონფლიქტის ძირითადი ზონის მიღმა მდებარე ქალაქებზე; დაბომბვებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ თავდასხმას კი ათობით ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში, ბასრასა და სხვა ადგილებში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა სიტუაცია კვლავაც ცვალებადი და ძნელად პროგნოზირებადია.[3] [4]

ანალიტიკოსი ჯოელ უინგი, რომელიც თავის ბლოგზე ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა ერაყის ტერიტორიის ბოლო კონტროლირებადი ნაწილი, დაჯგუფება მაინც ცდილობს, აღადგინოს კონტროლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და პარალელურ რეჟიმში ზრდის უსაფრთხოების ძალებთან პირდაპირი კონფრონტაციის ხარისხს. 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი სიხშირის იყო (დღიურად საშუალოდ 8-9 ინციდენტი); აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა (დღიურად საშუალოდ 6 ინციდენტი), რაც 2003 წლის შემდეგ ინციდენტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.[5]

2018 წლის მაისში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (აპრილი – 204 ინციდენტი, მაისი 218), ხოლო ივნისში ჯამში 239 ინციდენტი დაფიქსირდა. ინციდენტების ძირითად ნაწილს ადგილი ჰქონდა კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში. ივნისში მომხდარი ინციდენტების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა დიდი ნაწილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

2018 წლის დასაწყისისთვის ძალადობის ზრდა შეინიშნებოდა ანბარსა და ბაბილში, თუმცა შემდეგომ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობამ მნიშვნელოვნად იკლო.  ბაბილსა და ანბარში 0.2-ს გაუთანაბრდა. 2017 წლიდან მოყოლებული იკლებდა ინციდენტების რაოდენობა ნინევაში და 2018 წლის ივნისისთვის დღიურად 0.4-ს გაუტოლდა. ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფო აქტიურობდა დიალაში, კირკუკსა და სალაჰადინში. დაჯგუფება მოქმედებდა დიალას ქალაქგარე ტერიტორიაზე, კირკუკში ჰავიჯასა და დაქუქში. სალაჰადინის მსგავსად, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაიზარდა ინციდენტების რაოდენობა. ადგილი ჰქონდა გატაცებებს და გატაცებულთა მოკვლის ფაქტებს.[6]

2018 წლის იანვარში ბაღდადში საშუალოდ 3.3 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი ფიქსირდებოდა. აღნიშნული მაჩვენებელი ივნისში 1.1-მდე შემცირდა.[7] 2017 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემებისა და 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ ბაღდადში იკლო როგორც ინციდენტების რაოდენობამ, ასევე მსხვერპლთა რაოდენობამ; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა 4 544 ინციდენტი, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 1 941; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაღუპულთა რაოდენობამ 18 443 შეადგინა, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 3 345. არსებული მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ერაყში ინციდენტების კლების ფონზე, ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ფიქსირდება, მაგალითად: ივლისში – 49 და აგვისტოში – 58; თუმცა, ანალიტიკოსი ჯოელ უინგი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მოცულობის, მოსახლეობის რაოდენობისა და წინა წლებში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ინციდენტების ასეთი რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულად არ უნდა ჩაითვალოს.[8] ამასთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, ინციდენტებისა და მსხვერპლის რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 2018 წელს ფიქსირდება.[9]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო ერაყში კრიმინალისა და უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის  ანგარიშში წერს, რომ ერაყის მთავრობასა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ბრძოლამ ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ გაზრდილია ორგანიზებული დანაშაული და ქუჩის კრიმინალი. ბიურო მიიჩნევს, რომ ბაღდადში არსებული ვითარება ტერორიზმის კუთხით საფრთხის შემცველია. შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს ადგილობრივების, უცხოელი მუშაკების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გატაცებებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის ფაქტებს. რელიგიურად შერეულ რაიონებში ხშირია ძალადობა რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე.[10]

ჰუმანიტარული ვითარება – გაეროს მონაცემებით, ერაყში ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უბრუნდება წარმოშობის ადგილებს. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ადგილებში ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის სისტემების აღდგენა და სახელმწიფო სოციალური დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება. 2018 წლის 6 მარტს ერაყის მთავრობამ გაეროსთან და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან ერთად დაიწყეს 2018 წლის ჰუმანიტარული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს 9 მილიონამდე ერაყელის დახმარებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებს და მოწყვლად ერაყელებს, რომ მათ შეძლონ სათანადო დახმარების მიღება.[11]

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის მკვლევარი კრისტოფ ბლანჩარდი 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება რთულია; თუმცა, 2013 წლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში პირველად საკუთარ წარმოშობის ტერიტორიებზე დაბრუნებულთა რაოდენობამ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობას გადააჭარბა. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 3.5 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა საკუთარ წარმოშობის რეგიონს, ხოლო 2.3 მილიონი კვლავ იძულებით გადაადგილებულია.[12] იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთი წარმოშობის ადგილებში დაბრუნების მაღალ მაჩვენებლზე საუბრობს, ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.  მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი ერაყში მსხვერპლის მაჩვენებელი კვლავ მცირდება. მარტის ბოლო კვირას 1 400-მდე დევნილი დაუბრუნდა ალ-ქაიმს ანბარის პროვინციაში. 900-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა კირკუკი დატოვა და ჰაჯივაში დაბრუნდა. 800-მდე დევნილი დაბრუნდა სალაჰადინში, ძირითადად ბალადასა და ბაიჯიში. 1 600-მდე პირმა დატოვა ბანაკები ნინევასა და ერბილში და დაუბრუნდა მოსულის ირგვლივ ტერიტორიებს. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში 1 500-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულ პირმა დატოვა ბანაკები ანბარში, ბაღდადში, ერბილში, ნინევასა და სალაჰადინში. საპირისპიროდ, ბანაკებში ჩასახლდა 300-მდე პირი. ერაყელებმა ბანაკში დაბრუნების მიზეზად დანგრეული სახლები, ფინანსური პრობლემები, უსაფრთხოება, დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა დაასახელეს.[13] [14]

შიდა გადაადგილება – ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ შიდა გადაადგილება განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის რეგიონებში შესაძლოა, გახდეს დაძაბულობის საბაბი. სამხრეთით მდებარე რეგიონები, მათ შორის ბასრა, ქარბალა, ვასიტი, ქადისია, მაისანი, დიქარი, მუთანა და ნაჯაფი შედარებით უსაფრთხო რეგიონებია, თუმცა პერიოდულად ბასრაში მდგომარეობა იძაბება ხოლმე. ზოგადად ქვეყანაში კრიმინალს ადგილი აქვს, თუმცა შიიტურ რეგიონებში კრიმინალის გაცილებით დაბალი დონეა, ვიდრე თუნდაც ბაღდადში. გარდა ამისა, ადგილი აქვს შიდა შიიტურ დაპირისპირებებსაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი დაპირისპირებებს მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის, ვინც შეიარაღებულ ძალებშია ჩართული. ნებისმიერი უმცირესობისთვის, რომელთაც სამხრეთ რეგიონებში ოჯახური ან სხვა სახის კავშირები არ აქვთ, გადაადგილება სამხრეთ პროვინციებში დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სირთულეებთან; მაგრამ ის პირები, ვინც საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვდნენ, ერაყის სამხრეთ რეგიონებში უპრობლემოდ ბრუნდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ერაყში დასაქმებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებია. მიუხედავად ამისა, შიიტების შიიტურ პროვინციებში შიდა გადაადგილება შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ მათ იქ კავშირები აქვთ. სუნიტებისთვის და სხვა უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სამხრეთ რეგიონებში გადაადგილება მაინც დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან.[15]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ერაყის შესახებ 2018 წლის ანგარიშში შიდა გადაადგილებას, ზოგადად, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად; თუმცა უსაფრთხო რეგიონებად მოიხსენიებს სამხრეთის პროვინციებს, კერძოდ ქარბალას, ბაბილს, ბასრას, ნაჯაფს, მუთანას, დიქარს, მაისანს, ქადისიასა და ვასიტს. აღნიშნულ რეგიონებში შიდა გადაადგილებისთვის საშინაო საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ შესასწავლია ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია პირს ბაღდადიდან სამხრეთის პროვინციებში გადაადგილება.[16]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iraq, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] The Wall Street Journal; Iraq marks anniversary of ISIS defeat amid public discontent; By Ghassan Adnan and Isabel Coles; 10 December, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/iraq-marks-anniversary-of-isis-defeat-amid-discontent-over-corruption-governance-1544452820 [accessed 18 December 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[4] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[5] Musings on Iraq; April 2018 large drop in violence in Iraq; Joel Wing; 2 May, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/05/april-2018-large-drop-in-violence-in.html [accessed 18 December 2018]

[6] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]

[7] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]

[8] Musings on Iraq; Violence remained steady in Iraq August 2018; Joel Wing; 3 September, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/violence-remained-steady-in-iraq-august.html [accessed 18 December 2018]

[9] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]

[10] US Department of State; OSAC Bureau of Diplomatic Security; Iraq 2018 Crime and Safety Report: Baghdad; 12 February, 2018; available at: https://www.osac.gov/pages/ContentReportDetails.aspx?cid=23505 [accessed 18 December 2018]

[11] UN Security Council; Report of the Secretary-General pursuant to security council resolution 2367; 17 April, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[12] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[13] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 12 April 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-12-april-2018 [accessed 18 December 2018]

[14] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]

[15] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Reports – Iraq; 26 June, 2017; available at:

[19 December 2018]

[16] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns , September 2018, Version 7.0, available at:

[accessed 19 December 2018]