სუდანი. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში სუდანის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებენ და აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიების წევრებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკურ აქტივისტებს. გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები ქვეყანაში თვითნებურად იზღუდება. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმეა დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმების დარღვევებს.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სუდანს არა თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხი 7-7 ქულითაა შეფასებული (შეფასების სისტემაში 1 ყველაზე უკეთესი, ხოლო 7 ყველაზე უარესი შეფასებაა). ანგარიშში ნათქვამია, რომ სუდანის პოლიტიკურ სისტემაში დომინირებს ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და მისი ეროვნული კონგრესის პარტია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს რეპრესიულ მეთოდებს. რეჟიმი ძალადობს, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე, იმ რეგიონული, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, ვინც არ იზიარებს მის ნაციონალისტურ ხედვას. სამოქალაქო საზოგადოება მკაცრი შეზღუდვების ქვეშაა. რელიგიური უფლებების პატივისცემა არ ხდება და მედია მკაცრად კონტროლდება.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სუდანის შესახებ წერს, რომ მთავრობა რეპრესიული მეთოდებით ზღუდავს ფუნდამენტურ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რელიგიის თავისუფლებას და უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით. დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში სუდანის სწრაფი მხარდაჭერის ძალები და მთავრობასთან ასოცირებული სხვა ძალები იერიშებს ახორციელებენ მშვიდობიან მოსახლეობაზე. პასუხისგებაში არ იქნენ მიცემულნი დამნაშავეები, რომელთაც ან კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული ან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ და მოახდინა გაზეთების კონფისკაცია.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სუდანში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ წერს, რომ სუდანი არის რესპუბლიკა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ავტორიტარული პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ-ბაშირის ხელში. მისი ეროვნული კონგრესის პარტია 28 წლის განმავლობაში თითქმის აბსოლუტურ პოლიტიკურ კონტროლს აწესებს. სუდანში ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა. ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის მიზეზი გახდა მტრული დამოკიდებულების შეცვლის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „ეროვნული დიალოგისა“ და რეფორმების და სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის დისკუსიის დაწყების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნების ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფა. ხელისუფლების კონტროლირებადი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით არჩევნებზე აქტივობამ 46% შეადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქტივობა გაცილებით დაბალი იყო. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალ-ბაშირმა ამომრჩეველთა ხმები 94% მიიღო.

სამოქალაქო ხელისუფლება დროდადრო ვერ ახერხებს ეფექტური კონტროლი დააწესოს უსაფრთხოების ძალებზე. რიგი შეიარაღებული ელემენტები ღიად არ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რის გამოც ძნელი დასადგენია თუ კონტროლის ქვეშ ოპერირებენ. ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები, წამება, ცემა, გაუპატიურება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა და სასჯელი პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ. ადგილი აქვს უსაფრთხოების ძალების მიერ თვითნებური დაკავებების ფაქტებს. საპატიმრო დაწესებულებებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში პირობებია. იზღუდება გამოხატვის პრესის, შეკრების, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება. ხშირად ხურავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის გაუპატიურებისა და სასქესო ორგანოების დასახიჩრების შემთხვევებისას იშვიათია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ფაქტები. ადგილი აქვს ადამიანებით ვაჭრობასა და ბავშვების სამხედრო მოქმედებებში ჩართვას. ერთსქესიანთა ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. მთავრობა არ იძიებს ეროვნული დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების, სამხედროების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს. დაუსჯელობა ხელისუფლების ყველა შტოში სერიოზულ პრობლემად რჩება.

შიდა კონფლიქტის ზონებში, როგორიცაა დარფური, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატები, უსაფრთხოების ძალები, შეიარაღებული დაჯგუფებები და ამბოხებულები კლავენ, აუპატიურებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Sudan, 18 January 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 18 December 2018)