სუდანი. სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანობა. დეკემბერი, 2018

სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და უსაფრთხოების სხვა ძალები ხშირად მიმართავდნენ თვითნებურ დაკავებებს, დაპატიმრებებს და სხვა ქმედებებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სტუდენტებისა და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ.[1]

სუდანში სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ადგენენ გარკვეულ პროცედურულ გარანტიებს, მაგრამ ზედა ინსტანციები პოლიტიკური კონტროლის ობიექტებს წარმოადგენენ. სპეციალური უსაფრთხოებისა და სამხედრო სასამართლოები არ მოქმედებენ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტი ნებას რთავს სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურს, მოახდინოს ქონების ჩამორთმევა, აწარმოოს თვალთვალი, ჩაატაროს ჩხრეკა და დააკავოს ეჭვმიტანილი ოთხ თვეზე მეტი ვადით ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე. უსაფრთხოების სამსახური რეგულარულად აკავებს და აწამებს მთავრობის ოპონენტებს, მათ შორის დარფურელ აქტივისტებს, სტუდენტებს და ჟურნალისტებს.

2008 წლის პოლიციის შესახებ აქტით, პოლიციის ოფიცრებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს. დაკავებულებისა და პატიმრების წამება და მათ მიმართ არა ადამიანური მოპყრობა ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით მძიმედ ექცევიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს დარფურიდან. სიკვდილით დასჯა დანაშაულთა ფართო სპექტრის მიმართაა დასაშვები და გამოყენებული ყოფილა პოლიტიკური და შეიარაღებული ოპოზიციის წევრების წინააღმდეგაც. სუდანის სისხლის სამართლის კოდექსი შარიათს ეფუძნება, ამიტომ ქვეყანაში დასაშვებია ისეთი სასჯელები, როგორიცაა გამათრახება და ჯვარედინი ამპუტაცია (პირს კვეთენ მარჯვენა ხელს და მარცხენა ფეხს).[2]

სუდანის 2005 წლის შუალედური ეროვნული კონსტიტუცია კრძალავს წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას, თუცა უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აწამებენ და ცემენ სავარუდო პოლიტიკურ ოპონენტებს, ამბოხებულების მხარდამჭერებს და სხვა პირებს. მთავრობის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის პოლიცია, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური და სამხედრო დაზვერვა, ცემს და ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებს დაკავებულებს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს; ასევე, ჟურნალისტებს. წამების ფორმები მოიცავს, მათ შორის, გრძელვადიან იზოლირებას, ტემპერატურის უკიდურეს ზომებამდე ცვლილებას, ელექტრო შოკს და სტრესის გამომწვევ სხვა მეთოდებს. ეროვნული უსაფრთხოების აქტის მიხედვით, დაკავებისთვის ორდერი არაა საჭირო. კანონის მიხედვით, შესაძლებელია, რომ პირი ბრალის წაყენების გარეშე 45 დღემდე ვადით იყოს საპატიმროში. პოლიციასა და უსაფრთხოების სხვა ძალებში არსებული კორუფცია კვლავ სერიოზული პრობლემაა.[3]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 11 December 2018)