სუდანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა. დეკემბერი, 2018

სუდანში ქალები აწყდებიან ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. აღნიშნული აკრძალვა მიმართულია ჟურნალისტებისა და ქალი აქტივისტების წინააღმდეგ. სუდანმა ვერ შეძლო შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ადამიანებით ვაჭრობისა და ქალთა და გოგონათა სექს-ტრეფიკინგის შემცირებისთვის. პოლიცია იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს „ამორალური ქმედებების“ შესახებ, რათა აუკრძალოს ქალებს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მათთვის მიუღებელია.[1] სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუცია ავალდებულებს ქალებს, ჩაიცვან ისლამური და კულტურული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ატარონ თავსაბურავი. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ხართუმში საჯარო წესრიგის პოლიცია დღეში დაახლოებით 40 ქალს აპატიმრებს ისლამური წესების დარღვევისთვის. ისლამური ჩაცმის სტანდარტების დაცვა, ზოგადად, არ მოეთხოვებათ არა-მუსლიმ სუდანელ ქალებს.[2]

ქალთა მიმართ ძალადობა უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში და მოძალადეთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია პასუხისგებაში მიცემული. 2014 წელს, როდსაც სამხედროები ჩრდილოეთ დარფურში, ტაბიტში შევიდნენ, 200-ზე მეტი ქალი და გოგო იქნა გაუპატიურებული; აღნიშნულის გამო დღემდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.[3] 2015 წლის თებერვალში ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლში და გაუპატიურების განმარტება შეიცვალა; ახლებური განმარტებით, გაუპატიურების მსხვერპლს აღარ ადანაშაულებენ მრუშობაში. ასევე დაემატა 151-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროვება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისინი რეგულარულად იღებენ ცნობებს ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროვების შესახებ. მთავრობა არ ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ბრალდებით აღძრული საქმეების შესახებ. სუდანში სექსუალური ძალადობის აღსაკვეთათ მთავრობის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან. სუდანში არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაზეც პასუხისმგებელია ქალთა მიმართ ძალადობის განყოფილება, რომლის ოფისებიც 18-დან 14 შტატში მოქმედებს.[4]

სუდანში საარჩევნო ხმის უფლება აქვთ როგორც კაცებს, ასევე ქალებს. ამასთან, სუდანში მოქმედებს ქვოტირების სისტემა და ქალებს 426-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების 28% ქვოტით აქვთ გამოყოფილი; ასევე, 35% შტატის საბჭოში და 9% მინისტრთა კაბინეტში. სუდანი არ არის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერი და მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ძალიან აქტიური როლი აქვთ საზოგადოებაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ისინი დგანან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალი რისკის წინაშე. კანონმდებლობა ქალების მიმართ დისკრიმინაციულია. ანგარიშში საუბარია ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობების შესახებ, რომელთაც ძირითადად პერიფერიულ ზონებში აქვს ადგილი.[5] აღსანიშნავია, რომ ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი „ACCORD“ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ვერ მოიძია ინფორმაცია ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობების შესახებ.[6] ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯების მავნებლური ტრადიცია კანონიერია და ქალთა 88% აღნიშნული ტრადიციის მსხვერპლია.[7] სუდანის ეროვნული შუალედური კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს, ებრძოლოს ისეთ საზიანო ტრადიციებს და წესებს, რომლებიც ქალთა ღირსებას ლახავს. მიუხედავად ამისა, არცერთი საკანონმდებლო ნორმით ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯების ტრადიცია აკრძალული არაა და აღნიშნული ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.[8] ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ზოგადად, ქალები სუდანში, განსაკუთრებით პერიფერიულ და კონფლიქტურ ზონებში, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალი რისკის წინაშე დგანან.[9]

ბევრი ტრადიციული და ისლამური სამართლის ნორმა, რომელიც განმარტებული და მიღებულია მთავრობის მიერ, დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ისლამური კანონებით, ქვრივ ქალს ქმრის ქონების 1/8 ეკუთვნის; დანარჩენი 7/8 შვილებზე ნაწილდება (2/3 ბიჭებზე და 1/3 გოგონებზე). გარკვეულ სასამართლო პროცესებზე ქალთა ჩვენებას არ აქვს იგივე ძალა, როგორიც მამაკაცის ჩვენებას; ამასთან, სავალდებულოა, რომ ერთსა იმავე ჩვენებას ორი ქალი იძლეოდეს. ზოგიერთ სამოქალაქო დავაში ქალებისა და კაცების ჩვენებას ერთი ძალა აქვს. მუსლიმ ქალს აკრძალული აქვს კანონიერად გაჰყვეს ცოლად არა-მუსლიმ კაცს.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[5] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[6] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Darfur – COI Compilation, September 2017, available at:

[accessed 19 December 2018]

[7] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[8] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[9] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[10] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)