აზერბაიჯანი. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ადგილი აქვს კორუფციას და აღნიშნული სახელისუფლებო განშტოება არის არაეფექტური და აღმსარულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებული. ამას გარდა, მიუხედავად ნომინალური დამოუკიდებლობისა, ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაცია ასრულებს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ბრძანებებს და თანამონაწილეა უფლებადამცველთა მიმართ გამოყენებული ზეწოლის და დევნისა.

კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი სასამართლო პროცესის პროცედურები არ არის დაცული. ხშირია თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევები, ხოლო დაკავებული პირები წინასწარ პატიმრობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან. უკანასკნელ წლებში დაპატიმრებული ან მსჯავრდებული ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიხედვით, პროცესის მიმდინარეობისას მათ არ ჰქონდათ ადვოკატზე წვდომა, ადგილი ჰქონდა სამხილების გაყალბებისა და შესაბამისი მტკიცებულებების არწარდგენის ფაქტებს, ასევე, ფიქსირდებოდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

2017 წელს მიიღეს ახალი კანონი, რომელიც უზღუდავს სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვას იმ ადვოკატებს, რომლებიც არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, პოლიტიკურ ინტერესებს მორგებულ ადვოკატთა ასოციაციას სრული კონტროლი გააჩნია იურიდიულ პროფესიაზე და ზღუდავს სასამართლოში წარმომადგენელზე წვდომის უფლებას.

კვლავ გრძელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად გამოიყენებოდა წამება. ციხეში არსებული ზოგადი პირობები მიღებულ სტანდარტს ქვემოთ იყო, ჯანდაცვა, ზოგადად, არაადექვატური, ხოლო გადავსებულობის პრობლემა – ხშირი იყო. 2017 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც დაადგინა, რომ 2006 წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი პატიმრის სიცოცხლის უფლება და, ასევე, არ ჩაატარა ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები.

ეთნიკური უმცირესობების წევრები ჩიოდნენ არსებული დისკრიმინაციის შესახებ განათლების, დასაქმებისა და საცხოვრებლის კუთხით. 2017 წლის სექტემბერში, ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული კოორდინირებული სადამსჯელო ღონისძიების ფარგლებში, პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს ან დააჯარიმეს ათობით პირი (პოლიციის მიხედვით – 83, ხოლო ადგილობრივი უფლებადამცველი აქტივისტების ინფორმაციით – 200-მდე). გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დაკავებული პოლიელებმა ცემეს. ყველა დაკავებული პირი გაათავისუფლებს ოქტომბრის თვის დასაწყისში. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა.[1]

Human Rights Watch-ის აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის კრიტიკოსთა მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები გასული წლის განმავლობაში, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სასამართლოებმა, პოლიტიკურად მოტივირებულ, უსამართლო პროცესებზე 25-მდე ჟურნალისტს, პოლიტიკურ თუ ახალაგაზრდა აქტივისტს მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ათობით სხვა პირი დაკავებულია, ან მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ზოგიერთი კი ქვეყნიდან გაიქცა.

ანგარიშში საუბარია 25 წლის ჟურნალისტისა და ბლოგერის – მეჰმან ჰუსეინოვის შესახებ, რომელსაც სამთავრობო წრეში კორუფციისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოაშკარავების გამო, სოციალურ მედიაში ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. მის მიმართ უსაფრთხოების წარმომადგენლების მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდებოდა დაშინება და ზეწოლა. 2014 წელს მას ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, იმ მოტივით, რომ ის გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჰუსეინოვს აღნიშნული დოკუმენტის არქონის გამო არ ჰქონდა წვდომა ადვოკატზე, ვერ იღებდა ჯანდაცვისა და საბანკო სერვისებს. მას, ასევე, აუკრძალეს ქვეყნის დატოვება.

ჰუსეინოვზე განხორციელებულმა ზეწოლამ პიკს 2017 წელს მიაღწია, როდესაც ქ. ბაქოს ცენტრში რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელმა ის გაიტაცა. მას თავზე ჩამოაცვეს ტომარა, ცემეს და, ასევე, მის მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკის იარაღი. შემდგომ, შესაბამისმა სამსახურებმა მას ბრალი წაუყენეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ჰუსეინოვმა საჯაროდ მოითხოვა სამართალი, თუმცა, საქმის გამოძიების მაგივრად, შესაბამისმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადების საჯაროდ გაკეთებით, ჰუსეინოვმა ცილი დასწამა პოლიციის სამმართველოს მთლიან მომსახურე პერსონალს. საბოლოოდ, მარტში, დეფამაციის ბრალდებით, ჰუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ დაუსჯელად მიმდინარეობდა. 17 დაკავებულმა პირმა გააჟღერა საფუძვლიანი ბრალდებები დაკავების იზოლატორებში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მათი განცხადებით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების სათავო ოფისში ოფიცრებმა მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ხელკეტების გამოყენებით ცემეს. ასევე, ზოგიერთის თქმით, მათ მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკი და ემუქრებოდნენ ცოლებისა და დების გაუპატიურებით. დაკავებული პირების განცხადებით, უშუალოდ დაკავებისას ისინი ასევე ცემეს პოლიციის მანქანაში. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.

აქტივისტმა გიას იბრაჰიმოვმა, ადვოკატის მეშვეობით სოციალურ ქსელში გაავრცელა საჯარო მიმართვა, სადაც უთითებდა, რომ ბადრაგმა მას ხელები ზურგსუკან შეუკრა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და, შემდგომ, თვითნებურად განამწესა სამარტოო საკანში 15 დღით. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ სამოქალაქო სამსახურები უსაფრთხოების ძალებზე ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებენ. ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს შორის, სხვებთან ერთად, იყო: უკანონო ან თვითნებური დაკავებები; მძიმე ციხის პირობები; ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები; ასევე, კონკრეტული აქტივისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება. მთავრობა არ ასამართლებოდა დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკთა უმრავლესობა. პრობლემად რჩებოდა დაუსჯელობა.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 20 December 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Azerbaijan, 18 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a61eea14.html [accessed 21 December 2018]

[3] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 21 December 2018]