ლიბანი. პალესტინელების მიმართ არსებული დამოკიდებულება. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ლიბანის შესახებ 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017-2018 წლები) წერს, რომ ლიბანში პალესტინელი ლტოლვილები ექვემდემდებარებიან დისკრიმინაციული ხასიათის კანონს, რომელიც უკრძალავს მათ ქონების ფლობას ან მემკვიდრეობით მიღებას. მათ, ასევე, არ აქვთ წვდომა საჯარო განათლებასა და ჯანდაცვაზე და არ შეუძლიათ დასაქმებულნი იყვნენ სულ მცირე 36 პროფესიით. დაახლოებით 3 000 პალესტინელი, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებული ეროვნული ბარათები, აწყდებიან კიდევ უფრო მკაცრ შეზღუდვებს, მათ შორის, დაბადების, ქორწინების ან გარდაცვალების რეგისტრაციაზე უარის კუთხით.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ ლიბანის უსაფრთხოების ძალები არ შედიან და ოპერირებენ პალესტინელთა ბანაკებში, შესაბამისად, იქ უსაფრთხოებაზე კონტროლს კონკრეტული პალესტინური ჯგუფები ახორციელებენ. აღნიშნული ჯგუფები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს გავლენისთვის და, ასევე, ზოგადად აკონტროლებენ სასამართლო სისტემას ბანაკებში.

ანგარიშის მიხედვით, პალესტინელი ლტოლვილები აწყდებიან რიგ შეზღუდვებს გადაადგილების თავისუფლების უფლების კუთხით. ამას გარდა, მათ კანონით ეკრძალებათ საჯარო განათლების ან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და უძრავი ქონების ფლობა. მათ, ასევე, უზღუდავენ ბევრ პროფესიულ სფეროში მუშაობის უფლებასაც. შესაბამისად, განთლების, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე წვდომის კუთხით, ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან მხოლოდ UNRWA-ზე (გაეროს დახმარების და მუშაობის სააგენტო ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილთათვის). 2010 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი შრომის შესახებ, რომელმაც მოხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის დასაქმების კუთხით არსებული ზოგიერთი შეზღუდვა. თუმცა, პრაქტიკაში არ მოხდა კანონის სრული იმპლემენტაცია და პალესტინელები კვლავ შეზღუდულები დარჩენენ, ემუშავათ ბევრი კონკრეტული პროფესიით.

კანონის მიხედვით, პენსიაში გასულ ან თანამდებობიდან საკუთარი ნებით გათავისუფლებულ პალესტინელებს უნდა მიეცეთ სათანადო ფულადი კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით მხოლოდ რეგისტრირებული პალესტინელი ლტოლვილები სარგებლობენ და ის არ მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ფეხმძიმობის გამო კომპენსაციას. აღნიშნულ შემთხვევებში, ფინანსებს ფარავს UNRWA.

ასევე, კანონის მიხედვით, UNRWA-ს მიერ რეგისტრირებული პალესტინელები  ქვეყანაში იმყოფებიან უცხოელის სტატუსით. ტერიტორია, რომელიც 1948 წელს მათ გამოეყოთ ბანაკების დასაკომპელექტებლად, მიუხედავად პოპულაციის გაოთხმაგებისა, მიმდინარე პერიოდში მხოლოდ მცირედით გაიზარდა. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, პალესტინელი ლტოლვილები ცხოვრობენ გადავსებულ ბანაკებში, რომელთა ნაწილიც მძიმედ არის დაზიანებული წარსულში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად. მთავრობასთან შეთანხმების მიხედვით, ბანაკებში ლტოლვილთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ „პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის“ (PLO) უსაფრთხოების კომიტეტები. გამონაკლისს წარმოადგენს ნაჰ-ელ ბარედის ბანაკი.

2001 წელს ძალაში შევიდა ცვლილება 1969 წლის კანონში, რომლის მიხედვითაც პალესტინელ ლტოლვილებს აეკრძალათ უძრავი ქონების შეძენა ან მემკვიდრეობის წესით გადაცემა. იმ პალესტინელებს, რომელთაც 2001 წლამდე ჰქონდათ შეძენილი ქონება, უფლება მიეცათ ის მემკვიდრეობის სახით გადაეცათ მათი შთამომავლებისთვის, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც იმ დროისთვის იყვნენ ქონების შეძენის პროცესში, უარი ეთქვათ მის რეგისტრაციაზე.

პალესტინელი ლტოლვილებს ლიბანში ეკძალებათ მოქალაქეობის მიღება და არ გააჩნიათ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Minority Rights Group International ლიბანში პალესტინელი ლტოლვილების შესახებ 2013 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ ბანაკებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გარდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე წვდომის არქონისა, პალესტინელებს, ასევე არ აქვთ უფლება მიიღონ საჯარო განათლებისა და ჯანდაცვის სერვისები. ბანაკებში ხშირია წყლის დაბინძურების შემთვევები, ასევე, გადავსებულობა ზრდის ჯანდაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების რისკს. ამასთან, კანონი კრძალავს ბანაკების გაფართოებას. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბანაკებში სახლების 66 პროცენტში ფიქსირდება წყლის ხშირი  ჟონვა და ნესტი. გამოკითხულ ლტოვილთა 21 პროცენტი, ასევე, უჩივის პრობლემებს მენტალური ჯანმრთელობის კუთხით.[3]

შვედეთის მიგრაციის საბჭო 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში პალესტინელთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ლიბანში არსებულ 12 პალესტინურ ბანაკში სიტუაცია მძიმეა. ბანაკები, როგორც წესი, არის გადავსებული; ფიქსირდება ცხოვრების დაბალი სტანდარტი და პრობლემები ინფრასტრუქტურის კუთხით (ექტროენერგისა და წყლის შეზღუდელი მიწოდება, არასათანადო კანალიზაცია).

ლიბანსა და „პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციას“ (PLO) შორის დადებული 1969 წლის შეთანხმების მიხედვით, ბანაკებში მართვას ახორციელებს პალესტინური თვითმართველობა და, ასევე, უსაფრთხოება კონტროლდება პალესტინური ჯგუფების მიერ. ბანაკებში უსაფრთოების კუთხით არსებული სიტუაცია არის პერიოდულად არასტაბილური. ლიბანის არმია და უსაფრხთოების ძალები, როგორც წესი, თავს იკავებენ ბანაკებში შესვლისაგან, თუმცა, საკონტროლო გამშვები პუნქტების მეშვეობით, ისინი აკონტროლებენ ბანაკებში შესულ და გამოსულ პირებსა თუ სატრანსპორტო საშუალებებს.

ანგარიშის მიხედვით, პალესტინელები შეზღუდულნი არიან შრომით ბაზარზე, არ გააჩნიათ რა დასაქმების უფლება 30-ზე მეტ პროფესიულ სფეროში, მათ შორისაა – მედიცინა, სამართალი, ინჟინერია. განათლება, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. სხვა პროფესიით მუშაობისთვის, მათ უნდა აიღონ მუშაობის ნებართვა, რაც ლიბანში ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პროცედურასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათი უმრავლესობა მუშაობს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე არაფორმალურ სექტორში.

ლიბანში პალესტინელთა ორი მესამედი ცხოვრობს სიღარიბესა ან უკიდურეს სიღარიბეში. 2015 წლის მონაცემებით, პალესტინელ ლტოლვილთა მთლიანი რაოდენობის (ამაში არ შედიან სირიიდან ლტოლვილი პალესტინელები) 52.5 პროცენტი იყო უმუშევარი. მათ არ აქვთ წვდომა ლიბანის სახელმწიფო ჯანდაცვაზე და ამ კუთხით, სრულიად დამოკიდებულნი არიან UNRWA-სა და სხვა არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციებზე, მაგალითად, „პალესტინის წითელ ნახევარმთვარე“-ზე. პალესტინელი ბავშვები, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ ლიბანის საჯარო სკოლებში სწავლის უფლება, განათლებას იღებენ UNRWA-ს მიერ უზრუნველყოფილ სასწავლო დაწესებულებებში. პალესტინელებს, ასევე, არ აქვთ ქონების შეძენის და ფლობის უფლება.[4]

 

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Lebanon, 22 February 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a9938cc0.html [accessed 29 November 2018]

[2] United States Department of State – LEBANON 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 29 November 2018]

[3] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2013 – Case study: Palestinian refugees in Lebanon, 24 September 2013, available at: https://www.refworld.org/docid/526fb70810.html [accessed 30 November 2018]

[4] Migrationsverket – Swedish Migration Board – Report on the situation of Palestinians in countries of the Middle East (residence and documentation) available at

[accessed 30 November 2018]