ერაყმა შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა – „ერაყის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით შობას ოფიციალურ დღესასწაულად აცხადებს. ვულოცავთ ამ დღეს ყველა ჩვენ ქრისტიან მოქალაქეს, ყველა ერაყელს და მათ, ვინც მსოფლიოში შობას ზეიმობს“, – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.[1]
გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს – ოპერაცია ბურსას პროვინციაში ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა უცხოური ვალუტა და აკრძალული ლიტერატურა ამოიღეს. 14 დეკემბერს, სტამბოლის პროკურატურამ, ფეტოს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 219 თურქი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.[2]
პაკისტანმა ფეტო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა – გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გიულენის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სკოლები თურქეთის სახელმწიფო ფონდ „მაარიფს“ გადაეცა.[3]
თურქეთმა აზერბაიჯანიდან გიულენის სავარაუდო მხარდამჭერი სტამბოლში გადაიყვანა – მეჰმეთ გელენი, რომელსაც გიულენის მხარდამჭერად მიიჩნევენ, ბელარუსში ყალბი პასპორტით ცდილობდა გადასვლას, თუმცა თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მისი დეპორტაცია განხორციელა.[4]
ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქეთში რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს – ამის მიზეზი სატელევიზიო გადაცემების წამყვანების მხრიდან პრეზიდენტის შეურაცხყოფა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება გახდა. მარეგულირებელმა კომისიამ წამყვანებს ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოსთხოვა. გადაცემები დროებით დაიხურა და ტელეკომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. პრეზიდენტის შეურაცხყოფა თურქეთში კანონით ისჯება.[5]
ავღანეთის დედაქალაქში სამთავრობო შენობებთან მომხდარ თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა – შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ განაცხადა, ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება გაუარესდა. მორიგი ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში 24 დეკემბერს განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამთავრობო რაიონში ამოქმედდა, აფეთქების შემდეგ კი საზოგადოებრივი შრომის სამინისტროს შენობაში შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ და უწყების თანამშრომლები მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია; ვარაუდობენ, რომ ტერაქტის უკან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ან თალიბანი დგას.[6]
ანტისახელისუფლებო აქციებზე სუდანში 19 ადამიანი დაიღუპა – სუდანში, უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინციდენტი დედაქალაქ ხარტუმის მახლობლად მოხდა. პარასკევის ლოცვის შემდეგ აქტივისტები ომდურმანის მეჩეთის გარეთ შეიკრიბნენ და ოპოზიციის ცხრა წევრის დაკავება გააპროტესტეს. დემონსტრაცია გაიმართა ხარტუმის ჩრდილოეთითაც. ოფიციალური ინფორმაციით, ანტისამთავრობო აქციების დროს სუდანში ცხრა დღის განმავლობაში 19 ადამიანი დაიღუპა და 397 დაშავდა, მათგან 178 პოლიციელი. ორგანიზაციის „Amnesty International“ ინფორმაციით, დაღუპულია 37 ადამიანი. სუდანის ზოგიერთ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივების უკმაყოფილება პურზე ფასის ზრდამ გამოიწვია.[7]
ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეებმა ნიგერიის საპორტო ქალაქი ბაგა დაიკავეს – ასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც 26 დეკემბერს მეთევზეების ქალაქში მებრძოლებმა დროშა აღმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებმა სამხედრო ბაზაზე არსებული იარაღიც ჩაიგდეს ხელში. სამხედრო ძალების წარმომადგენლები ქალაქის დაცემას უარყოფენ და აცხადებენ, რომ იერიში მოიგერიეს.[8]
ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნები პრემიერ შეიხ ჰასინას პარტიამ მოიგო – საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჰასინას პარტიამ მოკავშირეებთან ერთად 300-ადგილიან პარლამენტში 288 მანდატი მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას ზედიზედ მესამე ვადით უხელმძღვანელებს. ბოლო მონაცემებით, ბანგლადეშში არჩევნებისას დაპირისპირებას, სულ ცოტა, 17 ადამიანი ემსხვერპლა.[9]
[1] VOA; Christmas declared national holiday in Iraq; 25 December, 2018; available at: https://www.voanews.com/a/christmas-is-declared-national-holiday-in-iraq/4716288.html
[2] იმედის ახალი ამბები; გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 22 ადამიანი დააკავეს; 24 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/90809/giulenis-organizatsiastan-kavshiris-braldebit-turqetshi-22-adamiani-daakaves
[3] Anadolu Agency; Pakistani court declares FETO a terror group; 28 December, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/asia-pacific/pakistani-court-declares-feto-a-terror-group/1350654?fbclid=IwAR0ylnd5CFCeEDrnV2AmOZOPARh6I_vxp5OQvMjRSWkmIOApITr7dLpDh4U
[4] Anadolu Agency; Turkish intel returns wanted FETO terror group member; 29 December, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/turkey/turkish-intel-returns-wanted-feto-terror-group-member/1351678
[5] იმედის ახალი ამბები; ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქეთში რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს; 27 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/91080/erdoganis-sheuratskhkopistvis-turqetshi-ramdenime-telekompania-daajarimes
[6] France 24; Death toll in Kabul attack rises to 43: Health Ministry; 25 December, 2018; available at: https://www.france24.com/en/20181225-death-toll-kabul-attack-rises-43-health-ministry?fbclid=IwAR3xJkLiT_IP7nVKqr420Q72xYyOu1g5A7RoEigP8RrEcyOcV5clKzNQvRA
[7] BBC; Tear gas used as Sudan protests continue; 28b December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-46700412
[8] Islamic State linked militants seize Nigeria’s Baga town; 28 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-46705837
[9] BBC; Bangladesh election: PM Sheikh Hasina wins landslide in disputed vote; 31 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46718393