დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2019

ვითარება ავღანეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში თალიბმა ექსტრემისტებმა რამდენიმე ბლოკპოსტზე მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად 27 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[1]

26 ავღანელი პოლიციელი და სახალხო ლაშქრის წევრი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ბაგდის პროვინციის ორ რაიონში თავდამსხმელებმა კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს 6 იანვარს. უსაფრთხოების ძალებმა 15-ზე მეტი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[2]

საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი მოკლეს – ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა 1-ელ იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი. თავის მხრივ, სეპარატისტებმა ზავის დარღვევაში კიევი დაადანაშაულეს.[3]

ნიგერის არმიამ „ბოკო ჰარამის“ 300-მდე მებრძოლი გაანადგურა – ექსტრემისტების პოზიციებზე არმიამ იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგერიის საზღვართან მიიტანა. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს. „ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.[4]

ბანგლადეშში ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის გამო ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს – ბანგლადეშის სასამართლომ 7 კაცი, მათ შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ ის ჯგუფურად გააუპატიურეს, რადგან მან ხმა ოპოზიციურ პარტიას მისცა. ქალზე ძალადობას მიტინგები და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კაცებმა ბრალდება უარყვეს, პარტიის ლიდერი კი პარტიიდან გარიცხეს. ბანგლადეშში არჩევნები ქაოსის ფონზე ჩატარდა. ბოლო მონაცემებით დაპირისპირების დროს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.[5]

საუდელი ქალები განქორწინების შესახებ ცნობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ – საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სასამართლოებს დაავალა, რომ ქალებს გაყრის შესახებ ცნობა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნონ. ეს წესი ე.წ. საიდუმლო განქორწინებების პრაქტიკას დაუსვამს წერტილს, როცა კაცს ამ გადაწყვეტილების მიღება მეორე ნახევრის საქმის კურსში ჩაუყენებლად, ერთპიროვნულად შეეძლო. ამჯერად ქალები უკვე ინფორმირებულები იქნებიან და ალიმენტის უფლებით სარგებლობაც შეეძლებათ. ეს წესი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ფარგლებში ამოქმედდება. ამავე რეფორმის ფარგლებში, გასულ წელს ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. ამას გარდა, მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც უკვე შეუძლიათ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სამეფოში ქალები მეურვე კაცის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. მაგალითად, ვერ იღებენ პასპორტს, ვერ მიდიან საზღვარგარეთ, ვერ ხსნიან საბანკო ანგარიშს, ვერ იკეთებენ გეგმურ ოპერაციას, ვერ თხოვდებიან.[6]

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა – ბომბი კაიროსთან ახლოს მდებარე ქრისტიანულ ტაძართან აფეთქდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაღუპული პოლიციელი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ეგვიპტის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული კათედრალი და მეჩეთი ერთდროულად გახსნა – აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტაძარი და მეჩეთი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში შობის ღამეს გახსნა. ის ტრადიციულად დაესწრო საშობაო ლიტურგიას და სიტყვით გამოსვლისას თავის თავს ექსტრემისტების წინააღმდეგ ქრისტიანების დამცველი უწოდა. მისი თქმით, ტაძრისა და მეჩეთის ერთდროულად გახსნა ერთიანობის შესახებ გზავნილია. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ერთი“, – თქვა მან. ტაძრის გახსნას ქრისტიანული მრევლი და პატრიარქი ესწრებოდნენ.[8]

[1] New York Times; Taliban attacks in northern Afghanistan kill 27 security officers; By Najim Rahim and Fahim Abed; 1st January, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/01/01/world/asia/afghanistan-attacks-taliban.html

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; At least 26 killed in Taliban attacks in western, eastern Afghanistan; 7 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/taliban-attacks-security-posts-in-western-afghanistan-killing-21/29695327.html

[3] იმედის ახალი ამბები; საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი მოკლეს; 2 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/91716/saakhaltslo-zavis-miukhedavad-agmosavlet-ukrainashi-jariskatsi-mokles

[4] Daily Nation; Niger army kills at least 280 Boko Haram militants: ministry; 3 January, 2019; available at: https://www.nation.co.ke/news/africa/Niger-army-kills-at-least-280-Boko-Haram-militants–ministry/1066-4919334-vs6ndkz/index.html

[5] BBC; Bangladesh election: Gang rape suspects detained; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46775833

[6] BBC; Saudi women to get divorce confirmation by text message; 5 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46770612

[7] BBC; Egypt policeman killed defusing bomb near Coptic church; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46772729

[8] Reuters; Egypt’s Sisi opens mega-mosque and Middle East’s largest cathedral in New Capital; 6 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-religion/egypts-sisi-opens-mega-mosque-and-middle-easts-largest-cathedral-in-new-capital-idUSKCN1P00L9