დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 იანვარი, 2019

სირიის კრიზისი – სირიის ქალაქ ლატაკიაში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი. თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც არავის აუღია, მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქში მოხდა.[1]

4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა სირიის აფრინში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება გუბერნატორის ოფისთან ახლოს მოხდა.[2]

ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯში ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტი განახორციელა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ამერიკელი და 2 ადგილობრივი სამხედრო, ასევე, 13 მოქალაქე.[3]

თალიბანის თავდასხმას ავღანეთში 100-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა – ინციდენტი ცენტრალურ ავღანეთში, ვარდაკის პროვინციაში მოხდა, სადაც სამხედრო საწვრთნელ ცენტრში ჯერ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი იქ ორი თავდამსხმელი შევიდა და ჯარისკაცებზე იერიში მიიტანა. ინციდენტს 126 ჯარისკაცი ემსხვერპლა, მათ შორის 8 მეთაური. ბოლო წლებში ავღანეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების სტატისტიკას აღარ აქვეყნებს. მედია ვარაუდობს, რომ 2015 წლიდან დღემდე თავდასხმებს 28 ათასი პოლიციის ოფიცერი და სამხედრო ემსხვერპლა.[4]

საუდელ ქალებს მშობიარობის ფორმის არჩევის უფლება მისცეს – საუდელ ქალებს მშობიარობის საკითხებთან დაკავშირებით მეურვე მამაკაცის თანხმობა აღარ სჭირდებათ. ისინი თავად გადაწყვეტენ – ბუნებრივად იმშობიარონ თუ საკეისრო კვეთა გაიკეთონ. ამასთან, მათ მეურვის ხელმოწერის გარეშე შეეძლებათ შეიტყონ ექიმისგან ფეხმძიმობის, მშობიარობის დროის შესახებ და თავად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათთან მშობიარობის დროს.[5]

ქრისტიანებს ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთსა და სომალიში დევნიან – საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Open Doors“ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ქრისტიანებს ყველაზე ხშირად დევნიან. სიის სათავეში მეთექვსმეტეჯერ მოხვდა ჩრდილოეთ კორეა. მეორე ადგილზე ავღანეთი, ხოლო მესამეზე სომალი გავიდა. აღსანიშნავია, რომ სიაში პირველად მოხვდა რუსეთის ფედერაცია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ხელისუფლება მხარს უჭერს ქრისტიანულ ეკლესიას, მოქალაქეები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ქრისტიანები, განიცდიან შევიწროვებასა და დისკრიმინაციას.[6]

[1] Reuters; Car bomb kills one, injures 14 in Syria: state media; 22 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-blast/car-bomb-kills-one-injures-14-in-syria-state-media-idUSKCN1PG1LW?il=0

[2] Daily Sabah; Syrian Crisis; Bomb blast kills at least 4 in Syria’s Afrin: reports; 20 January, 2019; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2019/01/20/bomb-blast-kills-at-least-4-in-syrias-afrin-reports

[3] BBC; Syria war: IS suicide bomber kills US troops in Manbij; 16 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46892118

[4] Reuters; Taliban attack on Afghan security base kills over 100; By Rupam Jain, Abdul Qadir Sediqi; 21 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-attack-kills-more-than-100-security-personnel-in-central-afghanistan-defense-ministry-source-idUSKCN1PF0FC?il=0

[5] The National; Saudi Arabia gives women full control over childbirth procedures; 17 January, 2019; available at: https://www.thenational.ae/world/mena/saudi-arabia-gives-women-full-control-over-childbirth-procedures-1.814840

[6] Open Doors; World Watch List; available at: https://www.opendoorsusa.org/christian-persecution/world-watch-list/