ერაყი. სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება (ანბარის პროვინცია). თებერვალი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის პარლამენტი 329 წევრისგან შედგება და მას ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. 2018 წლის მაისში გამართული არჩევნები, საერთო ჯამში, მიუხედავად გაყალბების შესახებ ბრალდებებისა, სანდოდ შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. პირველ ოთხ ადგილზე შიიტური პარტიების კოალიციები გავიდნენ; მათ ჯამში 169 მანდატი მოიპოვეს. ქურთულმა პარტიებმა 44 ადგილი მიიღეს. დანარჩენი ადგილები მცირე სუნიტურ პარტიებსა და დამოუკიდებელ სუბიექტებზე გადანაწილდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ნორმები იცავს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკურ უფლებებს, ეთნიკურ-კონფესიური პარტიების დომინანტური როლი და ძირითადი პოზიციების არაფორმალური რელიგიური და ეთნიკური კრიტერიუმებით დაკავება ამცირებს იმის შანსს, რომ პოლიტიკოსები მთელი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. სუნიტი არაბები, რომლებიც ქვეყნის უმსხვილესი ეთნიკურ-კონფესიური უმცირესობა არიან, წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, თუმცა ისინი ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ შიიტი უმრავლესობა მათ რეალური ძალაუფლების მქონე პოზიციების მიღმა ტოვებს. როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტად ქურთი, ხოლო პრემიერად შიიტი ინიშნება. პარლამენტის სპიკერის პოზიცია კი სუნიტებისთვისაა განსაზღვრული. 2018 წლის სექტემბერში სპიკერად მუჰამად ალ-ჰალბუსი დაინიშნა.

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 4 მილიონი ერაყელი, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ ისლამური სახელმწიფოს ქმედებების გამო, დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში; თუმცა, კიდევ 2 მილიონამდე პირი რჩებოდა დევნილობაში. 2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სუნიტი არაბები შიიტური დაჯგუფებების გამო იძულებით ტოვებდნენ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებს.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია, რეალობაში ბევრი ერაყელი გახდა ძალადობისა და იძულებითი გადაადგილების მსხვერპლი მისი რელიგიური კუთვნილების გამო. სალოცავი ადგილები კი ხშირად იყო ტერორისტული იერიშების სამიზნე. უმეტესობა პოლიტიკური ლიდერებისა გამოხატავდა რელიგიური პლურალიზმის მხარდაჭერას ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, სუნიტები, რომლებიც ცხოვრობენ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, თავიანთ რელიგიურ მსახურებას აღასრულებდნენ თავისუფლებად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ, არა ადამიანურად ეპყრობოდნენ და აუჩინარებდნენ ძირითადად სუნიტებს იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისლამური სახელმწიფო იყო აქტიური. მათ მიმართ არ იყო დაცული სამართლიან სასამართლოსა და სათანადო პროცედურებზე წვდომის უფლებები. ერაყის უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებდნენ, ხშირად თვეობით, ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილებს, ძირითადად სუნიტებს. მოწმეებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აკავებდნენ ეჭვმიტანილებს სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ორდერის გარეშე; ისინი ხშირად არ წარადგენდნენ არანაირ დოკუმენტაციას და არც განმარტავდნენ დაკავების მიზეზებს. ერაყის სამხედრო და უსაფრთხოების ძალები იძულებით აუჩინარებდნენ ძირითადად სუნიტ არაბ მამაკაცებს როგორც ანტი-ტერორისტული ოპერაციების, ასევე სხვა საქმეების ფარგლებში. გაუჩინარებები ხდებოდა როგორც საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან, ასევე ეჭვმიტანილთა სახლებიდან. ოჯახის წევრების თხოვნის მიუხედავად, ერაყის ხელისუფლება არ გასცემდა არანაირ ინფორმაციას გაუჩინარებული პირების შესახებ.

მიუხედავად მთავრობისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივი მცდელობისა, რომ ხელი შეეწყოთ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისთვის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო, მათ შორის ანბარი, დიალა, ნინევა და სალაჰადინი, შიგა რეგულაციები და სხვა პრევენციული მექანიზმები ხელს უშლიდა იმ ოჯახებს დაბრუნებაში, ვისზეც ფიქრობდნენ, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან იყო ასოცირებული. რიგ შემთხვევებში ასეთ ოჯახებს ან იძულებით აბრუნებდნენ ბანაკებში, ან ისინი იძულებით ხდებოდნენ ხელმეორე გადაადგილების მსხვერპლნი.[2]

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერია, რომ სახალხო მობილიზაციის ძალები სხვადასხვა დაჯგუფებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა შიიტური დაჯგუფებაა. ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ასევე ჰყავთ თავიანთი დაჯგუფებები, მაგალითად თურქმენული, ქრისტიანული, იეზიდური და ა.შ. ასევე მოქმედებენ სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალებიც, რომლებიც 17-დან 25 ათასამდე მებრძოლს აერთიანებენ. მათი უმრავლესობა 2014 წელს ერაყის მთავრობასთან ალიანსით, ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, ძირითადად სუნიტურ რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად ანბარი. როდესაც ტერიტორიების გათავისუფლება მოხდა, ერაყის მთავრობა ხელს უწყობდა ახალი ადგილობრივი სახალხო მობილიზაციის ძალების ფორმირებას უსაფრთოხების უზრუნველყოფის მიზნით. საბოლოოდ, ზოგიერთმა სახალხო მობილიზაციის ძალამ, მაგალითად ჰიზბოლას ბრიგადამ და ბადრის ორგანიზაციამ დაიწყო სუნიტი არაბების თავიანთ რიგებში რეკრუტირება. ზოგი მათგანი იყო ყოფილი სამხედრო სადამის არმიდან, რომლებმაც ამ პროცესში დასაქმების ახალი შესაძლებლობა დაინახეს. რეკრუტირება მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. ბევრი უერთდებოდა სახალხო მობილიზაციის ძალებს ეკონომიკური მიზეზების გამო, რადგან ხელფასები აქ იყო უფრო მიმზიდველი, ვიდრე დანარჩენ ერაყში. სახალხო მობილიზაციის ძალები საკმაოდ გავლენიანი და პოპულარულია და ქვეყნის მოსახლეობაში, რაც ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში მათი წვლილის დამსახურებაა. ისინი საკმაოდ აქტიურები არიან თავიანთი თავის რეკლამირებისა და პიარის მიმართულებით და აქვთ ახლო კავშირები მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებთან ბაღდადში.

სახალხო მობილიზაციის ძალების სამიზნეები არიან ისლამური სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები ან მათი ოჯახის წევრები. ესენი ძირითადად სუნიტი არაბი ახალგაზრდები არიან; ასევე სხვა სუნიტი არაბები და სუნიტი თურქმენები ხდებიან კოლექტიური ძალადობის, მკვლელობებისა და დისკრიმინაციის ობიექტები. სახალხო მობილიზაციის ძალებს აქვთ იმის რესურსი, მიზანში ამოიღონ ის, ვინც უნდათ. მათ აქვთ ძალიან კარგი სადაზვერვო შესაძლებლობები, რომელიც წვდება ერაყის საზოგადოების უმეტეს ნაწილს. მათ ასევე შეუძლიათ მიზანში ამოიღონ პოლიტიკური და ეკონომიკური ოპონენტები, მიუხედავად მათი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.

ზოგადი ვითარება იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების კუთხით განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში. 5 პროვინციაში – ნინევა, კირკუკი, ანბარი, სალაჰადინი და ბაღდადი – დაფუძნდა დაბრუნების საკითხთა კომისია, რომელიც განიხილავს და გეგმავს დევნილთა დაბრუნებას და ბანაკების დახურვას.

ანბარის ერთერთი სუნიტური რაიონი ჯურფ ალ საკჰარი 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებიდან ორ თვეში, გაათავისუფლა კატაიბ ჰიზბოლამ. 2014 წლის შემდეგ რაიონის მოსახლეობამ იძულებით დატოვა ტერიტორია და დევნილებს არა თუ დაბრუნების, რაიონის სტუმრობის უფლებასაც არ აძლევენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ერაყის ხელისუფლება მოისურვებს დევნილთა სასარგებლოდ პროცესში ჩარევას, ის ვერ შეძლებს, რადგან დაჯგუფება სამთავრობო კონტროლის მიღმა მოქმედებს.

ამჟამად ძნელია ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების შეფასება. გავრცელებული ცნობებით ჩანს, რომ ჯგუფი წარმოდგენილია კირკუკსა და მოსულის დასავლეთ ნაწილში, სადაც სამიზნეები ხდებიან მუხთარები (სოფლის ლიდერები). განსაკუთრებით კირკუკში, ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს უფრო მეტად უსაფრთხოების ძალებისა და ხელისუფლებისთვის, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მაშინ როდესაც სიტუაცია პირიქითაა ნინევაში, დიალასა და ანბარში, სადაც ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვიდრე ისინი თავიანთი წარმოშობის ადგილებზე დაბრუნდებიან, აქვთ გარკვეული წარმოდგენა თუ რა ვითარებაშია მათი სახლები. ამ ინფორმაციას ისინი სხვა ოჯახებისგან იღებენ. ოჯახები, რომლებიც ბრუნდებიან, ვალდებულნი არიან დაბრუნებისთანავე გამოცხადდნენ ადგილობრივ მუხთართან. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდებულად არ მიიჩნევს დაბრუნებას ნინევაში, ანბარში, სალაჰადინსა და დიალაში, ოჯახებმა აღმოსავლეთ მოსულიდან და ანბარიდან დაიწყეს თავიანთ სახლებში დაბრუნება.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 (accessed on 10 February 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Iraq, 17 January 2019

 (accessed on 10 February 2019)

[3] DIS – Danish Immigration Service; Landinfo – Norwegian Country of Origin Information Center (Author), published by DIS – Danish Immigration Service: Northern Iraq: Security situation and the situation for internally displaced persons (IDPs) in the disputed areas, incl. possibility to enter and access the Kurdistan Region of Iraq (KRI), 5 November 2018

 (accessed on 10 February 2019)