ირანი. დერვიშები; მათი უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2019

ონლაინ ენციკლოპედია Britannica-ს მიხედვით, დერვიშები განეკუთვნებიან ისლამის ერთ-ერთ სუფისტურ დენომინაციას. სუფისტური მიმდინარეობები, ძირითადად, დაარსებულ იქნა 12 საუკუნეში და მათთვის დამახასიათებლ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს „შეიხისადმი“ ანუ მიმდინარეობის მეთაურისადმი უსიტყვო მორჩილება და დისციპლინა, ასევე, ახლო სულიერი ურთიერთობა მასსა და მიმდევრებს შორის. მიმდევრები ასევე სწავლობენ „სილსილაჰ“-ს, რაც საძმოში სულიერ ინტეგრაციას ნიშნავს.  ამას გარდა, დერვიშთათვის უმთავრესი ღირებულებებია სიყვარული, ღმერთისდმი მსახურება და პიროვნების ეგოისტური მისწრაფებებისგან გათავისუფლება.

დერვიშების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ლოცვითი რიტუალი არის „დჰიკრ“, რომელიც გულისხმობს ალაჰის მადიდიებელი კონკრეტული ლოცვის მრავალჯერადად გამეორებას, რათა აღნიშნული მეთოდით მიაღწიონ ღმერთთან დამაკავშირებლ ექსტაზის მდგომარეობას. სუფისტური რწმენებით, ზემოხსენებული ექსტაზის მდგომარეობის მიღწევა ასევე შესაძლებელია მრავალჯერადად განმეორებითი ფიზიკური დატვირთვით, რომლის ნათელი მაგალითიცაა ყველასთვის ცნობილივ „სამა“ ანუ სუფისტური „ტრიალი“. დერვიშები შესაძლოა ცხოვრობდნენ როგორც ჯგუფებად, ასევე – განცალკევებულად. მათი წევრები ძირითადად საზოგადოების ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან. დერვიშთა თემი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საუკუნეების ცენტრალური ისლამური სახელმწიფოების პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში, თუმცა დღესდღეობით მათი მონასტრები მთავრობების კონტროლსაა დაქვემდებარებული, ხოლო მათ რელიგურ შეხედულებებს კონსერვანტი მუსლიმი თეოლოგები არ იზიარებენ. მოხეტიალე დერვიშს „ფაკირი“ ეწოდება.[1]

კანადის იმიგრაციის საბჭო 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გონაბადი დერვიშების შესახებ წერს, რომ გონაბადის ორდენი არის ნემათოლლაჰი სუფისტური ორდენის 3 ძირითადი განშტოებიდან ერთ-ერთი. ორდენის წარმომადგენლები საკუთარ თავს შიიტებად მიიჩნევენ. თავად სახელი მომდინარეობს ხორასნის პროვინციაში მდებარე ქალაქ გონაბადიდან, სადაც სულთანი ალი შაჰ – ორდენის ერთ-ერთი დიდი მაგისტრი, დაიბადა.

წყაროთა ინფორმაციით, გონაბადის ორდენი ირანში ყველაზე დიდი სუფისტური მიმდინარეობაა. ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მერყეობს. ისინი ცხოვრობენ მთლიანი ირანის მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებში, როგორიცაა თეირანი და ისფაჰანი.

კვლევით ჯგუფთან სატელეფონო საუბრისას, ექსეტერის უნივერსიტეტის არაბული და ისლამური ინსტიტუტის ლექტორმა,  რომელსაც მრავალი ნაშრომი აქვს დაწერილი ირანში სუფიზმის (მათ შორის, გონაბადის ორდენის) შესახებ, განაცხადა, რომ აღნიშნული მიმდინარეობის ძირითადი ეთიკური ღირებულებებია: ალტრუიზმი (სხვათა ინტერესების საკუთარზე წინ დაყენება); გულუხვობა; სულიერი ხედვის სიდიდე და რელიგიური შემწყნარებლობა. როგორც ყველა სუფისტი, გონაბადის მიმდევრებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად, შინაგან სულიერ წეს-ჩვეულებებს და ღმერთთან ურთიერთობას. თუმცა, სხვა სუფისტური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, გონაბადი დერვიშებს მათი ლიდერისგან აკრძალული აქვთ ასკეტიზმი და გარესამყაროსგან გამიჯვნა.

გუნაბადი სუფისტები რჩებიან ისლამური რესპუბლიკის ფუნდემატალური იდეოლოგიის მხარდამჭერებად, რადგან აღნიშნული პოლიტიკური პოზიცია თანხვედრაშია ორდენის იდეოლოგიასთან, კერძოდ, ისლამური სწავლებების ნომოცენტრული მხარის დაცვისა (ჰიფზ-ი ზჰაირ) და უშუალოდ შარიათთან დაკავშირებული საკითხებისადმი ყურადღების კუთხით.

გონაბადის მიმდინარეობის პირველი პრინციპი არის „მორჩილება“ ქუტბის მიმართ, რომელიც ორდენის მოქმედ მეთაურს წარმოადგენს და მიჩნეულია „დედამიწაზე იმამის წარმომადგენლად“. ორი წყაროს ცნობით, აღნიშნული პრინციპი წინააღმდეგობაში მოდის შიიტურ მუტჯაჰიდის ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც სწორედ მუტჯაჰიდი არის ღმერთსა და ადამიანს შორის დამაკავშირებელი.

თუმცა, გონაბადი დერვიშების ძირითადი ლოცვები და რიტუალები შიიტური ისლამის შესაბამისი რიტუალების იდენტურია (რიტუალური ლოცვა 5-ჯერ დღეში; რამადანის დროს მარხვა და მოწყალების გაცემა).

ორდენის წევრები ყოველკვირეულად იკრიბებიან „ჰოსეინიჰეებში“, რაც მათ სალოცავ ადგილებს წარმოადგნეს. ცნობების მიხედვით, შეკრებები როგორც წესი, იმართება ხუთშაბათ ან კვირა დღეს, რომლის დროსაც მრევლი ლოცულობს და უსმენს ქადაგებებსა და მუსიკას. შეკრებები ერთი საათიდან სამ საათამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქალები და კაცები განცალკევებით იმყოფებიან წირვის დროს.

იერარქია გონაბადის ორდენში შემდეგია: ორდენის სათავეში დგას დიდი მაგისტრი იგივე კუტბ ან პირ. მას ექვემდებარება 5 ან 6 შეიხი (სულიერი ლიდერი), რომელიც უფლებამოსილია, ახალწვეულები მიიღოს ორდენში. შეიხებს ექვემდებარებიან წირვის ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ წირვებს „ლოჟებში“ (სალოცავ ადგილებში). თითოულ „ლოჟას“ საკუთარი წირვის ლიდერი ყავს (დაახლოებით, 30), ხოლო რამდენიმე მათგანს – შეიხი.

იერარქიის საბოლოო რგოლს წარმოადგნენ მრევლი დერვიშები ან ორდენის წევრები. ორდენის დაფინანსება ხდება ინდივიდუალური შემოწირულობებით, მათ შორის როგორც ფულადი, ასევე უძრავი ქონების (მაგ. მიწა, სახლი) სახით.

სტატიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, დიდი მაგისტრის წოდება მემკვიდრეობით გადაიცემა. 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ირანის გონაბადი ორდენის მოქმედი მაგისტრი არის ნურ ალი ტაბანდეჰ (Nour Ali Tabandeh).[2]

ინფორმაცია დერვიშთა წევრების მდგომარეობის (უსაფრთხოების კუთხით) შესახებ ირანში

ა.შ.შ. სახემწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ 18 ნოემბერს, გონაბადი დერვიში მოჰამედ ეშაქაბადი გარდაიცვალა  რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამას გარდა, გონაბადის მიმდევრებს – კაზემ დეჰგჰანისა და სალაჰადინ მორადის ბრალი დასდეს ისეთი არალეგალური ჯგუფის წევრობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლებას ან/და მის თეოლოგიურ პოლიტიკას, ასევე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში.

თებერვალში კავარში მცხოვრებ 7 დერვიშს სპეციალურმა სასამართლომ მიუსაჯა შიდა გადასახლება (ქვეყნის ტეროტორიაზე), ბრალდებებს შორის, სხვებთან ერთად, იყო „მოჰარებეჰ“ ანუ „ღვთის მტრობა“.

ხელისუფლება უზღუდავდა გონაბად დერვიშებს უფლებას, ესწავლათ ან ესწავლებინათ უნივერსიტეტებში. მაგალითად, პროფესორ შარამ პაზოუკის აეკრძალა აზადის უნივერსიტეტში სწავლების უფლება მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს მისი კავშირები გონაბადი დერვიშების თემთან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ირანის შესახებ ყოვეწლიურ, 2017-18 წლების ანგარიშში წერს, რომ გონაბადი დერვიშების მიმართ გამოიყენებოდა დაპატიმრებები და, ასევე, ხდებოდა მათ სალოცავ ადგილებზე თავდასხმა. რამდენიმე მათგანი თვითნებურად იქნა გათავისუფლებული სამუშაო ადგილიდან, ხოლო ზოგიერთს არ მიეცა საშუალება, სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლეს სასწავლებელში.[4]

Freedom House ირანის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლა სუფისტურ ორდენ – ნემათოლაჰი გონაბადიზე. ადგილი ჰქონდა ორდენის სალოცავი ადგილების განადგურებისა და  წევრების დაპატიმრებების ფაქტებს.[5]

Human Rights Watch 2018 წლის 15 მარტის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ თებერვლის ბოლოს, თეირანში დააკავეს დერვიშთა ნემათოლაჰი გონაბადის უმცირესობის დაახლოებით 300 წარმომადგენელი, მათ შორის 60 ქალი, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სცადა აქციის ძალისმიერი გზით დაშლა. შეხლა-შემოხლის შედეგად, ათობით სამოქალაქო დაშავდა, ხოლო დაიღუპა 3 პოლიციელი და 1 ბესიჯის წევრი.  9 მარტის მდგობარეობით, 130 დერვიში კვლავ რჩებოდა პატიმრობაში, უმრავლესობა – ფაშაფოიეჰის ციხეში.

დერვიშთა საპროტესტო აქციები მანამდე, 4 იანვარს დაიწყო ჩრდილოეთ თეირანის უბან ფასდარანში. აქციის მონაწილეები შიშობდნენ, რომ დაზვერვის წარმომადგენლები ცდილობდნენ, მოეწყოთ კიოსკი მიმდიბარე ტერიტორიაზე, რათა ეთვალთვალათ ორდენის ლიდერის – ნურ ალი ტაბანდეჰის საცხოვრებლისთვის.

4 თებერვალს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და დერვიშებს შორის მოხდა მცირე დაპირისპირება, რაც მალევე აღმოიფხვრა პოლიციის ჩარევის შედეგად. მოგვიანებით, თეირანის პოლიციის უფროსმა პრესას განუცხადა, რომ არ აპირებდნენ დერვიშთა თემთან დაპირისპირებას.

20 თებერვალს გავრცელა ვიდეო, სადაც საავადმყოფოში მოთავსებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც დერვიში მოჰამედ სალლასი, ყვება, თუ როგორ შევარდა ავტობუსით პოლიციელების რიგებში, თუმცა არავის მოკვლის სურვილი არ ამოძრავებდა. 11 მარტს სასამართლო პროცესზე მას ბრალი დასდეს 3 პოლიციელის მკვლელობაში. სალასმა განაცხადა, რომ მას პოლიციელები თავს დაესხნენ და თავის არეში ბევრი ჭრილობა მიაყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

4 მარტს, პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – მოჰამედ რაჯის ოჯახს აცნობა, რომ ის გარდაიცვალა. ოჯახის წევრებო მედიასთან ინტერვიუებში აცხადებნენ, რომ დაპატიმრებისას, რაჯი ცოცხალი, თუმცა მძიმედ დაშავებული იყო. ანონიმური წყაროს ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპატიმრებებით დაემუქრნენ რაჯის ოჯახის წევრებს, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე კიდევ ისაუბრებდნენ მედიასთან.[6]

Human Rights Watch 2018 წლის 18 ივნისის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ ზემოხსენებული მოჰამედ სალასი 18 ივნისს სიკვდილით დასაჯეს. სალასს მსჯავრი დაედო მიუხედავად სერიოზული ვარაუდისა, რომ ის აწამეს, რათა მიეღოთ აღიარებითი ჩვენება.[7]

Human Rights Watch ირანის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის მარტში, სიკვდილით დასაჯეს დერვიში მოჰამედ სალასი, რომელსაც მსჯავრი დაედო იმ ავტობუსის სავარაუდო მართვაში, რომელმაც იმსხვერპლა 3 სამართალდამაცავის სიცოცხლე. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მაისიდან მოყოლებული, ირანის სასამართლოებმა დერვიშთა ტემის 208 წევრს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და თუ სხვა ტიპის სასჯელი.[8]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „Iran’s ‘year of shame’: More than 7,000 arrested in chilling crackdown on dissent during 2018“ წერს, რომ ირანის ყველაზე დიდი სუფისტური მიმდინარეობის – გონაბადი დერვიშების წინააღმდეგ მთავრობამ მასშტაბური სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს. დააპატიმრეს ასზე მეტი ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტ პირს მიესაჯა ისეთი სასჯელები, როგორიცაა – გამათრახება, „შიდა გაძევება“ (ანუ გაძევება ქვეყნის ერთი მხრიდან მეორეში), გადაადგილების აკრძალვა და ასევე აკრძალვა, რომელიც არ აძლევს დერვიშებს საშუალებას, შეურთდნენ რომელიმე პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფს.

ანგარიშში ასევე საუბარი იყო ჟურნალისტ მოსტაფა აბდიზე, რომელიც წარმოადგენდა გამოცემა „მაჯზობაან-ე-ნოორ“ის ადმინისტრატორს. აღნიშნული გამოცემა აშუქებდა დერვიშთა წინააღმდეგ მიმართულ უფლებადარღვევებს. ზემოხსენებულ პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 26 წლისა და 3 თვის ვადით; 148 მათრახი და კიდევ სხვა ტიპის სასჯელი.[9]

[1] Encyclopedia Britannica – “Dervish”, available at https://www.britannica.com/topic/dervish [accessed 12 February 2019]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Information about the Gonabadi dervishes, including their origin, history in Iran, leaders, ideology, practice; and the treatment of dervishes and their family members by society and authorities in Iran, including whether dervishes can practice their faith in Iran (1965-2014), 23 September 2014, IRN104957.E, available at: http://www.refworld.org/docid/551e5dd14.html [accessed 12 February 2019]

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iran, 15 August 2017, available at: http://www.refworld.org/docid/59b7d89912.html [accessed 12 February 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a9938e84.html [accessed 12 February 2019]]

[5] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a65b23c3.html [accessed 13 February 2019]

[6] Human Rights Watch, Iran: Crackdown on Dervish Minority, 15 March 2018, available at:

[accessed 13 February 2019]

[7] Human Rights Watch, Iran: Dervish member executed, 18 June 2018, available at:

[accessed 13 February 2019]

[8] Human Rights Watch – World Report 2019 – Iran.  available at

[accessed 13 February 2019]

[9] Amnesty International – “Iran’s ‘year of shame’: More than 7,000 arrested in chilling crackdown on dissent during 2018 available at https://www.amnesty.org/en/latest/news/2019/01/irans-year-of-shame-more-than-7000-arrested-in-chilling-crackdown-on-dissent-during-2018/ [accessed 13 February 2019]