უკრაინა. იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. თებერვალი, 2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) უკრაინის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მთავრობა თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა, დაბრუნებულ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად.

მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ დახმარებას უხდის. აღნიშნულ დახმარებას იღებენ მხოლოდ ის პირები, ვინც რეგისტრირებულები არიან დევნილებად. კანონის თანახმად, დევნილები ყოველთვიურად იღებენ 880 გრივნას (32 აშშ დოლარი) ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის და 440 გრივნას (16 აშშ დოლარი) შრომისუნარიანი პირებისთვის. საერთო ჯამში, ოჯახს მაქსიმუმ შეუძლია მიიღოს 2 400 გრივნა (89 აშშ დოლარი) თვეში. კანონის თანახმად, მთავრობა ვალდებულია დევნილები უზრუნველყოს განსახლებით, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს აქვთ კარგი ხელმისაწვდომობა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

სოციალური პოლიტიკის სამინისტრო აჩერებს შემწეობების გაცემის პროცესს იმ დევნილებისთვის, რომლებიც 2 თვეზე მეტი ხნით გადიან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. შემწეობის აღდგენა ხდება პირის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის დადასტურების შემდეგ. შემწეობის შეჩერების პროცესი შეეხო ბევრ დევნილს, როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებად ასევე რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ პროცესის მიმართ აღმოჩნდნენ მოხუცები და შშმ პირები, რომელთაც გადაადგილების შეზღუდული რესურსის გამო, უჭირდათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დევნილთა 59% მთავრობისგან მიღებულ დახმარებაზეა დამოკიდებული და სოციალური შემწეობა მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. გამოკითხულ დევნილთა 20% აღნიშნავდა, რომ მათთვის სოციალური შემწეობის გაცემა შეუჩერებიათ.

დევნილთა ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია სამთავრობო სტრატეგიის ნაკლებობითა და ფინანსური რესურსების არ არსებობით. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს დევნილთა ეკონომიკურ და სოციალურ მარგინალიზაციას. არა სამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები, დაეხმარონ დევნილებს, შეზღუდულია. გაეროს სააგენტოების ინფორმაციით, დევნილების ნაკადებმა გაზარდა დაძაბულობა რესურსებისთვის ბრძოლის გამო. კრიტიკოსები დასავლეთში გადაადგილებულ პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ედავებიან; კიევსა და ლვოვში იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. სამუშაო ადგილების დეფიციტი და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებით გავლენას ახდენს დევნილებზე და აიძულებს მათ უმეტესობას იცხოვრონ არა ადეკვატური განსახლების პირობებში, როგორიცაა კოლექტიური ცენტრები და სხვა დროებითი საცხოვრისები. სხვა დევნილები რჩებიან მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან და კერძო საცხოვრებლებში, სადაც ხანდახან, ასევე ცუდი პირობებია.

დევნილთა ნაწილს, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არ აქვთ შესაბამისი სანიტარული პირობები, თავშესაფარი და წვდომა სასმელ წყალზე. დევნილები კვლავ აწყდებიან პრობლემებს განათლების, ჯანდაცვის და დოკუმენტაციაზე წვდომის კუთხით. არა სამთავრობო ორგანიზაციები დასაქმებისას დევნილთა მიმართ დისკრიმინაციაზეც საუბრობენ.[1]

2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში 1 355 375 იძულებით გადაადგილებული პირია. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მათ დასახმარებლად 2019 წელს 165 მილიონ აშშ დოლარამდე დახმარების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირება ხდება ექვსი ჯგუფის მეშვეობით: თავშესაფრისა და არა საკვები ნივთებით დახმარების ჯგუფი; დაცვის ჯგუფი; ჯანდაცვისა და კვების ჯგუფი; განათლების ჯგუფი; წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ჯგუფი და სურსათის უსაფრთხოებისა და შემოსავლის წყაროების ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფებში გაერთიანებული ორგანიზაციები ერთობლივად ახდენენ სიტუაციის ანალიზს და კოორდინირებულად გეგმავენ ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამებს. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისთვის ხდება საკვები და არა საკვები ნივთების, თავშესაფრისთვის საჭირო მოწყობილობების, სამედიცინო, ფსიქო-სოციალური დახმარების, საგანმანათლებლო და ჰიგიენური კომპლექტების დარიგება. გარდა ამისა, ხდება სასმელი წყლითა და ნაღდი ფულით დახმარების გაწევაც. სხვა ჰუმანიტარული დახმარება გულისხმობს ფერმერული საქმიანობის ხელშეწყობას, ნაღმებისგან ტერიტორიების გასუფთავებასა და ნაღმების მიმართულებით არსებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.[2]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2019 წლის იანვრის ანგარიშში წერს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარების შესახებ. 2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია 300 ათასამდე დევნილს, 15 ათასზე მეტ დევნილს დაეხმარა შემოსავლის წყაროების გაჩენის კუთხით და 4 500-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს დაეხმარა თემის განვითარების პროექტებით. აღნიშნული დახმარება ორგანიზაციამ განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Ukraine, 20 April 2018

 [accessed on 20 February 2019]

[2] UN Office for the Coordination of Humanitarian Affairs OCHA; Situation Report: Ukraine – 18 February 2019; available at: https://reliefweb.int/report/ukraine/situation-report-ukraine-18-feb-2019 [accessed 20 February 2019]

[3] International Organization for Migration; IOM’s assistance to Conflict-Affected People in Ukraine – Monthly Report (January 2019); 31 January, 2019; available at: https://reliefweb.int/report/ukraine/iom-s-assistance-conflict-affected-people-ukraine-monthly-report-january-2019 [accessed 20 February 2019]