ავღანეთი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლოგარის პროვინციაში. მარტი, 2019

ამბოხებულები ლოგარის პროვინციაში – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი თავის უკანასკნელ ანგარიშში ავღანეთის პროვინციებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია 2018 წლის მაისში, წერს, რომ ლოგარის პროვინციის უმეტეს ნაწილში დაჯგუფება „თალიბანი“ დიდი აქტიურობით (რაიონებზე იერიშები ხორციელდება მინიმუმ კვირაში ორჯერ) გამოირჩევა და აქ დაჯგუფება დიდი რაოდენობის ფიზიკური ძალითაა წარმოდგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს აზრას რაიონი, რომელიც საშუალო აქტივობით ხასიათდება (თვეში მინიმუმ სამი იერიში) და ხოში, სადაც აქტივობა დაბალია (მინიმუმ ერთი იერიში სამ თვეში). „თალიბანის“ მებრძოლები აქტიურები არიან პროვინციის სხვადასხვა რაიონში. პროვინციაში წარმოდგენილია და ლოგარში იერიშებს ახორციელებს ასევე „ჰაქანის ქსელი“. 2017 წლის მაისში გავრცელებული ინფორმაციით, ლოგარის პროვინციაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია“ ცდილობდა ახალგაზრდების რეკრუტირებას. 2017 წლის ნოემბერში, პროვინციის გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს 11 ჩეჩენი და მათი ოჯახის წევრები. სავარაუდოდ, ისინი ლოგარში მეზობელი ნანგარჰარის პროვინციიდან გადავიდნენ, სადაც „ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია“ აქტიურია.[1] ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს დაჯგუფებამ საკუთარი ბაზა ლოგარის პროვინციაშიც დააფუძნა.[2]

სამთავრობო ძალები და სამხედრო ოპერაციები ლოგარში – სამხედრო ოპერაციები ლოგარის პროვინციაში რეგულარულად ტარდება; აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში მოხდა „თალიბანის“ ლიდერებისა და „ჰაქანის ქსელის“ ლიდერების ლიკვიდაცია. პარალელურად, ხორციელდება საჰაერო იერიშები, რომელთაც ასევე ეწირებიან ამბოხებულები. ლოგარში ადგილი აქვს შეტაკებებს ამბოხებულებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტენდენციები და გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე – ლოგარის პროვინცია ქაბულის გარე რაიონებს ესაზღვრება, ამიტომ აქ დიდ ბრძოლებს აქვს ადგილი „თალიბანსა“ და უსაფრთხოების ძალებს შორის. 2017 წელს ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ აღწერა 148 მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის (მათგან 67 დაიღუპა და 81 დაშავდა). აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 35%-ით დაბალია. მსხვერპლთა უმეტესობა შეეწირა სახმელეთო ოპერაციებს, საჰაერო იერიშებს და მიზნობრივ და განზრახ მკვლელობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა გახშირდა 2017 წელს, 66%-ით შემცირდა სახმელეთო ოპერაციების მსხვერპლთა რაოდენობა – 35 (11 დაღუპული და 24 დაშავებული).

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისი 2017 წლის რუქაში, რომელიც სამი ინდიკატორის (უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის და კონფლიქტით გამოწვეული გადაადგილება) მიხედვითაა შედგენილი, ლოგარის პროვინციის ცენტრალურ რაიონებს – პულე ალამი, ბარაკი ბარაკი და ჩარხი – სიმძიმის მეორე უმაღლეს კატეგორიაში ამწესებს, ხოლო მოჰამად აღას რაიონი ერთი საფეხურით ქვევითაა. აზრას, ხოშისა და ხარვარის რაიონები ორ ყველაზე დაბალი სიმძიმის კატეგორიებში არიან. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, მედია საშუალებებისა და ინციდენტთა გლობალური რუქის მიერ აღწერილი იქნა ამბოხებულების აქტივობებთან დაკავშირებული 140 ინციდენტი.

კონფლიქტის გავლენა კანონზე, წესრიგსა და სერვისებზე – ლოგარის პროვინცია ზედიზედ სამი წელი (2015 – 2017) „ყაყაჩოსგან თავისუფალი“ პროვინციის სტატუსით სარგებლობს; რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროვინციაში არ ხდება ოპიუმის წარმოებისთვის ყაყაჩოს კულტივაცია. წყაროები არ აფიქსირებენ ამ მხრივ ვითარების ცვლილებას.

გენდერთან დაკავშირებით კონსერვატული ხედვისა და უსაფრთხოების დაბალი მაჩვენებლის გამო ბევრი გოგონა ლოგარის პროვინციაში განათლების გარეშე რჩება; პროვინციაში გოგონების მხოლოდ 7% ამთავრებს სკოლას. პროვინციის ზოგიერთ ნაწილში „თალიბანი“ ცდილობს, სკოლებში საკუთარი რელიგიური ხედვები დანერგოს.[3]

„თალიბანის“ თავდასხმები სკოლებზე და შეზღუდვები სასწავლო პროცესზე“ – ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ აღწერა ინციდენტები, როდესაც თალიბანი, მთავრობის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, ემუქრებოდა, ხურავდა, წვავდა ან სარაკეტო იერიშებს ახორციელებდა სკოლებზე. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, ლოგარში საერთაშორისო ძალებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი ოპერაციების საპასუხოდ, „თალიბანმა“ ორი კვირით დახურა ბიჭების 34 და გოგონების 5 სკოლა მოჰამად აღას რაიონში არსებული 64 სკოლიდან. გარდა ამისა, მათ დაწვეს 2 შერეული დაწყებითი სკოლა პულე ალამის რაიონში.

2018 წლის 26 აგვისტოს „თალიბანმა“ ლოგარის პროვინციის ბარაკი ბარაკის რაიონში შეკრიბა გოგონათა სკოლების დირექტორები და განაცხადა, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ქალი მასწავლებლები და მეშვიდე – მეთორმეტე კლასის ჩათვლით გოგო მოწაფეები აღარ ივლიდნენ სკოლაში. აღნიშნულმა გამოიწვია სწავლების შეჩერება მეექვსე კლასს ზევით გოგო მოსწავლეებისთვის და მეექვსე კლასამდე გოგონებისთვის ქალი მასწავლებლები ჩანაცვლდა მამაკაცი მასწავლებლებით.[4]

იძულებითი გადაადგილება – გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის მონაცემებით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 26 მარტამდე პერიოდში ლოგარიდან იძულებით გადაადგილდა 3 168 ადამიანი (1 622 ბარაკი ბარაკიდან, 1 058 ჩარხიდან, 133 ხარვარიდან, 224 ხოშიდან, 89 მოჰამად აღადან და 42 პულე ალამიდან). 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 225 იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა პულე ალამიდან და მოჰამედ აღადან, სადაც ისინი ლოგარის პროვინციის კონფლიქტური რაიონებიდან, მათ შორის ვარდაკიდან და კუნარიდან წავიდნენ. 2018 წლის იანვარში კიდევ 1 050 პირი გადაადგილდა ბარაკი ბარაკიდან და ჩარხიდან პულე ალამსა და მოჰამად აღაში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 147 544 პირი, რაც ლოგარის მოსახლეობის 27%-ია, არის ან იძულებით გადაადგილებული პირი ან უცხოეთიდან დაბრუნებული. მათგან დაახლოებით 18 ათასი პულე ალამში, შაირაქის დასახლებაში ცხოვრობს. 112 285 პირმა, 2012-2017 წლებში დატოვა საკუთარი სახლი; 43 ათასზე მეტი პირი ლოგარის პროვინციიდან (მოსახლეობის 11%) წავიდა საზღვარგარეთ – აღნიშნული რიცხვი მეორე უმაღლესი პროპორციული შეფარდებაა ფარაჰის შემდეგ.[5]

შეჯამება – ლოგარის პროვინცია ქაბულს ესაზღვრება. პროვინციაში დიდი ფიზიკური ძალითაა წარმოდგენილი „თალიბანი“ და დაჯგუფება საკმაოდ აქტიურია პროვინციის უმეტეს ტერიტორიაზე. გარდა „თალიბანისა“ ლოგარში წარმოდგენილია „ჰაქანის ქსელი“ და „ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია“. პროვინციაში რეგულარულად მიმდინარეობს სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაციები. 2017 წელს პროვინციაში შეინიშნებოდა საბრძოლო მოქმედებების მატება, თუმცა, ამავდროულად, შემცირდა მსხვერპლის რაოდენობა. ლოგარი ყაყაჩოს კულტივაციის პროცესისგან თავისუფალი პროვინციაა. დიდია იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა როგორც პროვინციის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. „თალიბანი“ აქტიურად ებრძვის საგანმანათლებლო პროცესს.

[1] EASO – European Asylum Support Office: Afghanistan Security Situation – Update, May 2018

 (accessed on 4 March 2019)

[2] ACCORD; General Security Situation in Afghanistan and Events in Kabul; 25 February, 2019; available at: https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/general-security-situation-in-afghanistan-and-events-in-kabul/ [accessed 4 March 2019]

[3] EASO – European Asylum Support Office: Afghanistan Security Situation – Update, May 2018

 (accessed on 4 March 2019)

[4] UNAMA; Afghanistan; Protection of Civilians in Armed Conflict; Annual Report 2018, February 2019

 (accessed on 4 March 2019)

[5] EASO – European Asylum Support Office: Afghanistan Security Situation – Update, May 2018

 (accessed on 4 March 2019)