სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. აპრილი, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს დამასკოს მიმდებარე აღმოსავლეთ გოუტასა და დარაა-ს რეგიონებზე. თუმცა, მთავრობა იმისთვის, რომ ეიძულებინა აჯანყებული ანტი-სამთავრობო ჯგუფები, რომ დანებებულიყვნენ, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: უკანონო ტაქტიკა, აკრძალული იარაღის გამოყენება, განურჩეველი თავდასხმები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, აღმოსავლეთ გჰოუტას სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას 1600-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა დაბომბა 25 სამედიცინო დაწესებულება, 11 სკოლა და უამრავი სხვა სამოქალაქო საცხოვრებელი.

იმ რეგიონებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლისგან გაათავისუფლეს, მაღალი სამოქალაქო დანაკარგები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. გაქცეული ტერორისტების მიერ დამონტაჟებული მიწისქვეშა ნაღმების აფეთქებებს მრავალი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგი კი დასახიჩრდა. ISIS და ალ-ქაიდასთან აფილირებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებდნენ ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ჩადენას, როგორიცაა: სიკვდილით დასჯა, გატაცებები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვები. მაგალითად, 25 ივლისს ISIS-მა მოაწყო რამდენიმე ერთდროული თავდასხმა ალ-სუვეიდას რეგიონში, რასაც შედეგად 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 პირი გაიტაცეს. სახელმწიფო მედია საშუალების ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით ყველა ტყვე გათავისუფლებული იყო.

რახან აქტიური შეიარაღებული მოქმედებები ნაწილობრივ შემცირდა, რუსეთმა და სირიამ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამას გარდა, სირიის მთავრობა მიიღო კონკრეტული კანონები, რითაც ხელს შეუწყობს რეკონსტრუქციას. თუმცა, მიუხედავად ამისა,  სამთავრობო ძალები კვლავ აგრძელებდნენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: თვითნებური დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა, მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია – Syrian Network for Human Rights (SNHR) ცნობით, 30 აგვისტოს მდგომარეობით იძულებით გაუჩინარებულ პირთა რაოდენობა 90 000 აჭარბებდა, რომელთა უმრავლესობის შემთხვევაში დამნაშვე სირიის მთავრობა იყო.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებას, გაეროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა კიდევ 920 000-ზე მეტი ახალი იძულებითი გადაადგილების შემთხვევა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ან თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; პირთა იძულებითი გაუჩინარებები, წამება; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის – ინტერნეტსა და პრესაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები და ა.შ.

მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯებს ზემოხსენებულ უფლებადარღვევების გამოძიების და დამნაშავე პირების დასჯის კუთხით. ამას გარდა, მთავრობასთან აფილირებული გასამხედროებული ჯგუფები  ჩადიოდნენ ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა მასობრივი ხოცვა; განურჩეველი მკვლელობები; სამოქალაქო პირთა გატაცებები და ა.შ. ანალოგიურად, გარკვეული სამართალდარღვევები ფიქსირდებოდა აჯანყებული ჯგუფების და ქურთული შეიარაღებული ძალების მხრიდან.[2]

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი (SHRC) ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად მსხვერპლის სტატისტიკას. მაგალითად, 2019 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე დღეს დაღუპულთა რიცხვი იყო 5 პირი, რომელთაგან 4 იდლიბში მიმდინარე დაბობმვამ იმსხვერპლა.[3] 12 მარტს გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ადამიანს შედგენდა, რომელთა რიგებშიც იყვნენ ქალი  და ბავშვი. ზემოხსენებული გარდაცვლილებიდან 5 პირი ალეპოსა და იდლიბში დაბომბვებს ემსხვერპლა, ხოლო 4 – საპატიმრო დაწესებულებაში სამთავრობო ძალების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა.[4]  16 მარტს დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, რომელთაგან 5 ბავშვი, ხოლო 18 კი – ქალი იყო.[5]

[1] Human Rights Watch – World Report 2019 – Syria, available at https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/syria [accessed 2 April 2019]

[2] United States Department of State – Annual report on human rights in 2018 – available at

[accessed 2 April 2019]

[3] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 11-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32159 [accessed 2 April 2019

[4] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 12-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32163 [accessed 2 April 2019]

[5] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 16-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32181 [accessed 2 April 2019