ავღანეთი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება პარვანის პროვინციაში. აპრილი, 2019

ამბოხებულთა ჯგუფები პარვანის პროვინციაში – თალიბანის მებრძოლები აქტიურები არიან პარვანის პროვინციის გარე რაიონებში. 2017 წლის ნოემბერში სეიაგერდ/გორბანდისა და შინვარის რაიონები უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად ითვლებოდა. 2018 წლის იანვრის კვლევის მიხედვით, თალიბანს ჰქონდა „საშუალო“ აქტივობა და წარმომადგენლობა (რაიონებზე იერიშები ხორციელდება მინიმუმ სამჯერ თვეში) გორბანდის რაიონში. „დაბალი“ აქტივობა და წარმომადგენლობა (რაიონებზე იერიშები ხორციელდება მინიმუმ ერთხელ სამ თვეში) ჰქონდა თალიბანს შინვარში, სალანგში, ჯაბალუსარაიში, ბაგრამსა და კოჰ-ე საფში. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ინციდენტები (შეტაკებები ქაბულთან საზღვარზე) დაფიქსირდა სხვადასხვა წყაროს მიერ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში.

სამთავრობო ძალები და სამხედრო ოპერაციები პარვანში – 2017 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში ავღანეთის ეროვნულმა უსაფრთხოების ძალებმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციები მეამბოხეთა წინააღმდეგ ჯაბალუსარაის რაიონში; ოპერაციას, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობდა დრონების მხარდაჭერით. ოპერაციები ასევე ჩატარდა პროვინციის სხვა რაიონებშიც, რომლის დროსაც მოხდა იარაღის კონფისკაცია და თალიბანის მებრძოლების ლიკვიდაცია. წყაროების ცნობით, პერიოდულად საჰაერო იერიშებიც ხორციელდებოდა. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ტენდენციები და გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე – პარვანის პროვინციის „დაუმორჩილებელ“ და რთულად კონტროლირებად რაიონებში ადგილი ჰქონდა გზებზე ნაღმების ამოქმედებას, თვითმკვლელი მოიერიშეების შეტევებს, მიზნობრივ მკვლელობებს და სხვა შეტევებს, რაც საპასუხოდ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს იწვევდა. პროვინციის სხვადასხვა ნაწილში, ხანდახან, თალიბანის მებრძოლები იერიშებს ახორციელებდნენ უსაფრთხოების ძალებზე.

გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის ინფორმაციით, პარვანის პროვინციაში 2017 წელს 77 სამოქალაქო პირი დაზარალდა: მათგან 20 მოკლეს და 57 დაშავდა, ძირითადად მიწის ნაღმებისა და ფეთქებადი ნარჩენების გამო; ასევე, მიზნობრივი და განზრახ მკვლელობების და სახმელეთო ოპერაციების შედეგად. 2017 წლის მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 31%-ით ნაკლები იყო.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის მონაცემებით, კონფლიქტის სიმძიმის მიხედვით (სიმძიმის ხარისხის დადგენისას გამოიყენება სამი კომპონენტის ერთობლიობა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, მსხვერპლი და კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილება), სეიაგერდ/გორბანდის რაიონი მეორე უმაღლეს კატეგორიაში მოხვდა, შინვარი და ბაგრამი კი საშუალო კატეგორიაში. სხვა დანარჩენი რაიონები ბოლო ორ კატეგორიაში გადანაწილდნენ.

2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში, პარვანის პროვინციაში, მედია საშუალებებმა მეამბოხეებთან დაკავშირებული 54 ინციდენტი დააფიქსირეს.

2017 წლის სექტემბერში, აშშ-ის დრონებმა პარვანის პროვინციაში ლიფლეტები ჩამოყარეს, რომლის შინაარსი ისლამის შეურაცხყოფად იქნა აღქმული. ამის შემდეგ თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ბაგრამის სიახლოვეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ შეტევაზე, რომლის დროსაც 6-მდე სამოქალაქო პირი დაშავდა. თალიბანის განცხადებით, იერიში იყო პასუხი ისლამის შეურაცხყოფისთვის. ერთი კვირის შემდეგ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის სამიზნესაც საერთაშორისო სამხედრო კოლონა წარმოადგენდა; ინციდენტის შედეგად დაშავდა 6 საერთაშორისო სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი.

2017 წლის სექტემბრის ბოლოს თალიბანმა დაიწყო კოორდინირებული იერიშები უსაფრთხოების პოსტებზე სეიაგერდ/გორბანდის რაიონში და რამდენიმე მათგანი გაანადგურა. ტერიტორიისთვის შემდგომი ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა და ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. წყაროების ინფორმაციით, თალიბანის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი გოგონა დაიღუპა და კიდევ 7 პირი დაშავდა. მედია საშუალებების ინფორმაციით, თალიბანის მებრძოლებმა, ასევე, აწამეს ხალხი და გაძარცვეს მათი სახლები.

2017 წლის ნოემბერში, პროვინციის დედაქალაქ ჩაჰრიკარში, დანაღმული მანქანების აფეთქების შედეგად 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 250მდე დაშავდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დანაღმულ მანქანას სამგზავრო ავტობუსმა ჩაუარა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ზოგიერთი მედია საშუალებების ცნობით, აღნიშნული ინციდენტისას 15 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

2017 წლის ნოემბერში მიზნობრივი იერიშების ობიექტები სახელისუფლებო თანამდებობის პირები ხდებოდნენ; გზაზე ამოქმედებულმა ბომბმა პარვანის განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე შეიწირა; ინციდენტისას თავად დეპარტამენტის დირექტორი დაშავდა. 2018 წლის თებერვალში უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის 5 თანამშრომელი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს; ინციდენტი ბაგრამში მოხდა.

პარვანის პროვინცია ერთერთია ოპიუმისგან თავისუფალ პროვინციებს შორის.[1]

გაეროს გენერალური მდივნის ავღანეთში არსებული ვითარების თაობაზე 2019 წლის 28 თებერვლის ანგარიშში პარვანის პროვინციის შესახებ წერია, რომ 2018 წლის ნოემბრის ბოლოს პარვანის პროვინციის ჯაბალუსარაის რაიონში, ადგილობრივმა მოსახლეობამ დემონსტრაციებით გააპროტესტა სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვა.[2]

გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის 2019 წლის თებერვლის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ქვეყნის 34-ვე პროვინციაში სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ. 2018 წლის განმავლობაში, პარვანის პროვინციაში 41 სამოქალაქო პირი დაზარალდა (20 დაიღუპა და 21 დაშავდა). ამ მაჩვენებლით, დანარჩენ პროვინციებს შორის, პარვანი 30-ეა. უფრო ნაკლები მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის დაფიქსირდა დაიკუნდში, ნურისტანში, ბამიანსა და პანჯშირში. 2018 წლის მონაცემები 47%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.[3]

გადაადგილება – გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში, პარვანში 6,632 იძულებით გადაადგილებული პირი იყო, მათგან 6,531 სეიაგერდ/გორბანდის და 101 შინვარის რაიონებიდან. 2017 წლის სექტემბერში მომხდარი მძიმე შეიარაღებული შეტაკებების დროს, დაახლოებით 1,750 პირი შინვარისა და სეიაგერდ/გორბანდის რაიონიდან, რაიონის შიგნითვე მდებარე სოფლებში გადაადგილდა. 2018 წლის მარტში, ჩაჰრიკარში, ჯაბალუსარაისა და ბაგრამში 350 ოჯახი გადაადგილდა სხვა არა-უსაფრთხო 5 პროვინციიდან და ასევე სამანგანის რაიონიდან და გორბანდის ხეობიდან.[4]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Afghanistan, Security Situation – Update; May, 2018; available at:

[accessed 7 April 2019]

[2] UN; Report of the Secretary-General; The situation in Afghanistan and its implications for international peace and security; 28 February, 2019; available at:

[accessed 7 April 2019]

[3][3] UNAMA; Afghanistan, Protection of Civilians in Armed Conflict; Annual Report 2018; February, 2019; available at:

[accessed 7 April 2019]

[4] EASO; Country of Origin Information Report; Afghanistan, Security Situation – Update; May, 2018; available at:

[accessed 7 April 2019]