ერაყი. სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აპრილი, 2019

ერაყში სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური საზოგადოებაა თავმოყრილი. 2017 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ერაყის მოსახლეობის 97% მუსლიმია; შიიტი მუსლიმები (ძირითადად არაბები, თუმცა მათ შორის თურქმენები, ფეილი ქურთები და სხვებიც არიან) 55-60%-ია. სუნიტების რაოდენობა 40%-მდეა; მათგანი სუნიტი ქურთების წილი 15%-ია, არაბები 24% და თურქმენები – 1%. შიიტები ძირითადად განსახლებულნი არიან ერაყის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, ასევე, უმრავლესობაში არიან ბაღდადში და საზოგადოებების დონეზე წარმოდგენილნი არიან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. სუნიტები უმრავლესობაში არიან დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.[1]

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა ძირითადად სუნიტური რაიონები იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო სუნიტური მოსახლეობის, ძირითადად ტომების მობილიზება დაჯგუფებასთან საბრძოლველად. აღნიშნული მიმართულებით ყველაზე დიდი რეკრუტირება მოხდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ტომთა სამობილიზაციო ძალებში. 2015 წლის დეკემბერში პრემიერმა აბადიმ 40 ათასი სუნიტი მებრძოლის სახალხო მობილიზაციის ძალებში ინტეგრირება მოახდინა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო ანბარსა და ნინევაში; სხვა ნაწილი კი სალაჰადინსა და სხვა გამოთავისუფლებულ ზონებში.

სხვადასხვა ექსპერტი აღნიშნავს დემოგრაფიული ჰომოგენიზმის ზრდას სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, სუნიტი არაბების დაბრუნების დაბალ მაჩვენებელში, რომლებიც უფრთხიან თვითნებურ დაკავებებს და გამოძალვას.

2014-2017 წლებში დაფიქსირდა 74 შემთხვევა, როდესაც ძირითადად ერაყის უსაფრთხოების ძალები, ქურთული ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები სჩადიოდნენ იძულებით გაუჩინარებებს. 2017 წლის განმავლობაში თითქმის ყველა შემთხვევაში ძალადობის ობიექტი სუნიტი არაბი მამაკაცები იყვნენ, რის საფუძველსაც წარმოადგენდა შეტაკებები „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რაც იწვევდა დაკავებებს, დაპატიმრებებს და გაუჩინარებებს.

„Human Rights Watch“-ის მოსაზრებით, ერაყში სუნიტი არაბების მიმართ არის ზოგადად გავრცელებული შეხედულება, რომ ისინი კვლავ რისკის მატარებლები არიან. მაგალითად, ბაღდადიდან სალაჰადინში, ანბარში, დიალასა და კირკუკში მგზავრობისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, სუნიტი არაბები დიდი რისკის წინაშე დგანან. ანბარში არის რამდენიმე საკონტროლო- გამშვები პუნქტი, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. სუნიტი არაბები უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან იმ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც მცირე დასახლებებში ან ანბარსა და ჰავიჯაში მდებარეობს, ვიდრე ბაღდადში, სადაც პირი შეიძლება ნაკლებად ამოცნობადი იყოს. რისკის ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული თუ რომელი ძალა აკონტროლებს ტერიტორიას.

ანბარი

ანბარის პროვინცია ძირითადად სუნიტებით დასახლებული რეგიონია. ანბარის სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურა ტრადიციულად ეფუძნება ტომებს და ადგილობრივ იერარქიას, სადაც ტომთა ლიდერები და სუნიტი სასულიერო პირები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. 2015 წელს ანბარის პროვინციაში სუნიტურმა ტომებმა ჩამოაყალიბეს პირველი სუნიტური შეიარაღებული დაჯგუფება (ძირითადად მოხალისეობრივ პრინციპებზე), რომლის მიზანს „ისლამური სახელმწიფოს“ საკუთარი ტერიტორიებიდან განდევნა წარმოადგენდა. სუნიტური ტომების დაჯგუფებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, მათ არ მიუღიათ ისეთი ოფიციალური სტატუსი და პრივილეგიები, როგორც ეს შიიტურმა სახალხო მობილიზაციის ძალებმა მიიღეს.

პროვინციაში სხვადასხვა სუბიექტია პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე. მათ შორისაა არმია, პოლიცია, სუნიტური ტომთა დაჯგუფებები და სახალხო მობილიზაციის ძალები. 2017 წლის ოქტომბერში „Human Rights Watch“-მა აღწერა ერთი შემთხვევა, როდესაც ანბარის საოპერაციო სარდლობის მონაწილეობით ადგილი ჰქონდა 8 სუნიტი მამაკაცის გაუჩინარებას საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან; ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გამო გადაადგილდებოდნენ.2018 წლის ნოემბერში ანბარში შეიარაღებულმა პირმა იერიში მიიტანა სუნიტური ტომის დაჯგუფების ოფიცრის სახლზე კარმას რაიონთან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთ ფალუჯაში. ინციდენტის დროს 9 ადამიანი დაიღუპა.

ბაღდადი

ბაღდადის პროვინცია და ქალაქი ბაღდადი შერეული (ძირითადად, სუნიტური და შიიტური მოსახლეობით დასახლებული) რეგიონია, სადაც ასევე ცხოვრობენ ქრისტიანები. მიუხედავად უბნების უმეტესობის შერეული კომპოზიციისა, 2000-იანების კონფესიურმა ძალადობამ გამოიწვია ქალაქ ბაღდადის უფრო დიდი სეგრეგაცია და შიიტების დომინანტობა. 2014 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სუნიტების კონფესიური ნიშნით მკვლელობებს და ამაში უმეტესად შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ. თუმცა, ისეთი მასშტაბის კონფესიური ძალადობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2006-2007 წლებში, აღარ განმეორებულა არც 2014 წელს და არც შემდგომში. მიუხედავად ამისა, წყაროები 2014-2015 წლებში აღნიშნავდნენ სახალხო მობილიზაციის ძალების ჩართულობას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სუნიტების მკვლელობებში, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კონტექსტით ხდებოდა, მათ შორის ბაღდადის ე.წ. ქამრის ზონაში.

დაჯგუფებებს ბაღდადში სუნიტები და სხვა უმცირესობები ხშირად ადანაშაულებენ ისეთი სახის ძალადობაში, როგორიცაა სიკვდილით მუქარები, გატაცებები, მიზნობრივი მკვლელობები, ქონების კანონიერი მესაკუთრეებისგან მითვისება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქმედებების სამიზნეები, მათივე თქმით, შიიტებიც არიან. სუნიტებს და ქრისტიანებს განსაკურებით ეშინიათ, რომ შიიტური დაჯგუფებების მხრიდან გამოძალვის, გატაცების ან ქონების ჩამორთმევის მსხვერპლნი გახდებიან; მათ კი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედების შესაძლებლობა არ აქვთ. ასაფეთქებელი ნივთიერებები ბაღდადში გამოიყენება როგორც კრიმინალური, ასევე პოლიტიკური მიზნებით და კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი სუბიექტების გამოვლენა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სახალხო მობილიზაციის ძალები მჭიდროდაა დაკავშირებული ბანდებთან და მათ შორის განსხვავების პოვნა, ხშირად, შეუძლებელია.

დიალა

დიალას მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონზე ოდნავ მეტია. არაბები, ქურთები და თურქმენები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. თითოეული ეთნოსი მოიცავს როგორც სუნიტებს, ასევე შიიტებს. 2018 წლის განმავლობაში დიალაში 31 მიზნობრივ მკვლელობას ჰქონდა ადგილი; მსხვერპლები იყვნენ ადგილობრივი სოფლის ლიდერები (მუხთარები), ტომების ლიდერები და სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურები. წყაროები აღნიშნავენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან იერიშების შემცირება, რომელიც დიალას პროვინციაში აღინიშნება, შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ სახლში დაბრუნების ნებართვის სანაცვლოდ, სუნიტური ტომები თანამშრომლობენ შიიტური დაჯგუფებებთან და ერაყის სამხედრო ძალებთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. „Human Rights Watch“-ის მკვლევარი აღნიშნავს, რომ დიალას რიგ სუნიტურ ზონებში შიიტური დაჯგუფებები დაბრუნებას უკრძალავენ იმ პირებს, ვისაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მოიაზრებენ.

კირკუკი

კირკუკის მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია. პროვინციაში ცხოვრობენ არაბები, ქურთები, თურქმენები (შიიტი და სუნიტი), ქრისტიანები, იეზიდები, შაბაქები, ჩადო-ასირიელები და სხვა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის ძირითად საყრდენს ჰავიჯას სუნიტური ტომები წარმოადგენდნენ, რომლებიც დიდწილად იყვნენ დაკავშირებულნი ბაასის პარტიასთან და ისინი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. სუნიტური დაუმორჩილებლობა აღნიშნულ რაიონში იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედი.

ჰავიჯაში სუნიტი არაბების შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სახალხო მობილიზაციის ძალებთან და ბადრის ორგანიზაციასთან, აკონტროლებენ რაიონს. ქურთული ძალების წინააღმდეგ განხორციელებულმა შეტევითმა ოპერაციებმა დიდად შეცვალა ძალაუფლების დინამიკა პროვინციაში. არაბებმა და თურქმენებმა უფრო გავლენიანი პოზიციები დაისაკუთრეს, ვიდრე ქურთებმა. რეგიონი უფრო მეტად დაყოფილი და ეთნიკურად ჰომოგენისტური გახდა სუნიტი თურქმენების სასარგებლოდ. 2014 წელს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის შედეგად სუნიტი არაბების სოფლები განადგურდა და სუნიტი არაბები არ ჩქარობენ დაბრუნებას, რადგან ეშინიათ თვითნებური დაკავების და გამოძალვის. წყაროები აღნიშნავენ, რომ კირკუკში ფედერალური პოლიცია, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, ძირითადად, ბაღდადელი, სამხრეთ სალაჰადინელი და სამხრეთ ერაყელი შიიტებისგან შედგება, ვერ სარგებლობს ნდობით ადგილობრივ სუნიტ მოსახლეობას შორის. საპირისპირო ვითარებაა ანტო-ტერორისტული ძალების შემთხვევაში, რომელთაც უფრო პროფესიონალებად მიიჩნევენ.

2018 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც გახშირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მუქარები და ერთერთმა იერიშმა ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, რაქა ატაპასთან მდებარე ძირითადად სუნიტებით დასახლებული სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

ნინევა

ნინევა ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი პროვინციაა ერაყში. სუნიტი არაბები უმრავლესობას შეადგენენ, თუმცა აქ მაცხოვრებელი სხვა ჯგუფები ასევე ფლობენ ძალაუფლებას და გავლენებს. ქურთები დომინანტურ პოზიციაში არიან აკრესა და შეიხანში. ტალაფარში მთავარ ძალას თურქმენები (როგორ სუნიტები, ასევე შიიტები) წარმოადგენენ. სინჯარში იეზიდები არიან უმრავლესობაში. ნინევა სუნიტური არაბული ნაციონალიზმის ცენტრად მიიჩნევა და ერთ დროს ერაყის ალ-ქაიდას გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენდა.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომამდე, ერაყის არმიას რთული ურთიერთობა ჰქონდა სუნიტ არაბ მოსახლეობასთან ნინევაში. აშშ-ის მიერ ოკუპაციის შემდეგ, რეკრუტირება ძირითადად ქურთულ თემში ხდებოდა, რადგან სუნიტი არაბები უარს ამბობდნენ ერაყის არმიაში სამსახურზე. „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების შემდეგ, ერაყის არმიის იმიჯი ნინევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იმ ფაქტშიც ჩანს, რომ სუნიტი მოსახლეობა შიიტურ დაჯგუფებებში გაწევრიანებაზე მეტად ერაყის არმიაში რეკრუტირება ურჩევნია.

ადგილობრივი ჯგუფები ნინევაში მოიცავს ნინევას გვარდიას, რომელიც ძირითადად სუნიტური ჯგუფია და მას ყოფილი გუბერნატორი ატილ ნუჯაიფი მეთაურობს. ერთერთი არა ადგილობრივი ჯგუფი ბადრის ორგანიზაციაა. მათი მხრიდან სუნიტი მოსახლეობის რეკრუტირების მცდელობა დიდწილად არაეფექტურად შეფასდა. ბაბილონის ბრიგადა ფრონტის წინა ხაზზე აქტიურად იბრძოდა. ისინი აკონტროლებენ ტერიტორიებს და სუნიტების მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ტომთა მობილიზაციის ძალები ადგილობრივი რეკრუტებისგან შედგება; ძირითადად, სუნიტური ჯგუფებისგან შამარისა და ჯაბურის ტომიდან. ცალკე აღებული ტომთა მობილიზაციის ჯგუფები 100-300 მებრძოლისგან შედგება, რადგან ბაღდადი არ უშვებს დიდი დაჯგუფების ფორმირების საშუალებას, რადგან არ სურს ფართო სუნიტური ტომის შემქნა, რომელიც შემდეგ ტერიტორიების კონტროლში შეეცილება.

ჯაზირას ბრიგადა ასევე აქტიურია ნინევაში. ესეც სუნიტური ტომების დანაყოფია, ძირითადად რაბიასა და ზუმარიდან. ჯაზირას ბრიგადა პირველი სუნიტური ჯგუფია, რომელიც ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან ერთად მუშაობდა. ისინი ატარებდნენ ქურთულ დროშას და ზერევანის სამხრეებს. ისინი ჯიბურის, ჯუჰაიშ მუამარას, შარაბისა და შამარის ტომიდან არიან რეკრუტირებულნი. ბრიგადა დაახლოებით 2000 მებრძოლისგან შედგება და ანგარიშვალდებულია ზერევანის მიმართ.

სალაჰადინი

სალაჰადინის მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონია. ქალაქი ტიკრიტი, რომელიც სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია, პროვინციის დედაქალაქია. ტიკრიტში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ის ყოველთვის ითვლებოდა სუნიტი არაბების ძალაუფლების ცენტრად. სალაჰადინი უმეტესად სუნიტებით დომინირებული პროვინციაა, თუმცა აქ ასევე შიიტი არაბი უმცირესობა და თურქმენული და ქურთული უმცირესობები სახლობენ.

სალაჰადინი იყო პირველი პროვინცია, რომელიც 2015 წელს ერაყის ძალებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს. სალაჰადინი ასევე პირველი იყო, სადაც ფართომასშტაბიანი დაბრუნება მოხდა – თითქმის ყველა დაბრუნებული სუნიტი არაბი იყო.

სალაჰადინში სახალხო მობილიზაციის ძალები ოპერაციებს ატარებენ სუნიტურ ტომთა დაჯგუფებებთან ერთად. საკონტროლო-გამშვები პუნქტების უმეტესობა სახალხო მობილიზაციის ძალების მიერ კონტროლდება და ისევე როგორც ფედერალური პოლიცია და ანტი-ტერორისტული ძალები, მათი უმრავლესობა ერთმანეთთან არ ურთიერთობს.

სალაჰადინში, ნინევისგან განსხვავებით, სახალხო მობილიზაციის ძალებში მცირე რაოდენობის სუნიტური ტომის რეკრუტირება ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ სუნიტური თემების ლიდერები არ ენდობიან შიიტურ სახალხო მობილიზაციის ძალებს. სუნიტური ტომების დაჯგუფებები ხშირად პირდაპირ დიდ შიიტურ სახალხო მობილიზაციის ძალებში ერთიანდებიან, როგორიცაა მაგალითად ბადრის ორგანიზაცია. სხვა სუნიტური დაჯგუფებები ცდილობენ საკუთარი კონტაქტები მოიძიონ ბაღდადში და დამოუკიდებელ ძალებად დარეგისტრირდნენ. რიგ ადგილას სუნიტურ დაჯგუფებებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აბარებენ, რიგ შემთხვევებში კი საბრძოლველად უშვებენ.

სალაჰადინში, ასევე, ადგილი ჰქონდა რეგულარულ იერიშებს სუნიტურ ტომთა დაჯგუფებებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან. 2018 წლის მაისში შეიარაღებულმა მებრძოლებმა მოკლეს ერთი ოჯახის 12 წევრი და დაბომბეს სამი სუნიტი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიალი, რა დროსაც კიდევ 10 ადამიანი იმსხვერპლეს. ივნისში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულნი იყვნენ გატაცებულები, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები. გამტაცებლები სუნიტი არაბი ქალი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 2018 წლის დეკემბრის შეფასებით, აღნიშნული იერიშები შემცირდა წინა წელთან შედარებით (84 ინციდენტი თვიურად 2017 წელს და 14 ინციდენტი – 2018 წელს). აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის წნეხი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები შიიტური და სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალების თანამშრომლობის შედეგად განიცდიან. 2018 წელს სალაჰადინში დაბრუნება ნებადართული იყო, თუმცა სუნიტებს მკაცრი შემოწმების გავლა უხდებოდათ.

ტუზ ხურმატოს რაიონი სუნიტ ქურთებს, შიიტ თურქმენებსა და სუნიტ არაბებს შორისაა დანაწილებული და ხანგრძლივი კონფესიათაშორისი ძალადობის სცენას წარმოადგენს. აღნიშნულმა რაიონმა უფრო დიდი ძალადობა გადაიტანა, ვიდრე რომელიმე სხვა სადავო რაიონმა.

ერაყის ქურთისტანის რეგიონი

ერაყის ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობა 5 მილიონზე მეტს შეადგენს. აქ უმრავლესობა სუნიტი ქურთები არიან. მათ გარდა რეგიონში სახლობენ სუნიტი არაბები, ქრისტიანები, ჩერქეზები, ფეილი ქურთები, შაბაკები, შიიტი და სუნიტი თურქმენები, იარსანები (მათ შორის კაკაები) და იეზიდები.

ერაყის ქურთისტანი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამი პროვინციისგან – ერბილი, სულეიმანია და დოჰუკი – შედგება. ადმინისტრაციული ცენტრი ერბილში მდებარეობს, თუმცა ძალაუფლება რეალურად ორ მთავარ პარტიას შორისაა გადანაწილებული. KDP აკონტროლებს დოჰუკსა და ერბილს და PUK აკონტროლებს სულეიმანიას. 2014 წელს დაწყებული კონფლიქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყის ქურთისტანს არ შეხებია და რეგიონში ყოველთვის იყო სტაბილური სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით. ქურთისტანის რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის ინტენსივობის კუთხით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მოიმატა 2018 წლის განმავლობაში და შეადგინა დოჰუკში 3.12 (1.89 2017 წელს), ერბილში 1.3 (0.8 2017 წელს) და 2.28 სულეიმანიაში (1.21 2017 წელს).

სამხრეთით მდებარე პროვინციები

სამხრეთ პროვინციები უმეტესად შიიტი არაბებითაა დასახლებული. ყველაზე მრავალრიცხოვან პროვინციას ბასრა წარმოადგენს, რომელიც ასევე შიიტებით დომინანტი რეგიონია. ბასრაში, ასევე, სახლობს სოლიდური რაოდენობის სუნიტური საზოგადოება. არსად სამხრეთ პროვინციებში არ არის სუნიტების იმხელა რაოდენობა, რომ რელიგიურად ჰომოგენური სამეზობლო ან უბანი შექმნან. ძირითადად, სუნიტები, ქრისტიანები და საბეან-მანდეანები ერთიანდებიან სამეზობლოდ, ისიც შიიტური უმრავლესობით დასახლებულ ზონებში. ბაბილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქი ჯურფ ალ-სახრი ერთადერთი ქალაქია, სადაც სუნიტები უმრავლესობაში არიან.

საერთო ჯამში, სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთის პროვინციებშია. 2018 წელს სამხრეთის პროვინციებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბასრაში და შეადგენდა 4.62-ს, დიქარში – 2.52, მისანში – 1.71 და ბაბილში – 1.43.

სამხრეთის პროვინციებს არ შეხებია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტი. სამხრეთის პროვინციებიდან დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად 2014 წელს ათასობით პირი წავიდა. სამხრეთის პროვინციები ერაყის ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს; აღნიშნული პრობლემები დაკავშირებულია კრიმინალთან, ნარკოდანაშაულთან, შიიტურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაჯგუფებების მხრიდან; ასევე, გატაცებებთან, გამოძალვასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობასთან. სამხრეთ პროვინციებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან ცოტა ინციდენტი ფიქსირდება და მათი უმრავლესობაში ჩართულნი არიან თომები, სახალხო მობილიზაციის ძალები, ბანდები ან ყველა ერთად. ძალადობა სხვადასხვა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამხრეთის პროვინციებში ხდება და წარმოადგენს ტერიტორიასა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლას. შიგა შიიტური დაპირისპირებები ძირითადად გავლენას ახდენს იმ ხალხის უსაფრთხოებაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დაჯგუფებებში ან ტომთა ჯგუფებში.

რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიურად მოქმედებს ტომებს შორის დაპირისპირება. ადგილობრივი პოლიცია უგულებელყოფს ან საერთოდ უძლურია, აღკვეთოს ასეთი კონფლიქტები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინტერვენცია მიზანშეწონილია, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ხშირად ერთერთი კონფლიქტურ მხარესთან არიან დაკავშირებულები, არ ერევიან შემდგომი რეპრესიების შიშით.

სამხრეთის პროვინციებში 2018 წელი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით გამოირჩეოდა. მოსახლეობა აპროტესტებდა ელექტროენერგიის დეფიციტს, სასმელი წყლის დაბალ ხარისხს, მწირ საჯარო სერვისებს, უმუშევრობას და ფართოდ გავრცელებულ კორუფციას. მთავრობა ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას, თუმცა ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდებოდა. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული.[2]

სუნიტების მიმართ დამოკიდებულება

ისტორიული დაძაბულობა ერაყელ სუნიტებსა და შიიტებს შორის, კვლავ არსებობს; ამავდროულად დაძაბულობა არსებობს სხვა ჯგუფებს შორისაც – არაბებსა და ქურთებს შორის, ერთ უმცირესობასა და სხვა უმცირესობას შორის და ა.შ. 2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით სუბიექტების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და მოიცვა ტომთა ძალები, დაჯგუფებები, ფედერალური და ადგილობრივი პოლიცია, სამხედრო ძალები და სხვა.

ერაყში რამდენიმე სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალების დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა შემადგენლობა 17-25 ათასია. მათი უმეტესობა 2014 წლის ბოლოს, ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. რეკრუტირება მოხალისეობრივ საწყისებზე ხდება. ბევრი სახალხო მობილიზაციის ძალებს უერთდება უკეთესი ხელფასის გამო. სახალხო მობილიზაციის ძალები საკმაოდ გავლენიანი და პოპულარულები არიან მოსახლეობაში, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მათი როლი განაპირობებს.

2018 წელს სახალხო მობილიზაციის ძალების 5 მთავარ სამიზნეს შეადგენდნენ: პოლიტიკური ოპონენტები (მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რადგან დაჯგუფებები იბრძვიან ფულისთვის, ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის და იერიშებს ახორციელებენ მეტოქეებზე, მათ შორის შიიტურ დაჯგუფებებზეც); საპასუხო იერიშები, რომელთა სამიზნეც ძირითადად სუნიტური საზოგადოება ხდებოდა; ერაყის სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც სახალხო მობილიზაციის ძალებს აკრიტიკებს; შიიტური მორალური ნორმების დამრღვევი პირები, ძირითადად, ლგბტ საზოგადოება, ქრისტიანები, ალკოჰოლით მოვაჭრეები (ხანდახან ასეთი ძალადობა შიიტური საზოგადოების დახმარებითაც ხდებოდა); სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები (ძირითადად გამოძალვის მიზნით). ერაყის ქურთისტანში ქურთული ძალების სამიზნეებს წარმოადგენენ პოლიტიკური და სოციალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები, ჟურნალისტები და დემონსტრანტი საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოხატავენ კრიტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. ქურთული უსაფრთხოების ძალების სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ ის პირები, ვისზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში; ძირითადად, ასეთები იყვნენ სუნიტი არაბები.

ათასობით პირი, რომლებიც იყვნენ ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, ერაყის მთავრობამ დააპატიმრა. იქიდან გამომდინარე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ძირითადად სუნიტური დაჯგუფება იყო, მოსახლეობის უმეტესობა სუნიტ არაბებს ექსტრემისტულ ჯგუფებთან დაკავშირებულად მოიაზრებს. 2014-2017 წლებში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც შურისძიების მოტივით, უსაფრთხოების ძალებმა ან მათთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს, გააქრეს ან მოკლეს სუნიტები.

სუნიტური სახელები

დანიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ჯგუფი 2018 წლის ფაქტების მოძიების მისიის ანგარიშში წერს, რომ სუნიტი მამაკაცები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიებს ტოვებდნენ, გადიოდნენ უსაფრთხოების შემოწმებას საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ პირები, რომელთა სახელი ან მათი ოჯახის წევრების სახელები არის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა სახელების მსგავსი, ხდებიან სერიოზული ეჭვის ობიექტები და ისინი შეიძლება გახდნენ ძალადობის, დაკავების ან დაბრუნების აკრძალვის ობიექტები.

სუნიტი მუსლიმების მდგომარეობის შესახებ ბაღდადში, ლანდინფო წერს, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლისას, პირებს უწევთ საკუთარი პირადობის დადასტურება. გვარები და კლანური სახელები ხშირად ახდენს პირის ამა თუ იმ საზოგადოებრივი და გეოგრაფიული კუთვნილების იდენტიფიკაციას. სუნიტები შეიძლება თვითნებურად დაადანაშაულონ ექსტრემისტების მიმართ სიმპათიაში და შედეგად ისინი გახდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ბაღდადში მთავარ ქუჩებზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები არმიისა და პოლიციის კონტროლ ქვეშაა, ხოლო ვიწრო და პატარა ქუჩებზე განთავსებულ პუნქტებს დაჯგუფებები აკონტროლებენ.

საფრთხე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არავის მიმართ არ არიან ტოლერანტული, გარდა საკუთარი ფუნდამენტალისტური იდეოლოგიისა. ამიტომ, დაჯგუფებამ არაერთი სუნიტური წმინდა რელიგიური ადგილი გაანადგურა. სუნიტი რელიგიური ლიდერები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დაჯგუფებას იყვნენ დევნის ობიექტები. „ისლამური სახელმწიფო“ ითხოვდა ტოტალურ დამორჩილებას რელიგიური ლიდერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რისკავდა, გამხდარიყო მკვლელობის ან საჯაროდ სიკვდილით დასჯის ობიექტი.

საფრთხე საზოგადოების მხრიდან

ერაყელთა უმეტესობის იდენტიფიცირება ხდება ტომობრივი კუთვნილების მიხედვით და იდენტობა სერიოზულ სოციალურ როლს თამაშობს საზოგადოებაში. ერაყის საზოგადოება ტომების, ოჯახსა და კლანზე დაფუძნებული კავშირების დიდი გავლენის ქვეშაა, განსაკუთრებით ანბარის, სალაჰადინის, კირკუკისა და ნინევის სუნიტურ ნაწილში; ისევე როგორც სამხრეთით, ბასრაში. ტომობრივი კულტურა და სახელმწიფოს შესაძლებლობის სიმწირე, ჩაერიოს საზოგადოებრივ სამართალში იწვევს იმას, რომ დავების გადაწყვეტაში, ტრადიციულ ლიდერებს და დადგენილ ნორმებს დიდი როლი აქვთ. ასეთი წესები კი განსაკუთრებით მკაცრი ქალებისთვისაა. ტომები ხშირად კარგად შეიარაღებულნი არიან და ხშირად მონაწილეობენ საზოგადოებას შორის კონფლიქტურ ვითარებებში, რომელიც ტომის წესების და ნორმების დარღვევის გამო წარმოიშვება. ეს იწვევს ხოლმე მკვლელობათა ჯაჭვს ტომებს შორის.[3]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[2] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Security Situation; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[3] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]