ნიგერია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2019

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის საკითხთა დოკუმენტირების და კვლევის ცენტრი (ACCORD) 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში[1] (შემდგომში – ანგარიში) წერს ნიგერიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში ასევე გამოქვეყნებულია რუქა, რომელზედაც აღნიშნულია უსაფრთხოების თვალსაზრისით ინციდენტების რაოდენობა შტატების მიხედვით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წლის ივნისი-სექტემბერი).

უფრო კონკრეტულად, რუქაზე აღნიშნულია უსაფრთხოების კუთხით დაფიქსირებული  იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელსაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედარებით ღია ფერებით აღნიშნულია ის შტატები, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის ინციდენტები მოხდა (0-დან 24-მდე). რაც შეეხება შედარებით მუქ ფერებს (ნარინჯისფერი, წითელი, მუქი წითელი), ისინი ასახავენ იმ შტატებს სადაც უსაფრთოების კუთხით შემხვევების რაოდენობა 25-დან 200-მდეა.

რუქის ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედარებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდება ნიგერიის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში (სოკოტო, ზამფარა, ბორნო, პლატო, ადამავა, ტარაბა, კადუნა).

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება სამხრეთი ნიგერიის შტატებს – აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ზოგიერთ შტატში გვხვდება უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების საშუალო ან მაღალი მაჩვენებელი.

ცენტრალური ნიგერია და დედაქალაქი აბუჯა

(შტატები: ადამავა; ბენუე; ფედერალური დედაქალაქი; კოგი; კვარა; ნასარავა; ნიგერი; პლატო; ტარაბა)

ზოგადი ინფორმაცია

პლატოს შტატი წარმოადგენს გამყოფ ხაზს ნიგერიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ ქრისტიან და ჩრდილოეთში –  მუსლიმ მოსახლეობას შორის. შესაბამისად, აღნიშნულ შტატში ათწლეულების მანძილზე შეინიშნებოდა სპორადული დაპირისპირებები, მოტივირებული როგორც ეთნიკური, ასევე – რელიგიური კონტექსტით. მიწათმოქმედი ქრისტიანი მოსახლეობა ადანაშაულებს ფულანი მუსლიმებს მათი მიწების მითვისებაში. ამის საწინააღმდეგოდ, ფულანი მუსლიმთა ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ხალხი პლატოს შტატში დისკრიმინირებულია და მათ არ გააჩნიათ წვდომა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორიცაა: განათლება, საცხოვრებელზე წვდომა, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. დაპირისპირებები ხშირად იჩენს თავს, რომელთა შედეგადაც, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი (ICG) 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ძალადობრივი კონფლიქტები, რომლებიც ძირითადად, ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს ფულანი მუსლიმ მწყემსებსა და ეთნიკურად დივერსიფიცირებულ მიწათმოქმედებს შორის, გადატანილია როგორც ტომობრივ, ასევე, რელიგიურ და რეგიონალურ კონტექსტში. რეგიონის ცენტრალური  და სამხრეთი ნაწილებში მიმდინარე შეტაკებებს ყოველწლიურად დაახლოებით 2 500 ადამიანი ეწირება. ამჟამინდელი მდგომარეობით, დაპირისპირებებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ნიგერიელები შიშობენ, რომ აღნიშნული კონფლიქტი ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც  ჯგუფი „ბოკო ჰარამი“.[2]

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ „ათწლეულების მანძილზე მომთაბარე მწყებსა და ფერმერებს შორის მიმდინარე კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრდა 2018 წელს, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია. ძალადობის შედეგად, სულ მცირე 1 600 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დააახლოებით 300 000 – იძულებით გადაადგილდა“.

ივნისში, პლატოს შტატში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტის დროს, ფერმერებმა სავარაუდოდ, მოკლედ 5 მომთაბარე მათ მიწებზე უნებართვოდ შესვლისთვის. ამის საპასუხოდ, მომთაბარე მწყემსები თავს დაესხნენ რეგიონში არსებულ სოფლებს, მოკლეს 86, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ასობით ადამიანს, მათ შორის – ქალებსა და ბავშვებს.

სექტემბერში, ადამავას შტატის პროვინცია ნუმანში, სადავაუდოდ მწყემსებმა, განახორციელეს თავდასხმა, რასაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა, ასევე, გაიტაცეს 24 პირი.[3]

ICG, საკუთარ ანგარიშში ასევე ყურადღებას ამახვილებდა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე და წერდა, რომ კონფლიქტების კუთხით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო ბენუეს, პლატოს, ადამავას, ნასარავას და ტარაბას შტატებში.[4]

23 ივნისს, პლატოს შტატის ბერკინ ლადის პროვინციაში ფულანებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული თავდასხმა „ბარომ“-ის ეთნიკურ ჯგუფზე, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომდევნო დღეს, მთავრობამ სიტუაციის გასაკონტროლებლად შტატში განალაგა 300-მდე სამხედრო და 7 ვერტმფრენი. თუმცა, გარკვეული შეტაკებები მომდევნო დღეების განმავლობაში მაინც გრძელდებოდა.

ჩრდილოეთი ნიგერია დ ბოკო ჰარამი.

(შტატები: ბაუჩი; ბორნო; გომბე; ჯიგავა; კადუნა; კანო; კაცინა; კები; სოკოტო; იაბე; ზამფარა.)

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო ორგანიზაია Amnesty International 2019 წლის 14 ინვარს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (საანაგრიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ რანნის პროვინციაში ბოკო ჰარამის სასტიკი თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილდა 9000-ზე მეტი პირი. სატელიტის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს თავდასხმის შედეგად განადგურებული ან მძიმედ დამწვარი 100-მდე  შენობა-ნაგებობა.[5]

Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერ გატაცებების, თვითმკვლელი ტერორისტებისა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შემთხვევები კვლავ გრძელდებოდა. აღნიშნულ ინციდენტებს 2018 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სულ მცირე 1200 ადამიანი  ემხვერპლა, ხოლო 200 000 – იძულებით იქნა გადაადგილებული. ჩრდილოეთ შტატებში, განსაკუთრებით – ზამფარასა და კადუნას შტატებში მიმდინარე ძალადობა, რაც განპირობებული იყო მწყემსებსა და ფერმერებს შორის საქონლის ქურდობასთან დაკავშირებული შეიარაღებული დაპირისპირებებით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მშვიდობას და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ქვეყანაში. [6]

მაისში, კადუნას შტატის სოფელ გვასკაში ბანდიტების თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო ზამფარას შტატში, სადაც მიმდინარე წელს ყაჩაღების თავდასხმებს 400  ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 38 000 კი იძულებით იქნა გადაადგილებული.

Amnesty International 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივენ ნიგერიის რამდენიმე შტატს (ადამავა, ბენუე, კადუნა, ზამფარა და ტარაბა) და გაესაუბრნენ თავდასხმების შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი თავდასხმა გრძელდებოდა საათების და დღეების განმავლობაშიც კი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთვევაში შემთხვევის ადგილის ახლოს განლაგებული უსაფრთხოების ძალების საპასუხო ქმედება იყო ზედმეტად დაგვიანებული. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ადამავას და ტარაბას შტატებში, უსაფრთხოების ძალებმა წინასწარ იცოდნენ, რომ თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონეს.[7]

რეგიონში კვლავაც აქტიური იყო და მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა არაერთი მასშტაბური თავდასხმა როგორც ნიგერიის არმიის დისლოკაციის ადგილებზე, ასევე, სამოქალაქო მიზნების – სოფლების, ქალაქების, სამოქალაქო პირების მიმართ. თავდასხმების შედეგად მსხვერპლი ფიქსირდებოდა როგორც შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო მოსახლეობის, ასევე – თავად ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში. თავდასხმები ძირითადად ხდებოდა ბორნოს შტატში.

ანგარიშში წარმოდგენილი სრული ინფორმაციის ანალიზით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ შტატში და ზოგადად, ჩრდილოეთ ნიგერიაში, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ყველაზე მძიმეა. გარდა იმისა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი კვლავაც აქტიურად აგრძელებს როგორც სამხედრო, ისე – სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას, ასევე მძიმე პრობლემას წარმოადგენს ეთნიკურ თუ ტომობრივ ერთეულებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ზოგჯერ, რელიგიური კონტექსტითაცაა მოტივირებული.

სამხრეთი ნიგერია, ბიაფრა და ნიგერის დელტა.

(შტატები: აბია; აკვა-იბომ; ანამბრა; ბაიელსა; ქროსს რივერ სთეით; დელტა; ედო; ენუგუ; იმო; ონდო; რივერსი.)

ზოგადი ინფორმაცია

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე დელტა (Niger Delta), პარადოქსულად, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი და დაბალი უსაფრთხოების მქონე შტატია. ადგილობრივთა ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, რეგიონის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალთან და მისი ეროვნულ პოლიტიკაში მარგინალიზაციის საკითხთან დაკავშირებულმა საჩივრების ერთობლიობა 2006 წელს ამბოხში გადაიზარდა. დელტაში მიმდინარე კონფლიქტისთვის დამახასიათებელი გახდა ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ნავთობის მოპარვა, საპროტესტო აქციები ნავთობის გამო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, გატაცებები გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების არ არსებობა და თემური ძალადობა. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნები სხვადასხვაა; ძირითადად, ისინი ითხოვენ ფართო ავტონომიას და მეტ შემოსავალს ნავთობის პროდუქციიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის ცენტრალურ შტატებში, ისევე როგორც სამხრეთით მდებარე ედოს (Edo), ებონისა (Ebonyi) და კოგის (Kogi) შტატებში, ხშირია დაპირისპირებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის, რასაც თან სდევს მსხვერპლი, ქონების დაზიანება და მოსახლეობის გადაადგილება.

ICG 2017 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ „დელტას შტატში შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს არ განუხორციელებიათ თავდასხმები ნავთობის ჭაბურღილებზე მას შემდეგ, რაც ნიგერიის ფედერალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ ეთნიკურ და პოლიტიკურ ლიდერებთან გასულ ნოემბერში, დაპირდა რა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენას, დაბინძურებული ოგონის რეგიონის გაწმენდას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი, მოდულარული ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების გამართვაზე ნების დართვას.[8]

მიმდინარე სიტუაცია

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 23 სექტემბერის სტატიაში BBC წერდა, რომ ნიგერიელმა მეკობრეებმა ნიგერის დელტას შტატის მიმდებარე წყლებში შვეიცარული ტვირთმზიდი გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს.[9]

გაეროს უშიშროების საბჭო 2018 წლის 29 ივნისს წერდა, რომ „ნიგერიაში, ქვეყნის შუა და სამხრეთ შტატებში (ედო, ებონიი და კოგი) მიმდინარე მასობრივმა შეტაკებებემა ადამიანური მსხვერპლი, იძულებითი გადაადგილება და ქონების მაშტაბური განადგურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერის დელტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში ძალადობის მაჩვენებელმა იკლო, შეიარაღებული ჯგუფები იმუქრებოდნენ, რომ განაახლებდნენ თავდასხმებს.[10]

ამას გარდა, იგივე უშიშროების საბჭო 2017 წლის 26 დეკემბერს წერდა, რომ დელტას რეგიონში შეიარაღებული ძალადობის მაჩვენებელი დაბალი იყო, რაც განპირობებეული იყო იმით, რომ მთავრობამ ხელახლა შემოიღო ამნისტიის პროგრამა და სამხედრო შენაერთები განალაგა დელას 6 შტატში, ამას გარდა, ადგილობრივმა, რეგიონალურმა და ეროვნულმა ლიდერები გამოვიდნენ სამშვიდობო ინიციატივებით.[11]

Freedom House 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერდა, რომ გატაცებები ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს დელტასა და სამხრეთით მდებარე აბიას (Abia), იმოსა (Imo) და ანამბრას (Anambra) შტატებში.[12]

იმავე პრობლემაზე უთითებას ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ ნიგერის დელტას შტატსა და ქვეყნის სახმრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსი ოპერირებენ დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც იტაცებენ სამოქალაქო პირებს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ითხოვენ გამოსასყიდს. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული საზღვაო გატაცებები. მაგალითად, 26 მარტს ნიგერიელი მეკობრები განის სანაპიროდან გადასხდნენ ერთ-ერთ თევზმჭერ გემზე, გაიტაცეს 3 კორეელი მეზღვაური და წაიყვანეს ნიგერის დელტაში. გავრცელებული ინფორმაციით, მეკობრეებმა ტყვეები გაათავისუფლეს მაშ შემდეგ, რაც განურმა კომპანიამ მათი გამოსასყიდი გაიდახადა.[13]

[1] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 16 April 2019]

[2] International Crisis Group (ICG) –  report “Herders against Farmers: Nigeria’s Expanding Deadly Conflict”; available at

[accessed 16 April 2019]

[3] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019]

[4] ICG – “Nigeria: Growing Insecurity on Multiple Front”; available at

[accessed 17 April 2019]

[5] Amnesty International – Nigeria: Satellite imagery shows charred remains of Rann after Boko Haram attack; available at

[accessed 17 April 2019]

[6] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019

[7] Amnesty International – “HARVEST OF DEATH THREE YEARS OF BLOODY CLASHES BETWEEN FARMERS AND HERDERS IN NIGERIA” – available at

[accessed 17 April 2019]

[8] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 17 April 2019

[9] BBC – article “Nigerian pirates kidnap 12 crew from Swiss cargo ship”; publ. 23 September 2019; available at https://www.bbc.com/news/world-africa-45618679 [accessed 17 April 2019]

[10] UN Security Council – Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (29 June 2018); available at

[accessed 17 April 2019]

[11]UN Security Council Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (26 December 2017] available at

[accessed 17 April 2019]

[12] Freedom House – Freedom in the World 2019 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]

[13] USDOS – Country Report on Human Rights Practices 2018 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]