ირანი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2019

ირანის ისლამური რესპუბლიკა შიიტი უმრავლესობით დასახლებული ქვეყანაა, სადაც სუნიტები, ბაჰაები, ქრისტიანები და ზოროასტრიზმის მიმდევრები ძირითად რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. კონსტიტუცია მხოლოდ ზოროასტრიზმის მიმდევრებს, იუდეველებსა და ქრისტიანებს აღიარებს რელიგიურ უმცირესობად და აღნიშნულ მცირე ჯგუფებს შედარებითი თავისუფლად შეუძლიათ რელიგიური მსახურება. მიუხედავად ამისა, რელიგიური კონვერტაცია ისლამიდან სხვა რელიგიაზე უკანონოა, ისევე როგორც ქადაგება.[1]

ირანში რელიგიისა და სახელმწიფოს მჭიდრო კავშირის გამო, განდგომა (Apostasy) მიიჩნევა არა უბრალოდ რელიგიურ გადაწყვეტილებად, არამედ უტოლდება მაღალ პოლიტიკურ ღალატს. მიუხედავად ამისა, შარიათის წესების მიხედვით განდგომისთვის დასჯის შემთხვევები არ გახმაურებულა 2002 წლის შემდეგ, როდესაც ირანმა გამოაცხადა მორატორიუმი.

არა-რელიგიური რწმენის გამოხატვა დასჯადია და თითქმის შეუძლებელი სოციალური სტიგმის თუ თანმდევი სიძულვილისა და ძალადობის გამო. მთავრობა ახდენს ასეთი ხალხის მარგინალიზაციას, ავიწროვებს მათ ან წაახალისებს სიძულვილს და ძალადობას არა-რელიგიური ხალხის მიმართ. ირანში უკანონოა ჰუმანისტური, ათეისტური, სეკულარული ან არა-რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ასეთები, როგორც წესი, იდევნებიან ხელისუფლების მიერ.

ჩახშობილია დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების ძირითადი ჰუმანისტური პრინციპების გამოხატვა. განდგომა და კონვერტაცია ნებისმიერ რელიგიაზე აკრძალულია და შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს. სიკვდილით შეიძლება დაისაჯოს ასევე რელიგიის შეურაცხყოფა. დაუშვებელია სეკულარიზმის ან რელიგიისა და სახელმწიფოს განცალკევების იდეების მხარდაჭერა.[2]

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკანონოა და მიუღებელია საკუთარი თავის ათეისტად ანა არა-რელიგიურ პირად იდენტიფიცირება. ირანი ერთერთია იმ 13 ქვეყანას შორის, სადაც ათეისტობა სიკვდილით ისჯება. ქვეყნის კონსტიტუცია არ აღიარებს მუსლიმი მოქალაქეების უფლებას შეიცვალონ ან უარი თქვან რწმენაზე. არა-მუსლიმები და არა-შიიტები საზოგადოების მხრიდან სოციალურ დისკრიმინაციას განიცდიან.

აკადემიური წყაროები ამტკიცებენ, რომ ათეისტები, როგორც წესი, თავიანთ შეხედულებებს საჯაროდ არ გამოხატავენ და მათ საშუალება აქვთ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით რაიმე შეზღუდვების გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ათეისტებს არ შეუძლიათ საჯაროდ იკამათონ თავიანთ შეხედულებებზე, ისინი აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით და ვირტუალურ სივრცეში ანონიმურად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს. მათ რამდენიმე აქტიური ინტერნეტ გვერდი და ბლოგი და სოციალურ ქსელში „Facebook“ უფიქსირდებათ 190 ათასამდე მიმდევარი.

აკადემიური წყაროების ინფორმაციით, არაოფიციალურად ბევრი ირანელი გამოხატავს ათეისტურ იდეებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მათ რაიმე ორგანიზებული ათეისტური მიმდინარეობა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაცია საზღვარგარეთ, სადაც რელიგიურ თემაზე დისკუსია წახალისებულია, მაგრამ მათი წევრების უმეტესობა კვლავ შიიტი მუსლიმია.[3]

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ირანში 2018 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა და ამ მხრივ ვითარება უარესდებოდა კიდეც. კვლავ ირღვევა რელიგიის შეცვლის ან რელიგიის მიტოვების უფლება. საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ ამტკიცებს, რომ ათეისტები თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების, წამებისა და სხვა არა ადამიანური მოპყრობის და სიკვდილით დასჯის რისკის წინაშე დგანან. თუმცა, ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში არ დაუფიქსირებია ათეისტებთან დაკავშირებული ახალი შემთხვევები.[4]

2018 წლის განმავლობაში ირანში სიკვდილით დასაჯეს 253 ადამიანი. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2010 წლის შემდეგ და ორჯერ ნაკლებია 2017 წლის მონაცემთან (507) შედარებით. ასეთი კლება განპირობებულია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ მიდგომის შეცვლასთან – ირანში შეიცვალა ნარკოდანაშაულის შესახებ კანონმდებლობა, რამაც ბევრი ადამიანი სიკვდილით დასჯისგან იხსნა.

სიკვდილით დასჯილი 253 ადამიანიდან 160 მკვლელობაში იყო მსჯავრდებული, მათგან 155 კაცი და 5 ქალი იყო; 22 კაცი სიკვდილით დასაჯეს გაუპატიურებისთვის; 3 გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის; ერთი – გატაცებისა და მკვლელობისთვის; 3 – გატაცებისა და გაუპატიურებისთვის; ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებისთვის; 25 სასჯელი ნარკოტიკების გადაზიდვასთან იყო დაკავშირებული; 1 პირი დასაჯეს ძარცვისთვის და 25 – „ღმერთის წინააღმდეგ მტრობისთვის“ (Moharebeh – enmity against God), აქედან 12 დაკავშირებული იყო ძარცვასთან და 6 პოლიტიკურ აქტივობებთან. 14 პირი დასაჯეს „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებისთვის“ (აღნიშნულში იგულისხმება ქვეყანაში დადგენილი „მორალური ნორმების“ დარღვევა და სოციალური და პოლიტიკური კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნა). სიკვდილით დასჯის 5 შემთხვევაში დანაშაულის სახის დადასტურება ვერ მოხერხდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ შეფასებით, სიკვდილით დასჯებს წინ უძღოდა არა სამართლიანი სასამართლო პროცესები; მინიმუმ 13 შემთხვევაში განაჩენის აღსრულება საჯაროდ მოხდა. ირანის სისხლის სამართლის კოდექსი ჩაქოლვას კვლავ განიხილავს სიკვდილით დასჯის ერთერთ ფორმად; თუმცა, 2018 წელს აღნიშნული მეთოდი არ გამოყენებულა. სიკვდილით დასჯის ერთადერთი დაფიქსირებული ფორმა 2018 წელს ჩამოხრჩობა იყო. 2018 წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის განაჩენი კვლავ შენარჩუნებული იყო ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირი, „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა“, „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა“ და „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“.[5]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iran, 4 February 2019

 (accessed on 22 May 2019)

[2] Atheist Refugee Relief; IRAN; available at: https://atheist-refugees.com/en/iran/ (accessed on 22 May 2019)

[3] ACCORD; Iran: Treatment of atheists by state and non-state actors; Query Response; 12 June, 2017; available at:

(accessed on 22 May 2019)

[4] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Iran [MDE 13/9900/2019], 26 February 2019

 (accessed on 22 May 2019)

[5] AI – Amnesty International: Death Sentences and Executions 2018, 10 April 2019

 (accessed on 22 May 2019)