დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მაისი, 2019

ამერიკულმა ნავთობკომპანიამ „ExxonMobil“ ერაყიდან 30 უცხოელი ინჟინრის ევაკუაცია განახორციელა – ნავთობკომპანიის განცხადებით, თანამშრომლები დუბაიში გადაიყვანეს, რადგან ეს მათი უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. კომპანიის თქმით, აღნიშნული ფაქტი ერაყში აღმოსავლეთ კურნას ნავთობსადენზე ნედლეულის მოპოვებაზე გავლენას ვერ მოახდენს. კომპანიის „ExxonMobil“ ნავთობსადენზე 1700 ადამიანი მუშაობს. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებამ განაპირობა – გასულ კვირას აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყიდან დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები გამოიწვია.[1]

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება – შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. პრეზიდენტი არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფას მინისტრთა კაბინეტს ავალებს. რამდენიმე დღეში მან პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებდა – საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღის წესრიგში არ შეიტანა. საჭირო 226 ხმიდან პრეზიდენტის ინიციატივას მხარი მხოლოდ 92 დეპუტატმა დაუჭირა.[2]

ეგვიპტეში ტურისტების ავტობუსთან აფეთქება მოხდა – ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა; 16 ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო. აფეთქება გიზის პირამიდებთან ახლოს, ეროვნულ მუზეუმთან მოხდა, რომლის სიახლოვესაც იდგა ტურისტების ავტობუსი. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აფეთქებისას ტურისტები დაშავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

[1] CNN; ExxonMobil evacuates 30 engineers from Iraq, Basra Oil Company says; By Aqeel Najim and Victoria Cavaliere; 18 May, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/05/18/business/exxon-iraq-evacuation/index.html

[2] უკრაინული „პრავდა“; რადამ არჩევნების შესახებ ზელენსკის კანონი ჩააგდო; 22 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.pravda.com.ua/rus/news/2019/05/22/7215800/

[3] BBC; Egypt explosion: Tourists on bus injured near Giza pyramids; 19 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48328793