ინდოეთი. რელიგიურ კონფესიებს შორის შერეული ქორწინება. მაისი, 2019

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2018 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ინდოეთში რელიგიური უმცირესობების შესახებ წერს, რომ ფედერალური კანონმდებლობა უშვებს კონფესიებს შორის ქორწინებას რელიგიური კონვერტაციის გარეშე. აღნიშნული ქორწინებები რეგისტრირდება 1954 წლის სპეციალური ქორწინების აქტით. შერეული წყვილები, როგორც სამოქალაქო ცერემონიით დაოჯახებული ყველა წყვილი, ვალდებულია, წარადგინოს საჯარო შეტყობინება 30 დღით ადრე, სადაც მითითებული იქნება მისამართები, ფოტოსურათები და რელიგიური კუთვნილება. მიუხედავად ამისა, ინდუისტებმა, ბუდისტებმა, სიკჰებმა და ჯაინებმა, რომლებიც სხვა რელიგიის წარმომადგენელზე ქორწინება გადაწყვიტეს, შესაძლოა, აღნიშნული საზოგადოებების კანონების თანახმად, ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება დაკარგონ.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო შერეულ ქორწინებაზე 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ახსენებს კვლევას, რომელიც ეხება რელიგიებს დაა კასტებს შორის ქორწინების დინამიკას ინდოეთში. კვლევა ეყრდნობა 2005-2006 წლების მონაცემებს და ამტკიცებს, რომ ქორწინებათა 2.1% შერეულია (გამოკითხულია 40 ათასზე მეტი ადამიანი ქვეყნის 29 შტატში). ყველაზე დიდი რაოდენობით შერეული ქორწინებები დაფიქსირდა არუნაჩალ პრადეშში (9.2%), სიკკიმში (8.1%), მანიპურში (7.6%), პენჯაბსა (7.3%) და მაგჰალაიაში (6.7%).

ამავე ანგარიშში ნახსენები ერთერთი წყაროს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შერეული წყვილების მიმართ ძალადობა არ არის ნორმა, მათ მიმართ ასეთი მოპყრობა მაინც ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის საფრთხე ჩნდება ოჯახების მხრიდან. მხოლოდ გარკვეულ პერიფერიულ ადგილებში შეიძლება არა ოჯახის წევრი პირი დაინტერესდეს შერეული ქორწინებით და ამის გამო რაიმე მოიმოქმედოს. მაღალი კასტის წარმომადგენელი ინდუისტები უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან შერეულ ქორწინებას, ვიდრე დაბალი კასტის წარმომადგენელი ინდუისტები.

აკადემიური წყაროები აღნიშნავენ, რომ ინდოეთში შერეული წყვილების მდგომარეობა განსხვავებულია მათი კლასისა და რეგიონის შესაბამისად. განსხვავებები დამოკიდებულია იმაზე წყვილი პერიფერიიდან არის თუ ურბანული ზონიდან. დისკრიმინაციის ხარისხი გაცილებით დაბალია, როდესაც შერეული ქორწინება ხდება საშუალო კლასებს შორის და ურბანულ ზონებში. შერეული წყვილები პერიფერიული ზონებიდან, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს ოჯახიდან ან თანასოფლელებისგან, ხშირად გადადიან საცხოვრებლად ურბანულ ზონებში, სადაც მეტი შემწყნარებლობაა. ურბანულ ზონებში არ არის მიუღებელი შერეული ქორწინება, საპირისპირო ვითარებაა სოფლად. ურბანულ ზონებში, ზოგადად, შერეული წყვილის იდენტიფიცირება რთულია; თუმცა, იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სერიოზული ზიანის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“, რომელიც 2011 წლის სტატიაში წერს, რომ შერეული ქორწინება ინდოეთში ტაბუა, როგორც სოფლად, ასევე ინდოეთის განათლებულ და შეძლებულ ურბანულ ზონებში.

ტორონტოს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის 2012 წლის ინფორმაციით, ზოგადად, ქორწინება ინდუისტს და ქრისტიანს შორის უფრო ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე, მაგალითად, ინდუისტს და მუსლიმს შორის. ქრისტიანები, რომლებიც შერეულ ქორწინებაში არიან, შესაძლოა, აწყდებოდნენ წინააღმდეგობას და ოჯახისგან თანხმობის არ არსებობას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მათ მიმართ ძალადობა ოჯახების მხრიდან.

2017 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ინდუისტმა ქალმა საჩივარი შეიტანა კარელას შტატის ერთერთი იოგის ცენტრის წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სამი კვირის განმავლობაში გააჩერეს ცენტრში და მას აიძულებდნენ თავის ქრისტიანს ქმარს გაშორებოდა. სარჩელში ის ამტკიცებდა, რომ იგივე პრობლემა იოგის ცენტრში კიდევ 60 ქალს შეექმნა.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის მაისში მომზადებულ ინფორმაციაში ინდოეთში შერეული ქორწინების შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილია სამართლებრივი თანასწორობა მოქალაქეებისთვის, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა და აკრძალულია რელიგიური ნიადაგზე დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, პერიოდულად, ქვეყანაში ადგილი აქვს საზოგადოების მხრიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის ზრდას და ინდოეთის მთავრობა იბრძვის თემების მხრიდან ძალადობისგან რელიგიური უმცირესობების დაცვისა და მათთვის სამართლიანობის მიღწევისთვის, როდესაც დანაშაულს მაინც ექნება ადგილი.

ინდოეთის კონსტიტუცია, ასევე, კრძალავს კასტურ დისკრიმინაციას. კასტებისა და ტომების რეგისტრაცია გრძელდება, მაგრამ ამის მიზანს პოზიტიური სამოქმედო პროგრამები წარმოადგენს, რომელთაც მთავრობა ახორციელებს დაბალი კასტების წარმომადგენელთა გაძლიერების მიზნით. მიუხედავად ამისა, კასტური დისკრიმინაცია მაინც გავრცელებულია, განსაკუთრებით პერიფერიულ ზონებში.

2017 წელს ჟურნალში „სამხრეთ აზიის საზოგადოება და კულტურა“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შერეული ქორწინება ინდოეთში კანონიერია, წყვილები აწყდებიან სოციალურ ნორმებს, რომლებიც მათი ურთიერთობის წინააღმდეგია და ასეთ ურთიერთობას იხსენიებენ როგორც „ამორალურს“ ან „უწმინდურს“; ხანდახან, საქმე ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობამდე და თემიდან განდევნამდეც კი მიდის.

2017 წელს რელიგიის შესახებ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია მუსლიმ ფერმერ კაცზე, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს უტტარ პრადეშის შტატის პატარა სოფელში, იმის გამო, რომ ის ეხმარებოდა ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდას ინდუისტ გოგოსთან ურთიერთობაში. მოგვიანებით, მკვლელობისთვის ექსტრემისტული ჯგუფის „ჰინდუ იუვა ვაჰიმი (ინდუისტთა ახალგაზრდული ძალა)“ ოთხი წევრი დააპატიმრეს. წყარო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა იმ ბევრიდან, რომელსაც ინდოეთში შერეული ქორწინების გამო აქვს ადგილი. წყარო, ასევე, აღნიშნავს, რომ მართალია, ინდოეთი თავს იწონებს როგორც ერთიანი და მრავალფეროვანი, მაგრამ შერეული ქორწინებები წარმოუდგენლად იშვიათია.[2]

[1] UK Home Office: Country Policy and Information Note India: Religious minorities, May 2018

 (accessed on 23 May 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: 1. Information on interfaith and inter-caste marriages in India, in particular in the region of Kerala and the Trivandrum area 2. What is the treatment of people who convert to a different religion in order to get married in India, in particular in the region of Kerala? 3. Information on religious minorities groups belonging to the Ezhava Community who are in interfaith and/or inter-caste marriages 4. In case of religious intolerance towards people who are in interfaith and/or inter-caste marriages in India, is there a different degree of discrimination depending on the different level of income? 5. Information on the treatment of persons in interfaith marriages during the period 2014-2018 [Q72], 11 May 2018

 (accessed on 23 May 2019)