საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ 2018 წლის ივლისში ევროსაბჭოს წამების და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა აზერბაიჯანში 2004-2017 წლებში განხორციელებული ექვსი ვიზიტის ანგარიში. კომიტეტის განცხადებით, წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და აღნიშნული ქმედებებისთვის დაუსჯელობა კვლავ სისტემური და ენდემური ხასიათის მატარებელია. დაკავებულებს ხშირად უზღუდავენ მათთვის სასურველ ადვოკატზე წვდომას.
„Human Rights Watch“ წერს, რომ 2018 წლის თებერვალში, ელგიზ სადიგლი – ცნობილი გაქცეული აქტივისტის ძმა, გაიტაცეს და იზოლირებული ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში ოთხი დღის განმავლობაში. მისი მტკიცებით, პოლიცია მას სცემდა და მის წინააღმდეგ იყენებდა ელექტროშოკს; პოლიციის აღნიშნულ ქმედებას სადიგლი მისი ძმის აქტივობებს უკავშირებს. ამის შემდეგ ელგიზ სადიგლის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება სადიგლის მიერ წამების შესახებ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე.
წინსვლა არ ყოფილა, ასევე, 2017 წელს ბლოგერი მეჰმან გალანდაროვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამოძიების პროცესში. იგი საპატიმროში ჩამომხრჩვალი იპოვეს და სწრაფად დამარხეს მოწმეების გარეშე.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაციები აღიარების მიზნით წამების გამოყენების შესახებ. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები სტანდარტზე დაბალია; სამედიცინო ზრუნვა, ზოგადად, არა ადექვატურია და ციხეები გადატვირთულია. 2018 წლის მაისში მთავრობამ შეიწყალა კონსერვატიული შიიტური ჯგუფის „მუსლიმთა გაერთიანებული მოძრაობა“ 17-დან 7 წევრი, რომელთაც მთავრობის გადაგდების მცდელობაში ედებოდათ ბრალი. ჯგუფის ზოგიერთი წევრი ციხეში აწამეს.[2]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით წამება აკრძალულია და ასეთი ქმედებისთვის სასჯელი 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, წამების და სხვა ძალადობის შესახებ სარწმუნო ცნობები მაინც ვრცელდება. ყველაზე მეტი არასათანადო მოპყრობის ფაქტი პოლიციის დაკავების იზოლატორებში ხდება, სადაც აღიარებითი ჩვენების მისაღებად ძალას იყენებენ. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები ციხეებში წამების ფაქტების შესახებ.
მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის, რომელიც ციხეების მონიტორინგით არის დაკავებული, ინფორმაციით, ციხეებში არსებული პირობები ხანდახან მძიმე და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არა სათანადო კვებით, გათბობის და ვენტილაციის ნაკლებობით და ცუდი სამედიცინო დახმარებით. დაკავებულები, ასევე, ჩივიან წინასწარი დაკავების ცენტრებში არსებული არა ადამიანური პირობების გამო. მათი მტკიცებით, ასეთი ტიპის დაწესებულებებში არის ვენტილაციის და სათანადო სანიტარული პირობების ნაკლებობა.
ქალები და კაცები წინასწარი დაკავების პერიოდში ერთად არიან წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, სხვადასხვა ბლოკში და მსჯავრის დადების შემთხვევაში, ქალების მოთავსება ხდება ცალკე ციხეებში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ქალი პატიმრები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე მამაკაცი პატიმრები. ქალთა ციხეების მონიტორინგი უფრო ხშირად ხდება და მათ აქვთ უფრო დიდი წვდომა სწავლებსა და სხვა აქტივობებზე; თუმცა, ქალთა ციხეებში ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელთაც მამაკაცთა ციხეებშიც აქვს ადგილი. აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 2018 წლის განმავლობა 5 სამ წლამდე ბავშვი ცხოვრობდა საპატიმრო დაწესებულებაში თავიანთ პატიმარ დედებთან ერთად. არასრულწლოვანი დამნაშავეები შეიძლება არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში იყვნენ 20 წლის ასაკის მიღწევამდე.
ხელისუფლება განაგრძობს ახალი საპატიმრო დაწესებულებების მშენებლობას. საბჭოთა დროინდელი დაწესებულებები, რომელთა გამოყენება ახლაც ხდება, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ყველაზე ცუდი პირობები გობუსტანის ციხეში, #3 და #14 ციხეებსა და ტუბერკულოზის სამკურნალო პენიტენციურ ცენტრშია.
ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მტკიცებით, ბადრაგი ხანდახან ცემით ან სამარტოო საკანში გამწესებით სჯის პატიმრებს. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მტკიცებით, ყველაზე ცუდი პირობები გობუსტანის მკაცრი რეჟიმის ციხეშია.
დროდადრო პატიმრები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ფიზიკური აქტივობის საკმარისი შესაძლებლობა . ისინი ასევე აცხადებენ სივიწროვის, გადატვირთულობის, არა ადექვატური ვენტილაციის, ცუდი სანიტარული პირობები, საჭმელად უვარგისი საკვების და არასათანადო სამედიცინო ზრუნვის შესახებ. ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტი“ მრჩეველს მაჰამმად იბრაჰიმს დროულად არ გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია თვალზე, რამაც მისი მხედველობის სამუდამოდ დაზიანება გამოიწვია. 2018 წლის 19 სექტემბერს, როდესაც მომდევნო დღეს მას საპატიმრო დაწესებულება უნდა დაეტოვებინა, ბრალი დასდეს დანის უკანონო ტარებაში და კიდევ ექვსი თვით დატოვეს ციხეში. აღნიშნული პარტიის კიდევ ერთი წევრი ელნურ ფარაჯოვი, მისი ციხიდან გამოშვების შემდეგ მალევე, სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ოჯახის მტკიცებით, ფარაჯოვს სათანადოდ არ უმკურნალეს პატიმრობაში ყოფნის დროს.
ყოფილი პატიმრები და დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრებს ხშირად უწევთ ქრთამის გადახდა იმისთვის, რომ შეხვდნენ ოჯახის წევრებს, უყურონ ტელევიზორს, გამოიყენონ საპირფარეშო და საშხაპე ოთახები და მიიღონ საკვები საპატიმრო დაწესებულების გარედან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი უფლებას აძლევს პატიმრებს დღიურად გამოყოფილ რაციონზე დამატებით მიიღონ საკვები, ხშირად ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს ოჯახებისგან საკვების მიღებას უზღუდავს. ზოგიერთ ციხესა და დაკავების ცენტრებში არ არის სასმელი წყალი.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების უმეტესობის თქმით, მათ ცენზურის გარეშე შეუძლიათ საჩივრები შეიტანონ სასამართლოსა და ომბუდსმენის ოფისში, ციხის ადმინისტრაცია რეგულარულად კითხულობს პატიმრების კორესპონდენციას, აკვირდება შეხვედრებს ადვოკატებსა და კლიენტებს შორის და ზოგიერთ ადვოკატს უკრძალავს დოკუმენტაციის დაკავების დაწესებულებაში შეტანას ან იქიდან გამოტანას. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, ისინი რეგულარულად ახორციელებენ ციხეების მონიტორინგს და გამოძიებას პატიმრების საჩივრებზე, აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ომბუდსმენის ოფისის არასაკმარისად აქტიურია პატიმრების საჩივრებზე რეაგირების მხრივ და ვერ იძიებს პატიმრების საჩივრებს წამების და ძალადობის თაობაზე; როგორც ეს იყო მუსლიმთა ერთიანი მოძრაობის თავმჯდომარის აბბას ჰუსეინოვის და „N!DA“ აქტივისტის ილკინ რუსტამზადეს შემთხვევაში.
ციხის ადმინისტრაცია ზღუდავს ადვოკატისა და ოჯახის წევრების ვიზიტებს, განსაკუთრებით იმ პატიმრებისთვის, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკური მიზეზებით დაპატიმრებულად.
მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, მოინახულოს საპატიმრო დაწესებულებები. ხელისუფლება, როგორც წესი, ნებას რთავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოინახულოს სამხედრო და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ხალხი, რომლებიც საპატიმროში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით არიან დაპატიმრებულები; მათ ასევე უშვებენ იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მოქმედი ციხეების პატიმრებთან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს ვიზიტებს რათა დაიცვას პატიმართა უფლებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების შესაბამისად და რეგულარულად ეხმარება პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს კონტაქტის დამყარებასა და შენარჩუნებაში.
მთავრობისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოების ციხეების მონიტორინგის ერთობლივი ჯგუფი, რომელის საჯარო კომიტეტის სახელითაა ცნობილი, სარგებლობს უფლებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მოინახულოს ციხეები. რიგ შემთხვევებში, მიუხედავად ამისა, სხვა ჯგუფები, რომლებიც წინასწარ ატყობინებდნენ ვიზიტის თაობაზე, აწყდებოდნენ რიგ სირთულეებს.
2018 წლის 18 ივლისს, წამების პრევენციის კომიტეტმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო აღმასრულებელმა ბრძანებამ გარკვეულწილად გააუმჯობესა არსებული სიტუაცია, ძირითად, ციხეებში გადატვირთულობის შემცირების მიმართულებით. თუმცა, კომიტეტი ასევე აღნიშნავდა, რომ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მოქმედი სტანდარტი პატიმრების საცხოვრებელი ფართის შესახებ, ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტს; განსაკუთრებით, შუვალანსა და განჯაში.[3]
[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Azerbaijan, 17 January 2019
[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Azerbaijan, 4 February 2019
[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Azerbaijan, 13 March 2019
(accessed on 11 June 2019)