დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივნისი, 2019

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო დაიღუპა – ოფიციალური კიევის მტკიცებით, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 7 ივნისს 28-ჯერ დაარღვია. ორმხრივი სროლისას დაიღუპა ორი სამხედრო და დაიჭრა 12 ჯარისკაცი, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.[1]

თეირანში 500-ზე მეტი რესტორანი ისლამის პრინციპების დაუცველობის დამო დახურეს – ირანის დედაქალაქში რეიდი 547 რესტორანსა და კაფეში ჩატარდა. რამადანის ბოლო კვირაში დაწესებულებები ისლამური წესების დაუცველობის გამო დალუქეს. დაკავებულია 11 მფლობელი.[2]

ინდოეთში 8 წლის მუსლიმი გოგოს გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული 8 კაციდან 6 სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მათგან სამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მსხვერპლი ბავშვი ინდოეთში მცხოვრები მუსლიმი მომთაბარე ტომიდან იყო. ის 2018 წლის იანვარში ქალაქ კატჰუასთან მდებარე ტყეში იპოვეს. ეს ამბავი ინდური მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ადვოკატებმა და მემარჯვენე ჯგუფებმა საქმეზე ბრალდებული 8 ადამიანის დაკავება გააპროტესტეს. საქმეზე დაკავებულებს შორის იყო ერთ ერთი მსჯავრდებულის შვილიც, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა. დანარჩენ ბრალდებულებს შორის კი არიან როგორც ყოფილი პოლიციელები, ასევე საჯარო სამსახურის თანამშრომლები და არასრულწლოვანი. მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება, რადგან 18 წელს მიუღწეველი პირია.

როგორც გამოძიების პროცესში ითქვა, ბრალდებულებს ბავშვის გამოყენებით სურდათ ის ტომი, რომელსაც ბავშვი წარმოადგენდა (მათ გუჯარებს უწოდებენ), დაეშინებინათ და ტერორის ქვეშ ჰყოლოდათ. როგორც მოკლული გოგოს მშობლებმა სასამართლოზე თქვეს, მათი ოჯახი კატჰუში თავს დაუცველად გრძნობს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ინდოელებისგან შედგება.

BBC-ის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ინდოეთში ყოველ 155 წუთში ერთხელ 16 წლამდე ბავშვს,  ყოველ 13 საათში ერთხელ კი 10 წლამდე ბავშვს აუპატიურებენ. 2012 წელს ინდოეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 8,541 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს მაჩვენებელი 19,765 იყო. 2015 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა. ამასთან, ინდოეთში 240 მილიონამდე ქალმა ოჯახი 18 წლამდე შექმნა. ბავშვებზე სექსუალური მოძალადეების 50% მსხვერპლისთვის ნაცნობები ან ოჯახისთვის ნდობით აღჭურვილი ადამიანები არიან.[3]

ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს – ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ, 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. „გამოძიება 34 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს, მათგან 17 დაკავებულია. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. მიმდინარე წლის აპრილში გუაიდოს მხარი სამხედროების ჯგუფმა დაუჭირა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.[4]

ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს – 32 მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის განცხადებით, დამნაშავეები ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოკვლას 2014 წელს საუდის არაბეთში ვიზიტისას გეგმავდნენ. დანარჩენ 264 ადამიანს 3-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.[5]

სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა – მოგადიშუს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.  კიდევ ერთი აფეთქება, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

[1] UNIAN; Donbas warzone update: Number of attacks on Ukraine almost doubles; 8 June, 2019; available at: https://www.unian.info/war/10579224-donbas-warzone-update-number-of-attacks-on-ukraine-almost-doubles.html?fbclid=IwAR2LtMn2A50Yvow76_qu3e5T85hOe1utoR7tfjNBJrX_xpk3Sn7AfLU9gOY

[2] DW; Tehran shuts hundreds of restaurants for flouting Islam; By Nik Martin; 9 June, 2019; available at: https://www.dw.com/en/tehran-shuts-hundreds-of-restaurants-for-flouting-islam/a-49118896?fbclid=IwAR0x2xOe0np5i_lxjsRJfARI_HCw07b7sYqH-IQqDaWr1XqU8MccLaq__9Q

[3] BBC; Kathuna child rape and murder: Three men given life sentences; 10 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-48552354?fbclid=IwAR3u3ERGGxIO4s6qml6D52d3FSUqs4175svg9hQ5NJ1QL5tUnihr-A0Pg_A

[4] France 24; Venezuela says 17 arrested and charged over anti-Maduro coup; 11 June, 2019; available at: https://www.france24.com/en/20190611-venezuela-says-17-arrested-charged-over-anti-maduro-coup

[5] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს; 12 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108525/egvipteshi-terorizmis-braldebit-296-adamiani-gaasamartles

[6] იმედის ახალი ამბები; სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა; 15 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108783/somalis-dedaqalaqshi-ori-dzlieri-apetqeba-mokhda