პაკისტანი. ერთი დანაშაულისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ივნისი, 2019

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია პაკისტანის ნებისმიერი კანონის წინაშე და ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის, შეიძლება, დაისაჯოს პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ისე, როგორც დაისჯებოდა აღნიშნული ქმედების პაკისტანის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის მეოთხე მუხლი დამატებით ადგენს, რომ კოდექსის დებულებები ვრცელდება ასევე პაკისტანის ყველა მოქალაქეზე ან პაკისტანის სამსახურში მყოფ ყველა სუბიექტზე ნებისმიერ ადგილას – ნებისმიერ პირზე, გემზე ან საჰაერო ხომალდზე, რომელიც რეგისტრირებულია პაკისტანში. აღნიშნულ მუხლში გამოყენებული ტერმინი „დანაშაული“ მოიცავს პაკისტანის გარეთ ჩადენილ ნებისმიერ აქტს, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში, იქნებოდა დასჯადი აღნიშნული კოდექსის მიხედვით.[1]

„გადაეცი ან გაასამართლე“ პრინციპის შესაბამისად, პირი, რომელიც ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ქვეყანამ ან თავად უნდა გაასამართლოს დანაშაულის ჩამდენი ან კანონიერი საფუძვლებით გადასცეს გასასამართლებლად სხვა ქვეყანას. ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის პირი შეიძლება გასამართლდეს ან იმ ქვეყანაში, სადაც ჩაიდინა დანაშაული ან იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის.[2]

დაუშვებელია, პირი ორჯერ დაისაჯოს ერთი და იგივე დანაშაულისთვის. ორჯერ დასჯის დაუშვებლობის პრინციპი (ne bis in idem), რომელიც თითქმის უნივერსალურად არის ასახული ქვეყნების შიდა კანონმდებლობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტში, ადგენს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს ორჯერ ერთი და იგივე დანაშაულისთვის.[3]

ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გასამართლებას კრძალავს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია. მეცამეტე მუხლის მიხედვით, არავინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში ან დაისაჯოს ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთზე მეტჯერ.[4]

[1] Pakistan Penal Code (Act XLV of 1860); available at: http://www.pakistani.org/pakistan/legislation/1860/actXLVof1860.html [accessed 20 June 2019]

[2] UN; International Law Commission; Obligation to extradite or prosecute (aut dedere aut judicare); available at: http://legal.un.org/ilc/guide/7_6.shtml [accessed 20 June 2019]

[3] Oxford Public International Law; Ne bis in idem; Prohibition of Double Jeopardy; available at: https://opil.ouplaw.com/view/10.1093/law:epil/9780199231690/law-9780199231690-e66 [accessed 20 June 2019]

[4] The Constitution of the Islamic Republic of Pakistan; available at: http://www.pakistani.org/pakistan/constitution/ [accessed 20 June 2019]