რუსეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. ივნისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით აკრძალულია წამება და ძალადობა აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ბევრი სანდო წყარო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები მსგავს ქმედებებში ჩართულნი არიან და ხელისუფლება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აგებინებს პასუხს დამნაშავეებს.

პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია და მსგავს ქმედებებს ძირითადად ადგილი აქვს დაკავების პირველ დღეებში წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ყოფილი პოლიციები აცხადებენ, რომ ძირითადად გამოიყენება ელექტროშოკი, მხუთავი აირი, გაჭიმვა ან ხდება ზეწოლა სახსრებსა და მყესებზე, რადგან ასეთი მეთოდი ნაკლებად ტოვებს ხილულ კვალს. აღნიშნული სახის პრობლემა განსაკუთრებით აქტიურად დგას ჩრდილოეთ კავკასიაში.

მრავლად ვრცელდება ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მხრიდან წამების გამოყენების შესახებ ახალგაზრდა ანარქისტი და ანტიფაშისტი აქტივისტების წინააღმდეგ, რომელთაც ედავებიან სხვადასხვა სახის ტერორისტულ და ექსტრემისტულ შემთხვევებში ჩართულობას. აღიარებითი ჩვენების მისაღებად, სავარაუდოდ, წამება (ცემა და ელექტროშოკი) გამოიყენეს აქამდე უცნობი ორგანიზაციების „ქსელის“ და „ახალი დიდების“ წევრების წინააღმდეგ.

მრავლად ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილებზე ზეწოლის მიზნით, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 30 დღით ან მეტი ვადით დაკავების და მათი დასჯის მეთოდად ფსიქიატრიულ დაწესებაში გამწესების შესახებ.

ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები განსხვავებულია, მაგრამ ხშირად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. გადატვირთულობა, ბადრაგისა და პატიმრების მხრიდან ძალადობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვების დეფიციტი და არასათანადო სანიტარული მდგომარეობა გავრცელებულია ციხეებში, კოლონიებსა და სხვა დაკავების დაწესებულებებში.

ციხეების გადატვირთულობა კვლავ სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს ქალთა და მამაკაცთა, არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა, წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა განცალკევებას სხვადასხვა ბლოკებში, ყველა საპატიმრო დაწესებულება არ იცავს აღნიშნულ წესს. არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების საერთაშორისო რეფორმა ამტკიცებს, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში, ზოგადად, უკეთესი პირობებია, ვიდრე მამაკაცთა ციხეებში, თუმცა ქალთა საპატიმროებშიც პირობები სტანდარტზე დაბალია.

ბადრაგის მხრიდან ფიზიკური ძალადობა სისტემურია. მედია საშუალებამ „ნოვაია გაზეტა“ 2018 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო ვერდიქტმა“ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, 2017 წლის ივნისში, იაროსლავის ოლქის ციხეში „IK-1“ 17 ბადრაგი როგორ აწამებს პატიმარ ევგენი მაკაროვს. მინიმუმ 11 თანამშრომელი და ასევე, გამომძიებელი, რომელმაც სათანადო რეაგირება არ მოახდინა საჩივარზე, ასევე 5 პატიმარი დააპატიმრეს მაკაროვის წინააღმდეგ ძალადობის გამო. 24 ივლისს მაკაროვის ადვოკატმა ირინა ბირიუკოვამ, მას შემდეგ რაც სიკვდილის მუქარები მიიღო, ქვეყანა დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის სამშობლოში დაბრუნდა. ვიდეოს გამოქვეყნების დროს, მაკაროვი გადაყვანილი იყო იაროსლავი ოლქის ციხეში „IK-8“, სადაც, მისი მტკიცებით, მას ციხის პერსონალი სხვადასხვა მიზეზების გამო მძიმედ ცემდა. 19 სექტემბერს საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკაროვის „IK-8“ ციხეში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 1-ელ ოქტომბერს მაკაროვი ციხიდან გაათავისუფლეს. მაკაროვის საქმეს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ბევრ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით (პატიმრების წამება) ციხის პერსონალის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა ასევე წარმოადგენს პრობლემას. 2018 წლის 5 ივლისს, მაგალითად, უკრაინელი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში ფეხების მოტეხილობითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, პავლო ჰრიბი როსტოვი დონზეში გადაყვანის დროს პატიმრებმა ცემეს.

გასული წლის განმავლობაში, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრების წინააღმდეგ ძალადობის ჩადენისთვის პატიმრების გამოყენების შესახებ. პირველ აგვისტოს, ვლადიმირში, ორი პატიმარი და 6 თანამშრომელი წამებისთვის გაასამართლეს, მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავების დაწესებულებაში წამებისთვის განკუთვნილი პალატა აღმოაჩინეს. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებს ამყოფებდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოსაყენებლად, რათა სხვა პატიმრებს მოეხდინათ თვით-ინკრიმინირება.

გადატვირთულობის დონე, კვების, ვენტილაციის, გათბობისა და სანიტარული სტანდარტები სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვაგვარია, თუმცა, ზოგადად, ცუდია. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ გადაადგილებისა და ვარჯიშის მინიმალურ შესაძლებლობებზე. სასმელი წყალი ხანდახან ნორმირებულია და საკვების ხარისხი დაბალია. ბევრი პატიმარი დამოკიდებულია ოჯახისგან ან არასამთავრობო სექტორისგან მიწოდებულ საკვებზე. ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ პრობლემაა.

2017 წლის ანგარიშში „Amnesty International“ წერს, რომ ქვეყნის საპატიმრო ტრანსპორტირების პრაქტიკა „გულაგების ეპოქის მემკვიდრეობაა“. პატიმრები კვირების მანძილზე გადაყავთ ვიწრო მატარებლებით, სადაც არაა ვენტილაცია, ბუნებრივი სინათლე, შეზღუდულია წყალი და საპირფარეშოებზე წვდომა.

არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ აივ ინფექციის მქონე პატიმრებს არ უწევენ ადექვატურ მკურნალობას.

გავრცელებული ცნობებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს ამყოფებენ განსაკუთრებით მძიმე საპატიმრო პირობებში და ისინი არიან ისეთი სადამსჯელო ქმედებების ობიექტები, როგორიცაა სამარტოო საკანში ან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გამწესება. 2018 წლის 21 სექტემბერს უკრაინელი პატიმარი ოლექსანდერ კოლჩენკო სამი დღის განმავლობაში სამარტოო საკანში გაამწესეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიება დაკავშირებული იყო პატიმრის თხოვნასთან, რომ იგი უკრაინის კონსულს მოენახულებინა.

მსჯავრდებულებს და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ ვიზიტორების მიღება უფლება, თუმცა მათი ეს უფლება სხვადასხვა გარემოებების გამო შეიძლება შეიზღუდოს ციხის ადმინისტრაციის მიერ. კანონით, შედარებით მძიმე სასჯელის მქონე პატიმრებს აქვთ ნაკლები დრო ვიზიტორებისთვის, მოსამართლეს, კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლია პატიმარს ვიზიტები აუკრძალოს. ციხის ადმინისტრაციამ, ასევე, შეიძლება ვიზიტი არ დაუშვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიზეზით.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს საჩივრების წარდგენის უფლება აქვთ როგორც საჯარო ზედამხედველობის კომისიაში, ასევე ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ოფისში, ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლების გამოყენებას, რადგან ეშინიათ შემდგომი რეპრესიების. ციხის რეფორმის აქტივისტების მტკიცებით, მხოლოდ ის პატიმრები, ვინც მიიჩნევს, რომ სხვა გზა აღარ აქვთ, რისკავენ საჩივრების დაწერას. საჩივრები, რომლებიც საჯარო ზედამხედველობის კომისიამდე აღწევს, როგორც წესი, ფოკუსირებულია მცირე პირადი ხასიათის თხოვნებზე.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ბევრი პატიმარი, რომელთაც წამების შესახებ განაცხადეს, მოგვიანებით, ცრუ ბრალდებაში დაადანაშაულეს, რაც ხშირად სასჯელის დამატებით დასრულდა. 2018 წლის 11 იანვარს კიროვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა ცრუ ბრალდების მუხლით საქმე აღძრა ერთერთი პატიმრის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი აწამეს (ცემა და ელექტროშოკი) საპატიმრო დაწესებულებაში „IK-1“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საპატიმროში ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც პატიმარმა დაწესებულების წინააღმდეგ წამების გამო საჩივარი შეიტანა.

ხელისუფლება ნებას რთავს საჯარო ზედამხედველობის კომისიის რეგულარულად მოინახულოს საპატიმრო დაწესებულებები და შეამოწმოს იქ არსებული პირობები. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიის 1154 წევრმა ვიზიტები განახორციელა 81 რეგიონში. ადამიანის უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ კომისიის ბევრი წევრი ახლო კავშირშია ხელისუფლებასთან და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა.

2018 წლის 19 ივლისს მიღებული კანონის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის კომისიის წევრებს უფლება აქვთ, პატიმრების თანხმობის საფუძველზე, აწარმოონ პატიმრების ფოტო და ვიდეო გადაღება. კომისიის წევრებს, ასევე, უფლება აქვთ აიღონ ჰაერის სინჯები და აწარმოონ სხვა გარემოსდაცვითი ინსპექტირება; ასევე, შეისწავლონ უსაფრთხოების და ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე წვდომის შესაძლებლობები.

ხელისუფლება ნებას რთავს წამების პრევენციის კომიტეტს, მოინახულონ ციხეები, თუმცა არ თანხმდება კომიტეტის მიერ ანგარიშის გამოქვეყნებას. უკანასკნელად კომიტეტმა ანგარიში 2013 წელს გამოაქვეყნა (ვიზიტი განხორციელდა 2012 წელს).[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში რუსეთის შესახებ წერს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ფართოდაა გავრცელებული და სამართალდამცველები იყენებენ ელექტროშოკს და გაჭიმვას, რადგან ასეთი მეთოდი ნაკლებად ტოვებს ხილულ კვალს. ციხეები გადატვირთულია და დგას სანიტარიის პრობლემა; პატიმრებს არ აქვთ სათანადო წვდომა ჯანდაცვაზე და ბადრაგის მხრიდან შევიწროვების ობიექტები არიან. 2018 წლის აგვისტოში მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ბადრაგი ორგანიზებულად როგორ ცემს პატიმარს იაროსლავლის ციხეში. ხელისუფლებამ, სახალხო გამოძახილის შემდეგ, დააპატიმრა 12 ბადრაგი. გასული წლის დეკემბერში, არასამთავრობო სექტორი კვლავ საუბრობდა ამავე რეგიონის სხვა ციხეში არსებულ სისტემატურ ძალადობაზე.[2]

2018 წლის აგვისტოში მედია საშუალებაში „მედუზა“ გავრცელდა ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში წამების საჯაროდ გახმაურებული 50-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. დამნაშავეებს შორის იყვნენ პოლიციელები, გამომძიებლები, უსაფრთხოების აგენტები და პენიტენციური სისტემის თანამშრომლები. ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და მხოლოდ ერთი საქმე მივიდა სასმართლომდე.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Russia, 13 March 2019

 (accessed on 21 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Russia, 4 February 2019

 (accessed on 21 June 2019)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Russia, 17 January 2019

 (accessed on 21 June 2019)