ირანი. გირაოს სანაცვლოდ გაშვებული პირის მიერ ქვეყნის დატოვება. ივნისი, 2019

დანიის იმიგრაციის სამსახურისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, რომელიც ირანში არსებულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას ეხება, ნათქვამია, რომ ირანში პირისთვის მსჯავრის დადების შემდგომ ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც პირი თავისუფლდება გირაოს სანაცვლოდ, მის მიმართ აკრძალვა საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით ავტომატურად არ წესდება. აღნიშნული დამოკიდებულია კონკრეტული საქმის სიმძიმესა და მოსამართლის დისკრეციაზე. როგორც წესი, სამოქალაქო პროცესების შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის დროს, ბრალდების მხარემ შესაძლებელია მოითხოვოს პირისთვის გადაადგილების შეზღუდვის დაწესება.

ზემოხსენებული შეზღუდვა თითქმის ყოველთვის სახეზეა, როდესაც პროცესი ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ან საქმე გვაქვს პოლიტიკურ საქმესთან და როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გირაო საერთოდ არ ინიშნება. მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის დროს, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი პროცესს არ ესწრება, აკრძალვა ავტომატურად ინიშნება და მოსამართლე ვერ სარგებლობს დისკრეციული უფლებით.

ბრალდებულს შეუძლია დატოვოს ქვეყანა, თუ მოსამართლეს მის მიმართ არ დაუწესებია აკრძალვა ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით (აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის შემდგომ პროცესზე არ გამოცხადდება, მის მიერ გადახდილი გირაო კონფისკაციას ექვემდებარება). ხოლო იმ პირთა სია, რომელთა მიმართაც ზემოხსენებული შეზღუდვა  მოქმედებს, შენახულია პროკურატურის მონაცემთა ბაზაში, რომელზე წვდომაც ასევე გააჩნიათ სასაზღვრო სამსახურებს.[1]

ირანის საჯარო და რევოლუციურ სასამართლოთა სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის 132-ე მუხლში მოცემულია ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ბრალდებულის გამოცხადება მომავალ სასამართლო პროცესზე. აღნიშნული საშუალებებია: 1. პირის მიერ სასამართლოში მიცემული ზეპირი ვალდებულება; 2. იგივე ვალდებულება, ოღონდ ხელწერილის სახით; 3. სხვა პირის თავდებობა; 4. გირაო, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს ნაღდი ფული, საბანკო ანგარიში, უძრავი ქონება და ა.შ.; 5. დროებითი დაკავება.

133-ე მუხლის თანახმად, „დანაშაულის მნიშვნელობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლომ შესაძლებელია დამატებით გამოსცეს დადგენილება, რომლითაც აუკრძალავს ბრალდებულს ქვეყნის დატოვებას 6 თვის ვადით. აღნიშნული 6-თვიანი ვადა, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაძლებელია რამდენჯერმე განახლდეს დამატებითი 6-თვიანი ვადით“.[2]

[1] Joint report from the Danish Immigration Service and The Danish Refugee Council – Iran Judicial Issues; available at 

[accessed 26 June 2019]

[2] English Translation of the Islamic Republic of Iran’s Criminal Code of Procedure for Public and Revolutionary Courts – articles 132; 133; available at http://www.bdo3c.f-sc.org/archives/1683.pdf  [accessed 26 June 2019]