პალესტინა. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პალესტინის შესახებ წერს, რომ პალესტინის ხელისუფლების (1994 წელს შექმნილი თვითმმართველი დროებითი მთავრობა – Palestinian Authority PA) საბაზისო კანონმდებლობა ადგენს არჩევითი პრეზიდენტისა და საკანონმდებლო საბჭოს ინსტიტუციებს. დასავლეთ სანაპიროსა (West Bank) და ღაზაში (Gaza) არჩევნები 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. პრეზიდენტი თავის პოსტზე დარჩა მისი ოთხწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც. პალესტინის საკანონმდებლო საბჭო აღარ ფუნქციონირებს 2007 წლის შემდეგ. 2018 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა აბასმა განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება პალესტინის საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნისა და 6 თვის ვადაში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. პალესტინის ტერიტორიის მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერი რამი ჰამდალა. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ასევე არის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოძრაობა ფათაჰის მთავარი სარდალი.

პალესტინის ხელისუფლებას სხვადასხვა ხარისხის ძალაუფლება აქვს დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ღაზაში არანაირ გავლენას ისინი არ ფლობენ. პალესტინის ხელისუფლება აწესებს სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს დასავლეთ ნაპირის A ზონაში; ხოლო B ზონაში ის აწესებს სამოქალაქო კონტროლს და უსაფრთხოების კონტროლს ისრაელთან ერთად. პალესტინის ხელისუფლებას არანაირი გავლენა არ აქვს არც ებრაელ და არც პალესტინელ მოსახლეობაზე C ზონაში, სადაც ეფექტურ სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს ისრაელის სამოქალაქო ხელისუფლება ინარჩუნებს. როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ხელისუფლების სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ თავიანთ უსაფრთხოების ძალებზე. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის ხელისუფლების კანონმდებლობა ვრცელდება ღაზაზე, PA-ის არ აქვს ძალაუფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი კანონმდებლობა აღასრულოს. 2007 წელს „ჰამასმა“ ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ღაზაში და მას შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის დე ფაქტო მმართველია. ჰამასი ღაზას მართავს პალესტინის ტერიტორიის კანონმდებლობისა და თავად ჰამასის დადგენილებების კომბინირებით. ჰამასი ეფექტურ კონტროლს ფლობს უსაფრთხოების ძალებზე ღაზაში.

2018 წლის 30 მარტს პალესტინელებმა ღაზაში დაიწყეს „დაბრუნების მარში“ – საპროტესტო გამოსვლების სერიები ღაზასა და ისრაელს შორის გავლებულ ღობესთან. პროტესტი, რომელმაც ათობით ათას ადამიანს მოუყარა თავი და მოიცავდა, მათ შორის, შეიარაღებულ ტერორისტებს, სამხედროებს, რომლებიც სხვადასხვა აალებად მოწყობილობებს ისროდნენ ისრაელის მიმართულებით და ასევე შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰამასმა ეფექტური კონტროლი დაამყარა საპროტესტო აქციებზე და ბევრი მათგანის ძალადობრივად განვითარება წაახალისა.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება:

პალესტინის ხელისუფლება – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ; სისტემატური წამების, თვითნებური დაკავებების, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების შესახებ; ვრცელდება ინფორმაციები პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევების შესახებ. დაწესებულია გაუმართლებელი შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს და ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯას; ასევე, იზღუდება ინტერნეტი, მათ შორის ცენზურითა და საიტების დაბლოკვით. მნიშვნელოვნად იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, მათ შორის ავიწროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეზღუდულია პოლიტიკური ჩართულობა – 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები. ვრცელდება ინფორმაციები ანტისემიტური მოტივებით ძალადობისა და ასევე კორუფციის შესახებ. მთავრობა ეფექტურად არ იძიებს საჩივრებს გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ბავშვთა იძულებითი შრომის გამოყენების შესახებ.

ისრაელის ხელისუფლება – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ, მათ შორის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად პალესტინელების დაღუპვა მოჰყვა არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენებას; ვრცელდება ინფორმაციები წამების და თვითნებური დაკავებების შესახებ. ასევე ხდება თვითნებური ჩარევა პირად ცხოვრებაში და დაწესებულია შეზღუდვები გამოხატვის და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს; ასევე, დაწესებულია შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის გასვლაზე ნებართვის მოთხოვნა.

ჰამასი – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ; სისტემატური წამების, თვითნებური დაკავებების, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების შესახებ; ვრცელდება ინფორმაციები პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევების შესახებ. მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს; ასევე, იზღუდება ინტერნეტი, მათ შორის ცენზურითა და საიტების დაბლოკვით. მნიშვნელოვნად იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება. დაწესებულია მნიშვნელოვანი შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის გასვლაზე ნებართვის მოთხოვნა. შეზღუდულია პოლიტიკური ჩართულობა – 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები. პრობლემას წარმოადგენს კორუფცია და ბავშვთა რეკრუტირება სამხედრო მიზნებით, ასევე ანტისემიტური მოტივებით ძალადობა. ვრცელდება ინფორმაციები ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შესახებ. ასევე, ბავშვთა იძულებითი შრომის გამოყენების შესახებ.

პალესტინელი სამოქალაქო პირები – ვრცელდება მრავალი ინფორმაცია უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ, მათ შორის 8 ებრაელი ჯარისკაცის და 7 სამოქალაქო პირის მკვლელობის შესახებ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

ებრაელი სამოქალაქო პირები – გავრცელდა ინფორმაცია უკანონო და თვითნებური მკვლელობის ერთი ფაქტის შესახებ – დასავლეთ ნაპირზე მოკლეს პალესტინელი პირი. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ქონების დაზიანებისა და სოფლის მეურნეობის განადგურების შესახებ.

პალესტინის ხელისუფლება და ისრაელის ხელისუფლება დგამენ ნაბიჯებს დაუსჯელობის წინააღმდეგ და ძალადობის შემცირებისკენ, თუმცა კრიტიკოსების მტკიცებით, ორივე მხარე არასათანადოდ და არაადექვატურად იძიებს და ატარებს დისციპლინურ ქმედებებს მოძალადეების მიმართ. არ არსებობს სამართლებრივი ან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც უნარი ექნება პასუხისმგებლობა დააკისროს ჰამასის დე ფაქტო ხელისულფებას ღაზას სექტორში.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის ანგარიშში პალესტინის შესახებ წერს, რომ პალესტინის ხელისუფლება დასავლეთ სანაპიროზე და ჰამასის დე ფაქტო ადმინისტრაცია ღაზაში განაგრძობენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას. პალესტინის ძალები დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში იყენებენ თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ. ფართო მასშტაბის წამება და არა ადამიანური მოპყრობა კვლავ გავრცელებულია და ორივე ხელისუფლების პირობებში დაუსჯელი რჩება. უსაფრთხოების ძალები დასავლეთ სანაპიროზე იყენებენ გადამეტებულ ძალას დაპატიმრებებისა და მშვიდობიანი პროტესტების დაშლის დროს. პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზაში გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ართულებს ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ისრაელის მხრიდან დაწესებული ბლოკადის გამო, უკვე 11 წელია გრძელდება. ქალები, როგორც ღაზაში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, აწყდებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას. ლგბტ თემის წარმომადგენლები თვითნებური დაპატიმრებებისა და არა სათანადო მოპყრობის ობიექტები არიან.

2018 წლის 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა სოციალური უსაფრთხოების ახალი კანონი. კანონის მიღებას მოჰყვა ძლიერი სამოქალაქო წინააღმდეგობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა დასავლეთ სანაპიროზე. კანონის ოპონენტები წუხდნენ, რომ ყოველთვიური დაქვითვები უმართავი იქნებოდა დასაქმებულებისთვის, ხოლო ხელისუფლება კორუფციის ან არასაკმარისი სტაბილურობის გამო, ვერ მოახერხებდა მათი კონტრიბუციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ადმინისტრაციამ შეწყვიტა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოს (UNRWA) დაფინანსება, რომელიც 5 მილიონამდე პალესტინელ ლტოლვილს უწევდა მხარდაჭერას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი კრიზისი გააჩნა ჰუმანიტარული დაფინანსების კუთხით პალესტინის ტერიტორიასა და ღაზას სექტორში, სადაც 80% სწორედ დახმარებაზეა დამოკიდებული. ღაზა რჩება ისრაელის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბლოკადის ქვეშ, რომელიც ძალაშია 2007 წლის შემდეგ. ეგვიპტეს კვლავ თითქმის სრულად დაკეტილი აქვს რაფას საზღვარი ღაზასთან. ყოველივე ეს იწვევს მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზას 2 მილიონამდე მოსახლისთვის. გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისა და კოორდინირების ოფისის განცხადებით, ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ღაზის სექტორის შესახებ წერს, რომ მოსახლეობის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები მკაცრად შეზღუდულია. ისრაელის დე ფაქტო ბლოკადა, პერიოდული სამხედრო ოპერაციების პარალელურად და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევები,  სერიოზულ ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას; ამას ემატება ეგვიპტის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლი სამხრეთ საზღვარზე. 2018 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და ასობით დაშავდა დე ფაქტო საზღვართან მიმდინარე დემონსტრაციების (დაბრუნების მარში) დროს. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ისრაელის სამხედრო ძალების მიერ საბრძოლო შეიარაღების გამოყენებას მოჰყვა. წლის ბოლოს, ისრაელის მხრიდან ბლოკადის, დონორების საერთო დაფინანსების შემცირების და პალესტინის ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო ტრანსფერების შემცირების გამო, ღაზა იყო ეკონომიკური კოლაფსის პირას.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში დასავლეთ სანაპიროს შესახებ წერს, რომ ტერიტორია ისრაელის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა, რაც გულისხმობს ფიზიკურ ბარიერებს გადაადგილებაზე, სახლების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის დანგრევას, პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე შეზღუდვებს და ებრაული დასახლებების გაფართოებას. ებრაელი მოსახლეები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოქალაქეები არიან და იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ისრაელის სხვა მოქალაქეები. დასავლეთ სანაპიროს პალესტინელები, იერუსალიმის აღმოსავლეთ მცხოვრებთა გარდა, პალესტინის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ არიან. პალესტინის ხელისუფლება ავტორიტარული მართვის მანერით გამოირჩევა, რაც გამოიხატება, მათ შორის, ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებათა აქტივისტების შევიწროვებაში. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა მცირე ნაწილი ისრაელის მოქალაქეობას ფლობს; უმეტესობას სპეციალური ბინადრობის ნებართვა აქვს, რომელიც მათ უფრო შეზღუდულ უფლებებს აძლევს, ისრაელის მოქალაქეობის მქონეებთან შედარებით.[4]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Israel, Golan Heights, West Bank, and Gaza – West Bank and Gaza, 13 March 2019

 (accessed on 9 July 2019)

[2] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Palestine (State of) [MDE 21/9912/2019], 26 February 2019

 (accessed on 10 July 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Gaza Strip, 4 February 2019

 (accessed on 9 July 2019)

[4] Freedom House: Freedom in the World 2019 – West Bank, 4 February 2019

 (accessed on 9 July 2019)