სომალი. ჰავიიეს კლანის წევრთა მდგომარეობა ქ. მოგადიშუში. ივლისი, 2019

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალიში არსებული ძირითადი კლანების და უმცირესობების შესახებ წერს, რომ მთლიან ქვეყანაში გავრცელებულია 4 ძირითადი კლანი: დაროდ, ჰავიიე, ისააქ და დირ. ჰავიიეს კლანის განსახლების ძირითადი არეალი არის ცენტრალური და სამხრეთი სომალი. ამას გარდა, ყველა შესწავლილი წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქ მოგადიშუში, ზოგადად  დომინირებს ზემოხსენებული კლანი, თუმცა, არსებობს ცალკეული უბნები, სადაც აღნიშნული 4 ძირითადი კლანიდან ერთერთია შედარებით დომინანტურ პოზიციაში.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „განსხვავებით, 1990-იანი წლებიდან, როდესაც ბევრი არა-ჰავიიე პირი იძულებული იყო, გაქცეულიყო მოგადიშუდან, რადგან მათ ჰავიიე კლანის წევრები ავიწროებდნენ, დღევანდელი სიტუაციით, მოგადიშუ კოსმოპოლიტური ქალაქია, სადაც განსხვავებული კლანისა თუ კულტურული ჯგუფის წარმომადგენელი პირები ცხოვრობენ“.

რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ პარაგრაფში, საშინაო საქმეთა ოფისი ბრიტანელ სპეციალისტებს მოუწოდებს, რომ „ზოგადად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 4 ძირითადი კლანის (დაროდ, ჰავიიე, ისააქ და დირ) წევრი პირი შეძლებს, დაადასტუროს მაღალი რისკის შემცველი საფრთხე, რომელიც მას დაემუქრება მოგადიშუში დაბრუნებისას, მხოლოდ საკუთარი კლანური კუთვნილებიდან გამომდინარე“.[1]

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალური და სამხრეთი სომალის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვყნებულ ანგარიშში წერს, რომ „სომალიში გვხვდება 4 ძირითადი, „დიდგვაროვანი“ კლანი, ესენია: დაროდ, ჰავიიე, ისააქ და დირ“. „დედაქალაქი მოგადიშუ შედგება 16 ძირითადი უბნისგან, ხოლო კლანური კუთვნილების კუთხით, მოგადიშუში დომინანტური პოზიცია უჭირავს ჰავიიეს კლანს“.

ამას გარდა, „კლანური კუთვნილების საკითხი ასევე დიდ როლს თამაშობს სომალის ეროვნული არმიის ფორმირებაში. არმიის რიგებში, უმრავლესობას წარმოადგენენ ჰავიიეს კლანის წევრები“.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Asylum Research Consultancy“ 2018 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) სომალის შესახებ წერდა, რომ „დღევანდელი მდგომარეობით, მოგადიშუში დომინირებს ჰავიიეს კლანი. მართალია, სხვა კლანის წევრები ცხოვრობენ და საქმიანობენ დედაქალაქში, თუმცა, მხოლოდ ჰავიიეს კლანს შეუძლია მოკლე დროში დიდი რაოდენობით შეიარაღებული პირების მობილიზება. ამას გარდა, არა-ჰავიიე მოსახლეობა იძულებულია, მოლაპარაკებები გამართონ ჰავიიეს კლანთან, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება“.[3]

2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი – Landinfo წერდა, რომ „მოგადიშუ არის კოსმოპოლიტური ქალაქი, სადაც სომალიში მცხოვრები თითქმის ყველა კლანისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბინადრობს. თუმცა, 1991 წლიდან მოყოლებული, ქალაქში დომინატურ პოზიციაში იმყოფება ჰავიიეს კლანი, კერძოდ – აღნიშნული კლანის „აბგალ“-ის განშტოება“.[4]

დანიის იმიგრაციის სამსახური 2016 წლის დეკემბერში განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში წერდა, რომ „მოგადიშუში დომინირებს ჰავიიეს კლანი, თუმცა გვხვდება ზოგიერთი უბანი, სადაც დომინანტურ პოზიციაში არიან 4 ძირითადი კლანიდან ერთერთი, მაგალითად, დაროოდ“.[5]

[1] UK Home Office – Country information and protection guidelines for British asylum authorities on majority clans and minority groups (clan system; treatment; clan support and protection; state protection; treatment of IDPs); available at

[accessed 03.07.2019]

[2] Netherlands Ministry of Foreign Affairs – Country of Origin Information Report on South and Central Somalia; available at

[accessed 03.07.2019]

[3] Asylum Research Consultancy – Situation in South and Central Somalia (including Mogadishu); available at

[accessed 03.07.2019]

[4] Landinfo – Relevant Social And Economic Conditions Upon Return To Mogadishu; available at

[accessed 03.07.2019]

[5] Danish Immigration Service – South and Central Somalia Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups Report; available at

[accessed 04.07.2019]