დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივლისი, 2019

აშშ-მა „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ არის შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფება, რომელიც ძირითადად ბალუჩებით დასახლებულ რაიონებში მოქმედებს და თავს ესხმის სამართალდამცველებსა და სამოქალაქო პირებს. 2018 წელს დაჯგუფებამ რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ჩინელ ინჟინერებზე აგვისტოში, თავდასხმა ჩინეთის საკონსულოზე კარაჩიში ნოემბერში და თავდასხმა სასტუმროზე ქალაქ გვადარში უკვე 2019 წლის მაისში.[1]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელაში სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი რაფაელ აკოსტა მოკლეს. ოპოზიცია სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ადანაშაულებს. ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს რეჟიმი ოფიციალურ პირებს იტაცებს და წამებით კლავს. მანამდე მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიცია და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო ოფიცრების დახმარებით მისი მთავრობის ჩამოგდებას გეგმავენ. ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.[2]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვენესუელა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის წინააღმდეგ სიკვდილის ესკადრონების შექმნაში დაადანაშაულა. გაერო მოუწოდებს ვენესუელას შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ვითარებას აზარალებს. გაეროს მოწოდებას ნიკოლას მადუროს ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ქაბულში ტერაქტი თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 105 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[4]

5 ივლისს, ავღანეთის ქალაქ ღაზნის შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქება მოხდა. ინციდენტს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[5]

მომდევნო დღეს მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამჯერად ასაფეთქებელი მოწყობილობა ღაზნის ცენტრში ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 სამხედრო. გარდა ამისა, დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სტუდენტია. აფეთქებების სერიას დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა.[6]

[1] US Department of State; Terrorist designation of Balochistan Liberation Army and Husain Ali Hazima and amendments to the terrorist designations of Jundallah; Media Note; Office of the spokesperson; 2 July, 2019; available at: https://www.state.gov/terrorist-designations-of-balochistan-liberation-army-and-husain-ali-hazzima-and-amendments-to-the-terrorist-designations-of-jundallah/

[2] BBC; Venezuela crisis: Outrage over navy captain’s death in custody; 1 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48821322

[3] BBC; Venezuela’s rulers accused by UN of death squads and policy of fear; 5 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48873500

[4] Al Jazeera; Taliban attack in Kabul kills 16, wounds dozens of children; 1 July, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/07/explosion-hits-kabul-diplomatic-district-media-reports-190701043918371.html

[5] Reuters; Islamic State says it carried out attack at Shi’ite mosque in central Afghanistan; 6 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/islamic-state-says-it-carried-out-attack-at-shiite-mosque-in-central-afghanistan-idUSKCN1U109O

[6] The Guardian; Afghan car bomb kills 14 and wounds dozens, including students; 7 July, 2019; available at: https://www.theguardian.com/world/2019/jul/07/afghan-car-bomb-kills-wounds-dozens-including-school-students?fbclid=IwAR3hIkgNDKOBKfQmWOONyHbSixN7jvYceSjAq8OdcCsKVzOkofQ9l8nGgSI