ეგვიპტე. გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ივლისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ „მოქალაქეები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს  მრავალ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობა, მისდამი კრიტიკულად განწყობილ პირებს სისხლისსამართლებრივ დევნას უქვემდებარებდა, ძირითადად, ძალადობისკენ მოწოდების, რელიგიის შეურაცხყოფის, საჯარო მოხელეთა და დაწესებულებათა (მაგ. სასამართლო, არმია, ა.შ.) შეურაცხყოფისა ან საჯარო მორალის დარღვევის ბრალდებების საფუძველზე.“ ამას გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პირები ფართოდ იყენებდნენ სოციალურ მედიის ვებ-გვერდებს (Twitter, Facebook), რათა გამოეხატათ საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ“.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ მთავრობა აგრძელებდა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა სისხლისამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებას, მათ შორის, ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიმართ.  ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით „სამთავრობო უწყებებმა გამოიყენეს კონტრ-ტერორისტული და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობა და სასამართლოები, რათა უსამართლო სისხსლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ  იმ ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ, ზოგადად, კრიტიკოს პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც საკუთარი აზრი მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს“.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ ეხება ეგვიპტეში პრესისა და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას, წერდა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით სიტუაცია კვლავ გაუარესდა 2018 წელს, გაიზარდა რა ონლაინ-ცენზურა, ხოლო მრავალი პირი დაკავებული ან დაპატიმრებული იქნა ონლაინ სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვისთვის.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის აპრილსა და სექტემბერში, ეგვიპტის 17 ქალაქიდან 240 პირი იქნა დაკავებული სოციალური მედიის საშუალებით პრეზიდენტი სისის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ასევე 2017 წელს, კოპტ ქრისტიან ენდრიუ სალეებს მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა „ტერორიზმის ხელშეწყობისთვის“, მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე პრეზიდენტი სისი გააკრიტიკა და ასევე, მოსახლეობის მოუწოდა, გამოეხატათ პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.

ამას გარდა, 2017 წლის ნოემბერში, ბლოგერი და ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი პირი – ისლამ ალ-რაფაეი, რომელიც პოლიტიკური და სოციალური თემების მიმართ სარკასტული კომენტარებით იყო ცნობილი, „ტერორისტული ჯგუფის წევრობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებების“ ბრალდებით, დააკავეს.

ასევე, 2017 წლის ნოემბერში დააკავეს მოჰამედ იბრაჰიმი, ცნობილი აქტივისტი და ბლოგერი. ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა 2018 წლის აპრილში კვლავ დააკავეს და დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. (შესაბამის სამსახურებს მისი დაკავების მიზეზი არ განუმარტიათ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე იბრაჰიმა საკუთარ youtube ბლოგზე განათავსა მასალები, სადაც იკვეთება ეროვნული უსაფრთხოების ძალების მონაწილეობა წამებისა და იძულებითი გაუჩინარებების ფაქტებში. ამას გარდა, მან გააკრიტიკა გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.[3]).

2018 წლის მაისში დააკავეს ცნობილი ბლოგერი და ჟურნალისტი ვაელ აბბასი. მას ბრალი დასდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და უკანონი ჯგუფის წევრობაში. აბასი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ აქტივისტს, რომელიც ცნობილია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების ამსახველი მასალების დოკუმენტირებითა და გამოქვეყნებით.

2018 წლის მაისში, აქტივისტი ამალ ფატჰი დააკავეს მას შემდეგ, რაც საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც აკრიტიკებდა ეგვიპტის მთავრობას იმის გამო, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა ქალთა დაცვას სექსუალური შევიწროებისგან და ვერ აუმჯობესებდა ადამიანის უფლებებისა და სოციო-ეკონომიკური კუთხით არსებულ მდგომარეობას.

აქტივისტი შადი ალ-გჰაზალი დაკავებულ იქნა 2018 წლის მაისში, პრეზიდენტის შეურაცხყოფის, კანონით აკრძალული ჯგუფის წევრობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, საუდის არაბეთისთვის კონკრეტული კუნძულების გადაცემის გამო, ეგვიპტის მთავრობა გააკრიტიკა.

ასევე, დაპატიმრებულ იქნა სამი ანანი – ეგვიპტის ეროვნული არმიის შტაბის ყოფილი ხელმღვანელი, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა საკუთარ სურვილს, მონაწილეობა მიეღო 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიდეოში ის მოუწოდებდა სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებებს, შეენარჩუნებინათ ნეიტრალური დამოკიდებულება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და არ დაეკავებინათ იმ პრეზიდენტის მხარე, რომელიც თანამდებობას რამდენიმე თვეში დატოვებდა.

ამას გარდა, 2018 წლის ივლისში ლიბანელ ტურისტს – მონა ელ-მაზბოჰის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის მიზეზი გახდა მის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე  ატვირთული ვიდეო, სადაც ის ჩიოდა სექსუალური შევიწროების, ქურდობისა და ქვეყანაში არსებული ცუდი რესტორნების სერვისის გამო. ის დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ჭორების მიზანმიმართული გავრცელების, რელიგიის შეურაცხყოფის და საჯარო უზნეობის“ ბრალდებებისთვის.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt; 13 March 2019; available at

[accessed 10 July 2019]

[2] Human Rights Watch – World Report 2019 – Egypt; published 17/01/2018; available at

[accessed 11 July 2019]

[3] Frontline Defenders – Case of Mohamed Ibrahim; available at https://www.frontlinedefenders.org/en/case/mohamed-ibrahim-detained [accessed 11 July 2019]

[4] Freedom House  – Freedom on the Net 2018 – Egypt; published 1 November 2018; available at

[accessed 12 July 2019]