დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივლისი, 2019

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებები ნორვეგიის მთავრობის შუამავლობით ბარბადოსის კუნძულზე იმართება. როგორც მოსალოდნელია, მხარეები სხვადასხვა თემაზე იმსჯელებენ. მადურო აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ბოლო მოლაპარაკებები მაისში გაიმართა, თუმცა საბოლოოდ ჩაიშალა. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.[1]

თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-დე პირის დაკავების ორდერი გაიცა – სტამბოლის პროკურატურამ 176 სამხედრო პირის დაკავებაზე ორდერი გასცა, მათ შორის არიან: 100 ლეიტენანტი, პოლკოვნიკები, ორი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, 7 კაპიტანი და ა.შ. პროკურატურის განცხადებით, ასევე ნაბრძანებია 20 სამხედროს დაკავება, რომელიც ახლაც ასრულებს მოვალეობას, ასევე 6 ყოფილი სამხედროს და 10 სამოქალაქო პირის დაკავება.[2]

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 33 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა – მსჯავრდებულთა შორის ერთი გენერალია. 33 პატიმრიდან 8 სასჯელს განსაკუთრებულად მძიმე პირობებში მოიხდის. ვერდიქტის თანახმად, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ბრალდებულებს არც შეწყალება შეეხებათ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზებაში ანკარა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.[3]

ვითარება ავღანეთში – სულ მცირე 5 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული – ავღანეთში ქორწილში ბავშვმა თავი აიფეთქა. მოზარდმა ბიჭმა ასაფეთქებელი მოწყობილობა პაჩერაგამის ოლქში, მთავრობის მომხრე პოლიციის მეთაურის სახლში აამოქმედა. თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს თალიბანი. ამავე რეგიონში საკმაოდ აქტიურია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთაც. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.[4]

ბადღისის პროვინციაში სასტუმროზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა და 9, მათ შორის 2 ბავშვი დაიჭრა. ადგილობრივი დროით 12:40 წუთზე შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფი სასტუმროში შევარდა და ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველებმა სამი თავდამსხმელიდან ორის ლიკვიდირება შეძლეს, მესამის დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა თალიბანმა აიღო.[5]

ტერაქტი სომალიში – კისმაიოში მდებარე სასტუმროზე თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი, 3 კენიელი, 3 ტანზანიელი, 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელია. შენობაში ჯერ დანაღმული მანქანით თვითმკვლელი ტერორისტი შევარდა, შემდეგ კი შეიარაღებული თავდამსხმელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.[6]

[1] BBC; Venezuela’s Maduro optimistic as crisis talks resume; 9 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48904193

[2] Al Jazeera; Turkey seeks to arrest hundreds over alleged Gulen links; 9 July, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/07/turkey-seeks-arrest-hundreds-alleged-gulen-links-190709064713175.html

[3] Anadolu Agency; Turkey: 33 sentenced for life after coup attempt; 10 July, 2019; available at: https://www.aa.com.tr/en/turkey/turkey-33-sentenced-for-life-after-coup-attempt/1527954?fbclid=IwAR0laaVTVMNaeZF4Qy7Zd89nzNh8M3C9DBIVhbeswREC_TlIxwpYvl5h9LY

[4] BBC; Afghanistan war: child used in suicide attack; 12 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-48960149

[5] Ariana News; Taliban storm hotel in Badghis; clashes underway; 13 July, 2019; available at: https://ariananews.af/taliban-storm-hotel-in-badghis-clashes-underway/

[6] BBC; Kismayo attack: At least 26 dead as gunmen storm Somali hotel; 14 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48969781